კერძო მესაკუთრე ქალაქის მთავარ გამზირზე მდებარე რეკრეაციული ზონისთვის სტატუსის შეცვლას გეგმავს

0
1634

კერძო მესაკუთრე ქალაქის მთავარ გამზირთან მდებარე რეკრეაციული ზონისთვის სტატუსის შეცვლას გეგმავს. საუბარია კოსტავას გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე, რომელიც იყიდება. ამის შესახებ განცხადება ინტერნეტ გვერდ myhome.ge-ზე დევს. როგორც განცხადებიდან ირკვევა, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი 480 ათას დოლარად არის შეფასებული.

ტელეგრაფის ინფორმაციით აღნიშნული ტერიტორია რომლის საერთო ფართი 3283 კვ.მ შეადგენს, 2012 წლის 13 იანვარს რუსთავის მერიის მიერ ჩატარებული აუქციონის შედეგად 30 578 ლარად გაიყიდა. მესაკუთრე კი იმავე ტერიტორიას ამ ეტაპზე თითქმის ნახევარ მილიონ დოლარად ასხვისებს.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ტერიტორია რეკრეაციულ ზონა №1-ში მდებარეობს, რაც გამწვანებულ ტერიტორიას გულისხმობს და იქ ყოველგვარი მშენებლობა დაუშვებელია, გარდა: განათების, სარწყავი სისტემის, სარეკლამო ბილბორდის და დეკორატიული გაფორმების ობიექტის.

როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, მეპატრონემ რეკრეაციული ზონის მოხსნის მოთხოვნით, რუსთავის მერიას უკვე მიმართა. არქიტექტურის სამსახურში აცხადებენ, რომ აღნიშნული ტერიტორიისთვის სტატუსის შეცვლა რიგ პროცედურებს მოითხოვს. პირველ ეტაპზე მესაკუთრემ რეკრეაციული ზონის სტატუსის მოხსნასთან დაკავშირებით დასაბუთებული განცხადება უნდა წარმოადგინოს. შემდეგ, განცხადებას განაშენიანების სპეციალური კომისია განიხილავს, რის შემდეგაც დასტური ეკონომიკის სამინისტრომ უნდა მისცეს, სამინისტროს შემდეგ კი გადაწყვეტილებას რუსთავის საკრებულო მიიღებს.

აღსანიშნავია რომ ზემოთ აღნიშნულ ტერიტორიაზე, წლების წინ შოთა რუსთაველის ძეგლი იყო განთავსებული. ამ ეტაპზე კი იქ რამდენიმე ათ წლოვანი ხეა, რომელსაც სტატუსის შეცვლის შემთხვევაში მოჭრის საფრთხე დაემუქრება.

ნინო ბერიძე

რუსთავი

(C) Telegraph.ge

 

კომენტარები გამორთულია