2017 წლის იანვარში ეკონომიკურმა ზრდამ 5.2 %, შეადგინა

0
634

„2017 წლის იანვარში ეკონომიკურმა ზრდამ  5.2 %, შეადგინა, რაც ბოლო პერიოდის განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია“ – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების  მინისტრის მოადგილემ, ნინო ჯავახაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, თვეების ჭრილში ამაზე მაღალი მაჩვენებელი მხოლოდ 2014 წლის იანვარში დაფიქსირდა.

„თუ ეკონომიკურ ზრდას დარგობრივ ჭრილში შევხედავთ,  ზრდა დაფიქსირდა ისეთ სექტორებში,  როგორიც არის მეტალურგია, საკვები პროდუქტებისა და სასმელების წარმოება, ქიმიური მრეწველობა, სასტუმროები და რესტორნები და ასე შემდეგ. როგორც ვიცით, 2017 წლის იანვარში ასევე ძალიან დიდი ზრდა იყო ექსპორტში, რაც  საგარეო არხებით დადებითად გადაეცემა საქართველოს ეკონომიკას და ესეც ეკონომიკური ზრდის განმსაზღვრელი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია“ – განუცხადა მედიის წარმომადგენლებს ნინო ჯავახაძემ.

მინისტრის მოადგილის ინფორმაციით,  მნიშვნელოვანი ზრდა არის ასევე დაფიქსირებული ფულად გზავნილებში, რაც 26.1%-ს შეადგენს. ასევე  მნიშვნელოვანი ზრდა გვაქვს უცხოელი ვიზიტორების თვალსაზრისითაც, სადაც ზრდა 19.8 %- ია.

 

„ცალკე აღნიშვნის ღირსია ის შიდა ფაქტორები, რომლებიც დადებით  გავლენას ახდენენ ეკონომიკურ ზრდაზე. კერძოდ, გაზრდილი გვაქვს სახელმწიფოს კაპიტალური დანახარჯები, რაც დაკავშირებულია მთავრობის 4 პუნქტიანი გეგმის ფარგლებში დაჩქარებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებთან. ზოგადად, რეგიონშიც უკვე ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით მდგომარეობა ნელ-ნელა უმჯობესდება, რაც იმედის საფუძველს გვაძლევს, რომ ამ არხებით საქართველოს ეკონომიკურ ზრდაზე და განვითარებაზე დადებითი გავლენა იქნება შემდგომი თვეების განმავლობაშიც“ – აღნიშნა ნინო ჯავახაძემ.

 ინფორმაციისთვის:

  • 2%-იანი ეკონომიკური ზრდა ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია 2012 წლის შემდეგ ყველა შესაბამისი პერიოდის ზრდის მაჩვენებლებს შორის. აღნიშნულზე მაღალი ზრდა მხოლოდ 2014 წლის იანვარში დაფიქსირდა (7.8%)
  • მაღალი ეკონომიკური ზრდა მნიშვნელოვანწილად განაპირობა საქართველოს საგარეო ვაჭრობის გაუმჯობესებულმა მონაცემებმა. შეგახსენებთ, რომ 2017 წლის იანვარში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტი 45%-ით გაიზარდა 2016 წლის იანვრის მაჩვენებელთან შედარებით.
  • აღნიშნული ზრდის ძირითადი მიზეზი არის მეტალურგიული პროდუქციის, მინერალური და ქიმიური, ასევე აზოტოვანი სასუქების ექსპორტის ზრდა. გაზრდილია საკვები პროდუქტების და სასმელების ექსპორტიც.
  • გარდა საერთაშორისო ვაჭრობის მონაცემებისა, 2017 წლის იანვარში გაუმჯობესდა ზრდის ხელშემწყობი სხვა ფაქტორებიც, მათ შორის:
    • 26.1%-ით გაიზარდა ფულადი გზავნილების მაჩვენებელი და მისმა მოცულობამ 226.7 მლნ. ლარი შეადგინა, რაც შიდა მოთხოვნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია.
    • 19.8%-ით გაიზარდა საერთაშორისო მოგზაურების (ვიზიტორების) რაოდენობა საქართველოში, მათმა რიცხვმა 387 070 შეადგინა. მათ შორის 32.4%-ით გაიზარდა ტურისტების რიცხვი (24 საათი და მეტი).
  • ეკონომიკურ ზრდაში მნიშვნელოვან როლს  ასრულებს ასევე სახელმწიფოს კაპიტალური დანახარჯების ზრდა, რაც 4-პუნქტიანი გეგმის ფარგლებში ინფრასტრუქტურული პროექტების დაჩქარებას უკავშირდება.
  • აღსანიშნავია, რომ 2017 წლის იანვარში  საქართველოში რეგისტრირებულ საწარმოთა ბრუნვა (რომლებზე დაკვირვებაც ხდება ეკონომიკური ზრდის შესაფასებლად) გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით გაზრდილია 20.7%-ით, რაც 13%-ული პუნქტით აღემატება წინა წლის იანვარში დაფიქსირებულ ზრდის მაჩვენებელს (7.7%)
  • 2017 წლის იანვარში დარეგისტრირდა 3 625 ახალი საწარმო, რაც ნიშნავს, რომ ახლად დარეგისტრირებულ საწარმოთა რაოდენობა გაზრდილია 33%-ით წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

NO COMMENTS