მწყობრიდან გამოსული ლიფტები – არჩევანი საფრთხის შემცველ გადაადგილებასა და ფიზიკურ დატვირთვას შორის

0
450

ლიფტების პრობლემა ერთ-ერთი საკითხია რომლის მოგვარებასაც რუსთაველი მოქალაქეები ბოლო პერიოდის განმავლობაში აქტიურად ითხოვენ.

ხშირ შემთხვევაში საცხოვრებელ კორპუსებში ისეთი ლიფტებია, რომლის გამოყენებაც საფრთხის შემცველია. ქალაქში ამ დრომდე ათეული წლების წინანდელი კონსტრუქციები ფუნქციონირებს, სწორედ ამიტომ მათი მწყობრიდან გამოსვლაც ხშირია. მოსახლეობა ამბობს, რომ მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურის გარდა ლიფტები ხშირად იჭედება. ასევე, არის შემთხვევები როდესაც რკინის ფულის ჩაგდებისას ლიფტი არ რეაგირებს.

ვინ არის პასუხისმგებელი საცხოვრებელ კორპუსებში არსებული ლიფტების უსაფრთხოებაზე და ვის უნდა მიმართოს მოსახლეობამ, თუკი მათ სადარბაზოში დაზიანებული ლიფტის აღდგენა სურთ.  რამდენად უფლებამოსილია მერიის სამსახური ლიფტების საკითხთან მიმართებაში. ამ კითხვებით რუსთავის კორპუსის ხელმძღვანელს ზვიად ლაბაძეს მივმართეთ.

სამსახურის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ამ ეტაპზე ქალაქში 5 დამოუკიდებელი კომპანიაა, რომელთაც ლიფტების პრობლემების მოგვარება ევალებათ. კერძო კომპანიებთან ხელშეკრულებას, კორპუსის თავმჯდომარეები  დებენ, სწორედ ეს კომპანიები უზრუნველყოფენ  ლიფტების გამართულ მუშაობას. ლაბაძე ამბობს, რომ  “რუსთავის კორპუსი” ამ ეტაპზე ქალაქში  არსებული ლიფტების შესახებ ინფორმაციის მოძიებას ახორციელებს, უკვე შექმნილია სპეციალური შტატიც რომელიც ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობს. ლაბაძს განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ ლიფტების საკითხი, ქალაქის კომპეტენციაში გადავა, მოხდება თანხების გამოყოფა, რაც არსებული პრობლემების მოგვარებას მოხმარდება. თუმცა, მისივე თქმით, ეს ძალიან რთული პროცესი იქნება.

ტელეგრაფი ასევე დაინტერესდა უმეტესად რა საკითხის მოგვარებას ითხოვენ ადგილობრივები და რა პრობლემებით მიმართავენ ლიფტის კომპანიებს. ჩვენ ლიფტების ერთ-ერთი კომპანიის ხელმძღვანელს, მიშა ელიაძეს დაუკავშირდით. ელიაძე ამბობს, რომ ყველაზე დიდი პრობლემა ლიფტების გახშირებული ძარცვაა. ბოლო პერიოდის განმავლობაში რამდენიმე ლიფტიდან რკინის ყუთები და ლიფტის ნაწილები მოიპარეს. მისივე ინფორმაციით ლიფტის გაფუჭებასთან დაკავშირებით, მოსახლეობა მათ ხშირად მიმართავთ. თუმცა, აღსანიშნავია რომ მოქალაქეების მიმართვის გარეშე კომპანიები მათ კონტროლს არ ახორციელებენ. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, მათი კომპეტენცია მხოლოდ მწყობრიდან გამოსული ლიფტების შეკეთებაა, რაც შეეხება უსაფრთხოებას და მონიტორინგს მათ ამაზე პასუხისმგებლობა არ აქვთ.

ლიფტების რეაბილიტაციის პროცესი ბოლოს 2012 წელს მოხდა, რის შემდეგაც მათი მოვლა მოსახლეობას დაევალა. სწორედ ამიტომ, მოსახლობამ ლიფტების მომსახურებასთან დაკავშირებით ხელშეკრულებები კერძო კომპანიებთან გააფორმეს.  კიდევ როდის მოხდება ლიფტების  შემდგომი რეაბილიტაცია, ან ახალი ლიფტებით ჩანაცვლება  ჯერჯერობით უცნობია. მანამდე კი მოსახლოებას მოუწევს არჩევანი გააკეთოს, მაღალ სართულზე ფეხით ასვლას და საფრთხის შემცველი ლიფტით გადაადგილებას შორის.

ნინო ბერიძე

რუსთავი

(C) Telegraph.ge

 

 

კომენტარები გამორთულია