როდიდან შეძლებენ საქართველოს მოქალაქეები უვიზო მიმოსვლას შენგენის წევრ ქვეყნებში

0
227

მარტის ბოლოდან საქართველოს მოქალაქეები შეძლებენ, ისარგებლონ მოკლევადიანი უვიზო მიმოსვლით შენგენის წევრ ქვეყნებთან,–ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილისა და მიგრაციის, საშინაო საქმეთა და მოქალაქეობის საკითხებში ევროკომისარ დიმიტრის ავრამოპულოსის შეხვედრაზე აღინიშნა.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხები განიხილეს და ხაზი გაუსვეს  უვიზო მიმოსვლის ამოქმედების მნიშვნელობას საქართველოს ევროპასთან დაახლოების კუთხით.

ევროკომისარმა კიდევ ერთხელ აღნიშნა საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი ყველა მიმართულებით და განაცხადა რომსაქართველოს მთავრობის ძალისხმევით  გატარდა მნიშვნელოვანი რეფორმები, რასაც სათანადოდ აფასებს ევროკავშირი.

გიორგი კვირიკაშვილმა მადლობა გადაუხადა დიმიტრის ავრამოპულოსს საქართველო-ევროკავშირის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესში პირადი ძალისხმევისთვის.

პრემიერ–მინისტრმა და ევროკომისარმა ისაუბრეს საქართველოს ევროინტეგრაციის დღის წესრიგთან დაკავშირებულ საკითხებზე, მიგრაციისა და უსაფრთხოების სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე. გამოთქვა იმედი, რომ ევროკავშირის მხარდაჭერით საქართველო გააგრძელებს წარმატებულ რეფორმებს.

შეხვედრას საქართველოს მხრიდან  სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ვიქტორ დოლიძე,  პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საგარეო ურთიერთობების საკითხებში თედო ჯაფარიძე,საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი დაესწრნენ.

 

კომენტარები გამორთულია