„ჯიპიაი ჰოლდინგი“ დასაქმების მასშტაბურ ფორუმს მოაწყობს

0
208

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ ზაზა სოფრომაძემ და „ჯიპიაი ჰოლდინგის“ გენერალურმა დირექტორმა პაატა ლომაძემ „ჯიპიაი ჰოლდინგის“ კიდევ ერთი მასშტაბური დასაქმების ფორუმის შესახებ პრესკონფერენცია გამართეს.
სადაზღვევო კომპანია „ჯიპიაი ჰოლდინგი“ დასაქმების მასშტაბურ პროგრამას წელსაც აცხადებს და პროექტის ფარგლებში 300 საცალო გაყიდვების სპეციალისტის აყვანას გეგმავს. ამჯერად დასაქმების პროგრამა თბილისის გარდა რეგიონებსაც მოიცავს. დასაქმების კვირეული 20 თებერვალს დაიწყება და ფორუმები საქართველოს 5 ქალაქში ჩატარდება – ბათუმი, ქუთაისი, ფოთი, ზუგდიდი, თბილისი.
ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, ასაკობრივი შეზღუდვის, სამუშაო გამოცდილების და სპეციფიკური განათლების მოთხოვნის გარეშე, აქვს შესაძლებლობა გახდეს „ჯიპიაი ჰოლდინგის“ პროფესიონალთა გუნდის წევრი. პროექტის ფარგლებში კომპანია შერჩეულ კანდიდატებს გადამზადების უფასო პროგრამას და სწავლების პირველივე დღიდან ანაზღუარებად სამსახურს სთავაზობს. სწავლების პროცესში ანაზღაურება 400 ლარს შეადგენს და მუდმივად მზარდია, გაყიდვების სპეციალისტის გამოცდილებიდან და პორტფელიდან გამომდინარე.
ჯანდაცვის სამინისტრო უზრუნველყოფს „ჯიპიაი ჰოლდინგი“-ს მიერ მოთხოვნილი კვალიფიკაციის შესაბამისი შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემაში (www.worknet.gov.ge) რეგისტრირებული სამუშაოს მაძიებლების შერჩევას და შერჩეული კანდიდატების „ჯიპიაი ჰოლდინგი“-სათვის გაგზავნას.
სამინისტროს ამოცანაა სოციალური მომსახურების სააგენტოს შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემაში (www.worknet.gov.ge) რეგისტრირებული სამუშაოს მაძიებლების სტაჟირებისა და დასაქმების ხელშეწყობა.
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტო 2013 წლიდან აქტიურად მუშაობს ქვეყანაში დასაქმების ხელშეწყობის სერვისების მიწოდებაზე. ამ სერვისებიდან ერთ-ერთი მნიშვნელოვანია შრომის ბაზარზე არსებული სამუშაოს მაძიებლებისათვის და დამსაქმებლებისათვის საშუამავლო მომსახურების გაწევა.
დღეისათვის სოციალური მომსახურების სააგენტოს 51 685 სამუშაოს მაძიებელი ჰყავს დარეგისტრირებული მთელი საქართველოს მასშტაბით.
სახელმწიფოს მიზანია, ბიზნეს სექტორთან აქტიური თანამშრომლობის განვითარებით ხელი შეუწყოს სამუშაოს მაძიებლებს დასაქმებაში.

2016 წელს „ჯიპიაი ჰოლდინგმა“ მასშტაბური დასაქმების ფორუმი უკვე გამართა. პროექტის ფარგლებში კომპანიამ 200 ადამიანი აიყვანა, რომლებიც წარმატებით აგრძელებენ კარიერას ჯიპიაი ჰოლდინგში.
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ დასაქმების ფორუმები ჩატარდება:
ქუთაისი – 20 თებერვალი
ფოთი და ზუგდიდი – 21 თებერვალი
ბათუმი – 22 თებერვალი
თბილისი – 24-25 თებერვალი (საგამოფენო ცენტრ „ექსპო-ჯორჯიას“ მე-3 პავილიონში. მის: წერეთლის გამზ. 118. დასაქმების მსურველები უნდა მობრძანდნენ 10:00-დან 18:00 სთ-მდე).
#ჯანდაცვა2017

კომენტარები გამორთულია