ნუშის ბაღის გაშენება

0
988

კაკლოვანი კულტურების პროდუქცია მიეკუთვნება იმ იშვიათ სახეობას, რომლის ფასები მსოფლიო ბაზარზე ზრდის სტაბილური ტენდენციით ხასიათდება. პერმანენტულად იზრდება ფასები ბერძნულ კაკალზე, თხილზე, პეკანზე, გინკორზე, ნუშზე, მაკადამიაზე, ბრაზილიურ თხილზე, ფსტაზე, კაშევზე და სხვ. განსაკუთრებით შთამბეჭდავია ამ პროდუქციაზე სტაბილური მოთხოვნა და ფასების სტაბილური ზრდა ევროკავშირის ქვეყნებში, მაგ.: 1 კგ ბრაზილიური თხილის და მაკადამიას ფასმა უკვე 35 ევროს გადააჭარბა. ნუშის კულტურა ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე 4 ათასი წლის წინ ფინიკიელების წყაროებში არის აღწერილი, როგორც “მაგიდის დამამშვენებელი” ხილი. პირველად ევროპის ქვეყნებს შორის ნუში საბერძნეთში შეიტანეს აზიის ქვეყნებიდან. ბერძენი მეცნიერი ატენეა აღნიშნავდა, რომ “იუპიტერის რკო და მბრწყინავი ნუში ჩვენთან შემოჰქონდათ მცირე აზიის ჩრდილოეთი ნაწილის მცხოვრებლებს – პაფლაგონელებს”. ნუშის შეტანა საბერძნეთში უკავშირდება ისტორიამდელ ხანას, რასაც ადასტურებს ფესალიაში არქეოლოგიური გათხრების შედეგად ხეხილოვანი კულტურებიდან აღმოჩენილი მწარე ნუში. ძველ ათინელებს კი ნუშის ხე, როგორც ყველაზე ადრე მოყვავილე მცენარე, მიჩნეული ჰქონდათ ნაყოფიერების სიმბოლოდ და სხვა “მცენარეულ და ცხოველურ ღმერთთა” შორის ნუშის ხესაც აღმერთებდნენ. ამავე პერიოდში, ვინაიდან ნუშზე მოთხოვნილება ძალიან გაიზარდა, იგი გავრცელდა ალჟირში, ტუნისში, მაროკოში, ხოლო მე-9 საუკუნეში ნუშის კულტურა, როგორც “აღმოსავლეთის კაკლის ხე”, ცნობილი გახდა ბრიტანელებისთვის. რაც შეეხება თანამედროვე პირობებს, ნუშის კულტურა ამჟამად სამრეწველო ბაღების სახით გავრცელებულია სამხრეთ ესპანეთში, პორტუგალიაში, იტალიაში, საბერძნეთში და ხმელთაშუა ზღვის კუნძულებზე – კორსიკაზე, სარდინიაში, სიცილიაზე, კიპროსზე, კრიტოსზე, საბერძნეთის არქიპელაგის კუნძულებზე და ამერიკაში კი – კალიფორნიაში. საქართველოში ნუშის კულტურა ფართოდ ყოფილა გავრცელებული ძირითადად, სამხრეთ და დასავლეთ საქართველოს მთისწინეთში, როგორც საოჯახო ხე-მცენარე, რომელიც თითქმის ყველა ეზოში ჰქონდათ დარგული. ვახუშტი ბაგრატიონის ნაშრომში – “აღწერა სამეფოსა საქართველოსა” სხვა ხილთან ერთად ნუშიც არის მოხსენიებული: “ხოლო ხილი წალკოტთა მრავალნი, ნარინჯი, თურინჯი, ლიმონი, ზეთის ხილი, ბროწეული, ყურძენი, ვაშლატამი, ყაისი, ჭერამი, ალუჩა, ტყემალი, ნუში, უნაბი, თუთა, ხართუთა, ბუსტუღი (ფსტა), ქლიავი მრავალგვარი, ლეღვი. . .” მე-13 საუკუნეში “წიგნი სააქიმოის” ფურცლებზე, სხვადასხვა სახის მრავალი დაავადების საწინააღმდეგო წამლის გვერდით, დასახელებულია როგორც თვით ნუში, ასევე მისი ზეთიც. მაგალითად, თირკმლის ტკივილის, ყურის დაავადების, შარდსადენი გზების, კანისა და სხვა დაავადებების მკურნალობისთვის. ნუშის (Prunus dulcis) კულტურა ქართულ უძველეს ისტორიოგრაფიულ წყაროებში მოხსენიებულია ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე სამი ათასი წლის წინ, მნიშვნელოვანია ამ კულტურის ნაყოფების მაღალი სასაქონლო, სამეურნეო, კომერციული და კვებითი ღირებულებები, რაც კიდევ უფრო აქტუალურს ხდის ამ კულტურის გაშენების მიზანშეწონილობას.

სახელმძღვანელო იხილეთ მითითებულ ბმულზე:  http://srca.gov.ge/files/%E1%83%9C%E1%83%A3%E1%83%A8%E1%83%98.pdf

კომენტარები გამორთულია