რა ეღირება რუსთაველი სტუდენტებისთვის ავტობუსით მგზავრობა

0
8937
რამდენიმე დღის წინ, მედიით გავრცელებულ ინფორმაციას, რუსთავ-თბილისის მარშრუტზე ავტობუსების მოძრაობასთან დაკავშირებით, საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა. რუსთაველთა უმეტესობა იდეას დადებითად, სატრანსპორტო სფეროში მომუშავე ადამიანები კი სკეპტიკურად აფასებენ.
ტელეგრაფი რუსთავის მაჟორიტარ დეპუტატს, გიორგი ბეგაძეს დაუკავშირდა. დავინტერესდით რომელ სტრუქტურებთან მიმდინარეობს დ არა ეტაპზეა მოლაპარაკებები.
გიორგი ბეგაძე, საქართველოს პარლამენტის წევრი, რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი:
– მოლაპარაკებები მიმდინარეობს აქტიურ რეჟიმში ყველა იმ უწყებასთან, რომელსაც ეს საკითხი ეხება, შესაბამისად, ამ ეტაპზე ამ პროცესებში ყველა უწყება იმ დოზითაა ჩართული, რა დოზითაც ამის საჭიროება არსებობს.
– ბატონო გიორგი ვინ უზრუნველყოფს მომსახურებას, ტრანსპორტი იქნება მუნიციპალური თუ კერძო?
– ტრანსპორტი, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ არ იქნება კერძო.
– როდესაც განაცხადეთ, რომ სტუდენტები ისარგებლებენ იგივე შეღავათით როგორც სარგებლობენ თბილისში, რა იგულისხმეთ, თქვენი გათვლებით რა იქნება სტუდენტური ტარიფი?
– სტუდენტის სტატუსის მქონე ახალგაზრდები თბილისის საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ვგულისხმობ ავტობუსებს, სარგებლობენ 20 თეთრიანი ტარიფით. როდესაც ვთქვი, რომ სტუდენტები ისარგებლებენ იგივე შეღავათით, რითაც სარგებლობენ თბილისში, სწორედ ეს ვიგულისხმე. მნიშვნელოვანია, რომ ორ ქალაქს შორის არსებობდეს სატრანსპორტო მომსახურეობა თანამედროვე ავტობუსებით და სტუდენტები სარგებლობდნენ შეღავათიანი ტარიფით, რომ უფრო მეტად ხელმისაწვდომი იყოს მათთვის განათლების მიღება.
– მაინც ჩაგეკითხებით, სტუდენტური ტარიფი იქნება 20 თეთრი?
– დიახ. ჩვენ ეს ტარიფი გვინდა.
ტელეგრაფი რუსთავ-თბილისის მარშრუტზე მომუშავე მიკროავტობუსის მძღოლებს გაესაუბრა. მძღოლების ნაწილი აცხადებს, რომ დეპუტატის იდეა მათთვისაც მისასალმებელია, ვინაიდან მათაც ჰყავთ სტუდენტი შვილები, თუმცა საკითხს ეჭვისთავლით უყურებენ და აცხადებენ: „დასახელებული ტარიფით შეუძლებელია სატრანსპორტო კომპანიამ არსებობა შეძლოს. ამის შესაძლებლობა მხოლოდ ბიუჯეტიდან სუფსიდირებით იქნება შესაძლებელი. იგივეს გაკეთება და სტუდენტური ტარიფის შემოღება მიკროავტობუსებშიც შეიძლება. ჩვენც გავანახევრებთ ტარიფს, თუ ბიუჯეტიდან გადაგვიხდიან და სატრანსპორტო კომპანია გეგმებს დაგვიწევს”.
რას ფიქრობენ ადგილობრივ თვითმართველობაში, სადაც ჯერ შიდა საქალაქო ავტობუსების შეძენა დგას დღის წესრიგში, არიან თუ არა დეპუტატის მიერ წარმოებულ მოლაპარაკებებში ჩართულები, ამაზე ჯერ-ჯერობით პასუხი ვერ მივიღეთ. თემას მივუბრუნდებით და უახლოეს დღეებში შემოგთავაზებთ აღმასრულებელთა პოზიციებს.
(ფოტოზე ასახული ტრანსპორტი შერჩეულია თემატურად და არ არის პირდაპირ კავშირში მასალასთან)

რუსთავი

(C) Telegraph.ge

 

კომენტარები გამორთულია