საქართველოს მიმდინარე წლის ორ თვეში 755 080 საერთაშორისო მოგზაური ეწვია

0
175

„2017 წლის იანვარ-თებერვლის მონაცემებით, საქართველოს 755 080 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც 10.5%-ით (71 519)  მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით“ – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ქეთევან ბოჭორიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში იმ ტურისტების რიცხვმა, რომლებმაც  24 საათი და მეტი გაატარეს საქართველოში, 294 001 შეადგინა, რაც 24.3%-ით (57 417) მეტია  2016 წლის იანვარ-თებერვლის მაჩვენებელზე.

„ტურიზმი ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს  და არაერთი  სამთავრობა უწყებაა ჩართული  მისი განვითარების პროცესში. ყოველი ტურისტის შემოსვლა ჩვენს ქვეყანაში  პოზიტიურად მოქმედებს კერძო სექტორის  განვითარებაზე, დასაქმებასა და  შემოსავლების ზრდაზე.  ჩვენი ამოცანაა, რომ საქართველო   გახდეს ოთხსეზონიანი  ტურიზმის მიმართულება და სწორედ იანვარ- თებერვლის მაჩვენებლები   მიუთითებს იმაზე, რომ  საერთაშორისო ვიზიტორები და ტურისტები აქტიურად ინტერესდებიან საქართველოს ზამთრის  კურორტებით“ – განუცხადა მედიის წარმომადგენლებს ქეთევან ბოჭორიშვილმა.

მინისტრის მოადგილემ მადლობა გადაუხადა ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას,   საქართველოს აეროპორტების გაერთიანებას და   მთის კურორტების განვითარების კომპანიას, ასევე  რეგიონული განვითარებისა და  ინფრასტრუქტურის სამინისტროს და სხვა უწყებებს, რომლებიც კოორდინირებულად, აქტიურად მუშაობენ ტურიზმის ხელშეწყობისთვის. „სწორედ ამ უწყებების დამსახურებაა ის მნიშვნელოვანი ზრდა და ის ციფრები, რომლებიც დღეს ჩვენ გვაქვს ტურიზმში“ – აღნიშნა ქეთევან ბოჭორიშვილმა.

როგორც ბრიფინგზე ითქვა,  2017 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში ყველაზე მეტი ვიზიტი აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, თურქეთიდან, რუსეთიდან და უკრაინიდან განხორციელდა.

ქეთევან ბოჭორიშვილის ინფორმაციით, პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით, იანვარ-თებერვალში გამოირჩეოდნენ:  გერმანია (+35%), პოლონეთი (+30%),  ბულგარეთი (+29%) და საფრანგეთი (+19%). ასევე ზრდა ფიქსირდება გაერთიანებული სამეფოდანაც (+26%).

განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდან: ირანი (+438%), უზბეკეთი (+211%), ინდოეთი (+129%), ისრაელი (+65%), ჩინეთი (+38%) და რუსეთი (+36%).

მინისტრის მოადგილემ მედიის წარმომადგენლებთან 2017 წლის თებერვლის თვის მონაცემებზეც ისაუბრა. მისი განცხადებით,  საქართველოს თებერვალში 368,010 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც 7,608-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (ზრდა +2.1%). მიმდინარე წლის თებერვალში იმ ტურისტების რიცხვმა, რომლებმაც 24 საათი და მეტი დაჰყვეს საქართველოში, 139,918 შეადგინა, რაც 19,703-ით მეტია 2016 წლის თებერვლის მაჩვენებელზე (ზრდა +16.4%).

2017 წლის თებერვალში ყველაზე მეტი ვიზიტი აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, თურქეთიდან, რუსეთიდან და უკრაინიდან განხორციელდა.

პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით, თებერვალში გამოირჩეოდნენ: გერმანია +39%, პოლონეთი +34%, და ბულგარეთი +26%. განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდან ირანი +321%, უზბეკეთი +196%, ინდოეთი +108%, ისრაელი +49% და რუსეთი +31%. ასევე მნიშვნელოვანი ზრდაა გაერთიანებული სამეფონაც +29%.

„ეს ყველაფერი არის სწორი მარკეტინგული  კამპანიის შედეგი, რომელსაც ჩვენი ქვეყანა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში  აქტიურად ახორციელებს. მთავრობა სხვადასხვა საშუალებებით ცდილობს ქვეყნის  პოპულარიზაციას, ცნობადობის ამაღლებას  და კონკრეტულ მიზნობრივ ბაზრებზე გასვლას. ასევე აღსანიშნავია ის ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც   ჩვენს ქვეყანაში ხორციელდება, მათ შორის მნიშვნელოვანია მაღალმთიან რეგიონებში მიმდინარე სამუშაოები მთის კურორტების განვითარებისთვის. ასევე ხაზგასასმელი ფაქტორია დამატებითი ავიარესიები,   რისთვისაც  სახელმწიფო არაერთ კონკრეტულ ქმედებას ახორციელებს“ – აღნიშნა ბოჭორიშვილმა.

მისი შეფასებით, მთავრობის სწორ მარკეტინგულ ხედვაზე მიუთითებს ტურიზმის სექტორში დაფიქსირებული  2016 წლის შედეგებიც. „გასული წლის მესამე კვარტლის მონაცემებით, საქართველოში უცხოური ტურიზმიდან შემოსავალმა 817 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა (ზრდა +10.1), რაც 75 მილიონით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ხოლო 2016 წლის სამი კვარტლის ჯამური მონაცემებით, საქართველოში შემოსავალმა უცხოური ტურიზმიდან 1.7 მილიარდი დოლარი შეადგინა (ზრდა +11.7), რაც 177 მილიონი დოლარით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ტურიზმის წილი მთლიან შიდა პროდუქტში, 2016 წლის მესამე კვარტლის მონაცემებით, შეადგენს 7.8%-ს, რაც  წინა წელთან შედარებით +14.7%-ით მეტია“- განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

რაც შეეხება 2016 წლის სამი კვარტლის ჯამურ მონაცემებს, ამ მაჩვენებლით ტურიზმის წილმა მთლიან შიდა პროდუქტში 7.3%  შეადგინა. ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +10.5%.

2017 წლის იანვრის მონაცემებით, საერთაშორისო მოგზაურების მიერ უცხოური გადახდის ბარათებით განხორციელებულმა ოპერაციებმა 152,896,000 ლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით  +37%-იანი ზრდაა.

კომენტარები გამორთულია