მამუკა ჩიქოვანს დეკლარაციაში პარლამენტში მიღებული ხელფასის მითითება გამორჩა

0
709

On.ge-მ საქართველოს პარლამენტიდან გამოითხოვა მერვე და მეცხრე მოწვევის პარლამენტარების ანაზღაურების შესახებ ინფორმაცია და შევსებულ დეკლარაციებში მითითებულ ინფორმაციას შეადარა. გამოცემის მიერ მომზადებული მასალით ირკვევა, რომ დეპუტატების ნაწილმა დეკლარაცია არასწორად შეავსო. ერთ-ერთი ასეთი, რუსთავის ყოფილი მერი, საპარლამენტო უმცირესობის – მოძრაობა თავისუფლებისთვის – ევროპული საქართველოს წევრი მამუკა ჩიქოვანია. ჩიქოვანმა დეკლარაციაში პარლამენტში მიღებული ხელფასის შესახებ ინფორმაცია არ მიუთითა.   „ალბათ გამომრჩა” – ასე განუმარტა ჩიქოვანმა გამოცემას ხელფასის არ მითითების მიზეზი.

ტელეგრაფი დაინტერესდა როგორ გამოიყურება რუსთაველი პარლამენტარის ქონებრივი დეკლარაცია, რომელშიც იმედია მხოლოდ სადეპუტატო ხელფასისი მითითება „გამორჩა”.

მამუკა ჩიქოვანმა პარლამენტის დეპუტატის რანგში ქონებრივი დეკლარაცია 13.01.2017 წელს შეავსო.

დეკლარაციის თანახმად დეპუტატი მშობლებთან, მეუღლესთან და ორ შვილთან ერთად ცხოვრობს. მის საკუთრებაშია, სახლი რუსთავში, დონეცკმეტალურგთა 9/9, ქუჩაზე – 150,00 კვ.მ ფართის, რომელიც 2006 წელს 11000,00USD შეიძინა.

დეპუტატის სახელზე ირიცხება  ქ.რუსთავი, ყოფილი სამხედრო ქალაქის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული 5700,00 კვ.მ ფართობის მიწა, რომელიც 2016 წელს 112000,00 ლარად შეიძინა.

ყოფილ მერს დეკლარაციაში მეუღლის საკუთრებაში არსებული კომერციული ფართი აქვს მითითებული. არსებული მონაცემებით, თამარ ჩიქოვანი რუსთავში, ხალხთა მეგობრობის გამზირზე 10 ნომერში, 173,00 კვ.მ – ი კომერციული ფართის 33.30% ფლობს. რომელიც 2014 წელს  15000,00USD შეიძინა. რა თქმა უნდა დეკლარაციაში მითითებული არ აქვს ყოფილ მერს, რომ აღნიშნულ ფართში, მისი მერობის დროს მწერალთა სახლი იყო განთავსებული და ის საზოგადო მოღვაწეებმა რეაბილიტაციის პირობით დატოვეს, თუმცა საბოლოოდ ქუჩაში აღმოჩნდნენ. მათი თქმით, ისინი ქალაქის მაშინდელმა ხელმძღვანელმა პირებმა მოატყუეს და საბოლოოდ არათუ გარემონტებული შენობა, ალტერნატიული ფართიც კი არ გამოუყვეს. მეგობრობის 10 ნომერში მდებარე მწერალთა სახლი რუსთავის თვითმმართველობამ 2008 წლის 10 ნოემბერს აუქციონზე 142 ათას 457 ლარად გაყიდა.

დეკლარაციის შევსების დროს მამუკა ჩიქოვანს ნაღდი ფულის სახით 26 000 ლარი, ხოლო მას და მის მეუღლეს სხვადასხვა საბანკო ანგარიშზე შემდეგი თანხები ერიცხებოდათ: მამუკა ჩიქოვანი “ლიბერთი ბანკი” სახელფასო 300,00 GEL (+) მამუკა ჩიქოვანი ,,თი–ბი–სი ბანკი” ოვერდრაფტი 2000,00 USD (+) მამუკა ჩიქოვანი “ლიბერთი ბანკი” ოვერდრაფტი 1600,00 GEL (+) მამუკა ჩიქოვანი ,,საქართველოს ბანკი” ოვერდრაფტი 2300,00 USD (+) მამუკა ჩიქოვანი ,,თი–ბი–სი ბანკი” საკრედიტო 5000,00 GEL (+) თამარი ჩიქოვანი რესპუბლიკა ბანკი სახელფასო 500,00 GEL (+) მამუკა ჩიქოვანი “საქართველოს ბანკი” საკრედიტო 10000,00 GEL (+)

დეპუტატი სამი საწარმოს პარტნიორია, თუმცა დეკლარაციის თანახმად მას არცერთი მათგანიდან 2016 წელს წილი არ მიუღია.

ჩიქოვანმა გასული წლის ოქტომბერში 19000,00 USD შემოსავალი მიიღო მიწის გაყიდვის შედეგად.

რაც შეეხება მისი და მისი ოჯახის წევრთა სახელფასო გრაფას ის ასე გამოიყურება: თამარ ჩიქოვანი – რუსთავის საქალაქო სასამართლო, თანაშემწე – 6075,00 ლარი, მამუკა ჩიქოვანი – 7200,00 ლარი, ერთიანი ნაცინალური მოძრაობა ქ. რუსთავის საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარის პოზიციიდან.

როგორც უკვე ავღნიშნეთ, დეპუტატს პარლამენტში მიღებული გასამრჯელოს დეკლარაციაში მითითება „ალბათ გამორჩა”.

 

კომენტარები გამორთულია