73 აღიარებული ორგანიზაციიდან, დაფინანსება 60-მდე ფედერაციამ მოიპოვა

0
229

აღიარებისა და დაფინანსების საბჭომ სპორტულ ორგანიზაციებს 2017 წლის ბიუჯეტი განუსაზღვრა

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის ტარიელ ხეჩიკაშვილის ხელმძღვანელობით სპორტული ორგანიზაციების აღიარებისა და დაფინანსების საბჭოს სხდომა გაიმართა. სხდომაზე განიხილეს  და დაამტკიცეს სპორტული ორგანიზაციების 2017 წლის ბიუჯეტი. 73 აღიარებული ორგანიზაციიდან, დაფინანსება 60-მდე ფედერაციამ მოიპოვა. შეხვედრაზე ისაუბრეს სპორტული ორგანიზაციების საქმიანობის მონიტორინგზე, სამომავლოდ განსახორციელებელ პროექტებზე, პრიორიტეტულ მიმართულებებზე. საბჭოს სხდომას ესწრებოდნენ  – მინისტრის მოადგილეები აკაკი ლოდია და შალვა გოგოლაძე, ოლიმპიური კომიტეტის პირველი ვიცე პრეზიდენტი ელგუჯა ბერიშვილი და გენერალური მდივანი ემზარ ზენაიშვილი, პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილი და საბჭოს სხვა წევრები.

ტარიელ ხეჩიკაშვილი (სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი): „კონსტრუქციული და საქმიანი შეხვედრა შედგა, სადაც არაერთი მნიშვნელოვანი საკითხი განვიხილეთ. საინტერესო იყო როგორც საბჭოს ახალი, ასევე ძველი გამოცდილი წევრების მოსაზრებები, რომლებმაც დიდი გამოცდილება დაუგროვდათ ქართულ სპორტში მუშაობის. ამ საბჭოს ფორმატით მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს მივიღებთ არამარტო დაფინანსების თვალსაზირისით, არამედ ზოგადად სპორტის განვითარების კუთხით. შევთანხმდით, რომ გარდა სახელმწიფოს დაფინანსებისა ყველა ფედერაციაში არის იმის რესურსი რომ კერძო ინვესტიციაც მოიზიდონ – სპონსორების, ასევე ერთობლივი შეკრებების კუთხით. ჩვენი მთავარი მიზანი პროფესიული სპორტის განვითარებასთან ერთად მასობირივ სპორტის ხელშეწყობაა. პრიორიტეტული მიმართულებაა სპორტული ტურიზმი და საერთაშორისო ტურნირების მიღება, ეს  საბჭო ამ საკითხებზეც აქტიურად იმუშავებს. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ჩვენი ქვეყანა ამ მიმართულებით რეგიონის ლიდერი გახდეს“.

მიხეილ ყაველაშვილი (პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე):“ პირველად დავესწარი ამ საბჭოს სხდომას. აუცილებელია და ძალიან მნიშვნელოვანი ის კომუნიკაცია, რომელიც ამ საბჭოს ფორმატში მიმდინარეობს. სამინისტრომ აქტიურად იმუშავა დაფინასების საკითხზე, მათ ჰქონდათ მუდმივი კონტაქტი ფედერაციებთან, ზოგიერთს გაეზარდა დაფინანსება, ზოგს იგივე დარჩა და ზოგს შეუმცირდა, იმ კრიტერიუმებიდან გამომდინარე, რომელიც დაფინანსების წესს განსაზღვრავს. ვისაუბრეთ ფედერაციების საქმიანობის მონიტორინგის შესახებ, იმ საკვანძო საკითხებზე, რომელიც ქართული სპორტის განვითარებას წაადგება“.

ელგუჯა ბერიშვილი (ოლიმპიური კომიტეტის პირველი ვიცე პრეზიდენტი):“ მნიშვნელოვანი შეხვდრა გამოვიდა, განსაკუთრებით ფედერაციებისთვის, რომელბიც ელოდებიან საბჭოს საბოლოო გადაწყვეტილებებს. ბუნებრივია ყველას აქვს ინტერესი განავითაროს თავისი სპორტის სახეობა. თუმცა, ამ შემთხვევაში საბჭო მოწოდებულია იმისთვის, რომ ობიექტურად მიიღოს საბოლოო დოკუმენტი იმ კრიტერიუმების გათვალისწინებით, რომელიც ჩვენ გვაქვს დებულების სახით გაწერილი. გვქონდა საუბარი, პოლემიკა, აზრთა სხვადასხვაობა, თუმცა შევჯერდით ძირითად კრიტერიუმებზე, რომელიც ჩემი აზრით მისაღები იქნება ჩვენი სპორტული ორგანიზაციებისთვის“.

სამინისტროს პრესსამსახური

კომენტარები გამორთულია