თერძი გოგო რუსთავიდან

0
11593

ორი ძმის ერთი, შუათანა და – ერთი შეხედვით ხორბლისფერი, ცისფერთვალა, ნაზი გოგო -აივნიდან ძმების „მაყურებელი“ მათ „დასაცავად“ მუშტიკრივს არასდროს შეუშინებია…

სკოლაში არც ბეჯითი ყოფილა და არც უდისციპლინო, მორჩილი და წყნარი ბავშვი იყო… ხატვაზე დედამ უმცროს ძმასთან ერთად მერვე კლასში მიიყვანა… ცოტა ხანში მიხვდა, რომ მხოლოდ ხატვის სიყვარული და შესაძლებლობა აკადემიის სტუდენტობისთვის საკმარისი არ იყო. მაქსიმალური მონდომებით მალევე აუღო ალღო ერონული გამოცდებისთვის მოსამზადებელ პროგრამას და სამხატრო აკადემიის თეატრის მხატვრობის მიმართულების სტუდენტი გახდა. თუმცა დაფინანსება ვერ მოიპოვა…

აქ იწყება მისი ძალიან საინტერესო, წარმატებული, მაგრამ პრობლემებით სავსე სტუდენტური გზა, რუსთავი – თბილისი – რუსთავი.

მცირე ფინანსური შესაძლებლობების მქონე ოჯახისთვის პირველი კურსის გადასახადი იმდენად მძიმე ტვირთი აღმოჩნდა, რომ მეორე კურსის საფასურის გადახდაზე ოცნებაც კი წარმოუდგენელი იყო. ყოველდღიური გზის ფული… რუსთავი-თბილისის სამარშუტო ტაქსი – გმირთა მოედნის მიწისქვეშა გადასასვლელი და ფეხით გავლილი ფიქრის გორა – გზა სასწავლებლამდე და უკან ისევ ფიქრის გორა – მიწისქვეშა – გმირთა მოედანი-თბილისი-რუსთავის სამარშუტო ტაქსი.

რამდენი სტუდენტობის სტატუსის შეჩერების მომლოდინე ღამე გაუთენებია, მაგრამ არასდროს დანებებიაა იმ გასაჭირს, რაც თითქოს განგებ დასდევდა თან…

კეთილი ადამიანების მხარდაჭერითა და თანადგომით მაშინ, როცა მისი სტუდენტ-მეგობრები სარკის წინ უნივერსიტეტში თავისწარმოსაჩენ ტანისამოსს ირგებდნენ, ის ცარიელ აუდიტორიას ალაგებდა, საღამოს კი როდესაც ყველა გასართობად კლუბებსა და ბარ-რესტორნებში იფანტებოდა ის აკადემიის თოჯინების თეატრის თითისტოლა მსახიობებისთვის სამოსს კერავდა….

სწორედ აქ იღებს სათავეს მისი კარიერა, თოჯინების ჩაცმულობაზე ზრუნვის გარდა მსახიობობასაც ითავსებს და ბავშვების საყვარელ პერსონაჟებს მოძრაობაში ეხმარება… აქ იწყება „კონკიას“ როლიდან გამოსვლა… იწყება მივლინებები, რამდენიმე წარმატებული გასტროლი გერმანიაში, დაუვიწყარი ავსტრიული ტურნეები და ბევრი მხიარული თავგადასავალი…

მორიგი გასტროლიდან სამშობლოში დაბრუნებულს სამსახური დიდხანს არ უძებნია. რამდენიმე გასაუბრებაზე მისულმა აღმოაჩინა, რომ მხოლოდ ფოტოსურათით არჩევდნენ… მომხიბვლელმა გარეგნობამ  თავისი საქმე გააკეთა და ერთ-ერთ ცნობილ კომპანიაში კონსულტანტ მენეჯერად აიყვანეს. საუკეთესო წლები, საუკეთესო გუნდი და გარემო, მაგრამ არაფერი პროფესიული… მხოლოდ დიპლომი, რომელიც ძალიან დიდი შრომისა და ბრძოლის ფასად მოიპოვა… მიუხედავად იმისა, რომ თეატრში თოჯინებზე ზრუნვა არასდროს შეუწყვეტია, თავისი პროფესიისგან ძალიან შორს მდგომ სამსახურში კომფორტულად თავი დიდხანს ვეღარ იგრძნო და ახლის ძიებას შეუდგა… არც აქ გასჭირვებიაა … ისევ კარგი გუნდი, ისევ საუკეთესო გარემო და რაც მთავარია, საქმე რომელიც ძალიან უყვარს და  მისია…

უპრეტენზიო, თავმდაბალი  და ჭიანჭველასავით მშრომელი დილიდან გვიან ღამემდე შრომობს და ქმნის პოზიტიურ განწყობას… განწყობას, რომელსაც ადამიანები ატარებენ…

გაიცანით Ne Ne (ელენე ფერაძე) – თერძი გოგო რუსთავიდან.

(C) Telegraph.ge

კომენტარები გამორთულია