საქართველო – აზერბაიჯანის საზღვარზე სანიტარული, ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული სასაზღვრო კონტროლის მაღალი სტანდარტები ინერგება

0
129

1 მარტს, საბაჟო გამშვებ პუნქტში „წითელი ხიდი“, საქართველოსა და აზერბაიჯანის საბაჟო უწყებებმა, ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენლებთან ერთად, საფუძველი ჩაუყარეს ახალ მშენებლობას. საქართველოს მხარეს აშენდება სანიტარული, ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული სასაზღვრო კონტროლის სასაზღვრო ინსპექციის პუნქტი, აზერბაიჯანის მხარეს კი – ახალი საბაჟო ტერმინალი. სგპ წითელი ხიდის ახალი სასაზღვრო ინსპექციის პუნქტი ცოცხალი ცხოველების, ცხოველური და არაცხოველური წარმოშობის პროდუქტების, კონტროლს ევროპული სტანდარტებით განახორციელებს. სგპ წითელ ხიდზე მშენებლობის დაწყებას სიმბოლური საფუძველი შემოსავლების სამსახურის უფროსმა გიორგი თაბუაშვილმა, აზერბაიჯანის საბაჟო კომიტეტის თავმჯდომარემ აიდინ ალიევმა, აზერბაიჯანში ევროკავშირის ელჩმა მალენა მარდმა, საქართველოში გაეროს მუდმივმა წარმომადგენელმა ნილს სკოტმა და აზერბაიჯანში გაეროს მუდმივმა წარმომადგენელმა გულამ მ. ისაცზაიმ ჩაუყარეს. საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე მშენებლობა ხორციელდება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, რომლის მიზანია სანიტარული, ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული სასაზღვრო კონტროლის სტანდარტების გაუმჯობესება. ეს ორმხრივი პროექტი ხორციელდება თბილისისა და ბაქოს გაეროს განვითარების პროგრამის ოფისების მიერ და მისი პარტნიორები არიან საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური და აზერბაიჯანის საბაჟოს სახელმწიფო კომიტეტი. პროექტის მთლიანი ღირებულება 2 660 000 ევროს შეადგენს, აქედან 2 128 000 ევრო ევროკავშირმა უზრუნველყო, ხოლო დანარჩენი თანხა საქართველოსა და აზერბაიჯანის თანაბარ კონტრიბუციას წარმოადგენს.

 

სსიპ შემოსავლების სამსახური

კომენტარები გამორთულია