როდის დაიწყება რუსთავის ბაგა-ბაღებში რეორგანიზაცია

0
367

უახლოეს პერიოდში საბავშვო ბაგა-ბაღებში მნიშვნელოვანი რეორგანიზაცია დაიწყება, რომელსაც  პარლამენტის მიერ მიღებული ახალი კანონი უდევს საფუძვლად. კონკრეტულად რას გულისხმობს ახალი კანონპროექტი და რა ცვლილებები განხორციელდება ბაღებში, ამის შესახებ რუსთავის ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელს ეკა ხუციშვილს ვესაუბრეთ.

რუსთავის ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი ამბობს, რომ სიახლე რამდენიმე მიმართულებით საკმაოდ ბევრი ცვლილების განხორციელებას გულისხმობს.

„ახალი კანონის შესაბამისად, ყველა ბაღში იქნება მაღალი სტანდარტის მომსახურება. აქედან გამომდინარე, განხორციელდება შესაბამისი რეფორმები.  თითოეული საბავშვო ბაღი უნდა ჩამოყალიბდეს დამოუკიდებელი ააიპ-ის სახით, რომელსაც მენეჯერი კი არა, დირექტორი ეყოლება. ამ კანონის შესაბამისად, ბაღები იძენენ დამოუკიდებლობას და მათ ბანკში ცალკე ანგარიში ექნებათ. ეს პროცესები კი  კადრების დამატებას და შესაბამისად სამუშაო ადგილების გაზრდას გამოიწვევს”

მისივე თქმით, კანონმდებლობიდან გამომდინარე, თითოეულ საბავშვო ბაღში დაცული უნდა იყოს, სანიტარიის, ჰიგიენის, კვების, ინფრასტრუქტურის, აღმზრდელ პედაგოგისა და სასწავლო პროგრამის ხარისხის სტანდარტები. თუმცა, რუსთავის საბავშო ბაღებში ეს სტანდარტები უკვე არსებობს.

„კანონის შესაბამისად დადგინდება დირექტორების საკვალიფიკაციო მოთხოვნები და ჩატარდება შესარჩევი კონკურსი. გარკვეული ცვლილებები იქნება შტატების თვალსაზრისითაც. ჯგუფს ეყოლება აღმზრდელ-პედაგოგი და აღმზრდელი, გაუქმდება თანაშემწის შტატი. რაც შეეხება ჰიგიენას, ამ კუთხით, შეიძლება ითქვას, რომ ჩვენს ქალაქში კარგი მდგომარეობაა, ბაღების ყველა სამზარეულო  რეაბილიტირებულია და შესაბამის კრიტერიუმებს აკმაყოფილებს. ახალი კანონის შესაბამისად,  ჩვენ აუცილებლად უნდა შევძლოთ ბაღებში ყველა მსურველის ჩარიცხვა.“

გაერთიანების დირექტორის თქმით, საზაფხულო არდადეგებამდე ყველა პროცედურა დასრულებული უნდა იყოს, რადგან ამ პერიოდში ბაღებმა ადგილობრივ თვითმმართველობებს უკვე ავტორიზაციის მოთხოვნით უნდა მიმართონ. პირველ ოქტომბრამდე ავტორიზაციის საკითხიც უნდა გადაწყდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ბაღი მუშაობას შეწყვეტს. თუმცა, ხუციშვილის თქმით ატორიზციის პრობლემა რუსთავის არცერთ ბაღს არ ექნება. სამსახურის ხელმძღვანელი ამბობს, რომ მერიას ეყოლება ჯგუფი, რომელიც რამდენჯერმე შევა ბაღებში როგორც გეგმიურად, ისე არაგეგმიურად და შეამოწმებს შესრულებულია თუ არა ყველა ვალდებულება. მხოლოდ ამის შემდეგ გადაწყდება დაწესებულებისთვის ავტორიზაციის მინიჭების საკითხი.

საქართველოში, წლების განმავლობაში, მსგავსი კანონი არ არსებობდა.  „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ საქართველოს კანონის პროექტი “ახალი რეფორმაა, რომელიც 2 წლის განმავლობაში,  პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტისა და გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ  მზადდებოდა. პროექტი მიზნად ისახავს უფასო და ყველასათვის ხელმისაწვდომი სკოლამდელ განათლებას, რაც ახალი საერთაშორისო სტანდარტებით ყველა, საჯარო თუ კერძო ბაგა-ბაღების ბავშვების  სკოლისთვის მომზადებას გულისხმობს.

შეგახსენებთ რომ კანონი პარლამენტმა  2016 წლის 8 ივნისსში მიიღო, რომელიც მიმდინარე წლის 1 აპრილს ამოქმედდება. სკოლამდელ დაწესებულებებს კი  არსებული სტანდარტების  შესასრულებლად  ვადა 2020 წლამდე ექნებათ.

ნინო ბერიძე

რუსთავი

(C) Telegraph.ge

კომენტარები გამორთულია