ჰაკერებმა „გურია ნიუსის” ვებგვერდი გატეხეს და მასზე არსებული ყველა ინფორმაცია წაშალეს

0
280

„მედიასახლი “გურია NEWS“ ოფიციალურად აცხადებს, რომ 21 თებერვალს, გამთენიისას, ჰაკერებმა გატეხეს “გურია ნიუსის” ვებგვერდი, წაშალეს ყველა ინფორმაცია და ბაზები.

„ჰაკერშტევა მედიასაშუალების წინააღმდეგ ერთ კვირაზე მეტია მიმდინარეობს და ვცდილობდით საკუთარი ძალებით, რაც ჩვენს შეზღუდულ ფინანსურ და ტექნიკურ შესაძლებლობას შეეფერება, გავმკლავებოდით; მაგრამ “გურია ნიუსის“ ინტერნეტრესურსის განადგურების სურვილი, ძალისხმევა იმდენად დიდი იყო, რომ დაინტერესებული პირების თუ ჯგუფის მასირებული შეტევა ბაზების, ინფორმაციის, ვების სტრუქტურის განადგურებით დასრულდა.
მცირე რესურსების მქონე მედიასაშუალებისთვის, რომელიც უკვე 25 წელზე მეტია, თავდაუზოგავი შრომით, თავგანწირვით, პროფესიული ერთგულებით, თეთრ-თეთრ შეგროვებული საკუთარი და არა რომელიმე პოლიტიკური ძალის სახსრებით ცდილობს შემორჩეს მედიაბაზარს, ეს დიდი დარტყმაა, რომელიც ყოფნა-არყოფნის ზღვარზე გვაყენებს!
“გურია ნიუსი“ მიმართავს ყველა სამართალდამცავ, სახელმწიფო სტრუქტურას, პირველ რიგში, კიბერუსაფრთხოების სამსახურს, ვისაც ევალება ამგვარი დანაშაულის პრევენცია, გამოძიება, ერთხელ მაინც ამ ქვეყანაში უზრუნველყონ უსაფრთხოების, სამუშაო გარემოს, საკუთრების დაცვის, მედიის განვითარების ფუნდამენტური უფლებები და გამიძიონ მომხდარი დანაშაული!
“გურია ნიუსის“ ყველა თანამშრომელი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ მკითხველ აუდიტორიას, რომელიც ყველაზე ძვირფასია ჩვენთვის, მაქსიმალურად მოკლე დროში დავუბრუნდეთ – პირობას ვაძლევთ მტრებსაც და მოყვრებსაც, რომ ჩვენ აუცილებლად ვიცოცხლებთ, რათა სიმართლეს, ჩვენს პროფესიას, საქართველოს ღირსეულ მომავალს ისევ ვემსახუროთ!” – ნათქვამია განცხადებაში, რომელიც „მედიასახლი “გურია NEWS“-მა გაავრცელა.

„ტელეგრაფი ქვემო ქართლიდან” სოლიდარობას უცხადებს კოლეგებს.

კომენტარები გამორთულია