გიორგაძის ქუჩის №32-ში მცხოვრები 17 ოჯახი შესაძლოა ღია ცის ქვეშ დარჩეს

0
303

ჭყონდიდელის დასახლებაში,  გიორგაძის ქუჩის 32-ში მდებარე საცხოვრებელი სახლი ავარიულ მდგომარეობაშია. ადგილობრივები კორპუსის რამდენიმე ადგილზე საკმაოდ სერიოზულ დაზიანებაზე საუბრობენ. ბინის ერთ მხარეს კედელი თითქმის ორ ნაწილადაა გაყოფილი. ადვილი შესამჩნევია ბზარები, რომელიც მთელ სახლს აქვს გარშემო. მოსახლეობა ამბობს, რომ ბინაში ცხოვრება უკვე გაუსაძლისია.

ავარიული სახლის ბინადართა თქმით, თითქმის ყოველდღიურად კედლებზე ახალ-ახალი ბზარები ჩნდება, რის გამოც მათ წლებია შიშის ქვეშ უწევთ  ცხოვრება.

კორპუსში 17 ოჯახი ცხოვრობს, მათ შორის არიან სოციალურად დაუცველი ოჯახებიც. მათი თქმით საცხოვრებელ სახლში სარემონტო სამუშაოები რაც შეიძლება მალე უნდა განხორციელდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში შენობა შესაძლოა მთლიანად დაინგრეს, რამაც შეიძლება სავალალო შედეგები გამოიღოს. როგორც მოქალაქეები ჩვენთას საუბრისას აღნიშნავენ, საკუთარი სახსრებით ბინის გარკვეულ ნაწილს  ეტაპობრივად არემონტებენ, თუმცა ეს საკმარისი არ არის.

ადგილობრივების თქმით, დასახმარებლად მერიის შესაბამის სამსახურს არაერთხელ მიმართეს.

როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, კორპუსში სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარება შეუძლებელია. ბინას სამხარაულის ექსპერტიზა ჩაუტარდა და დასკვნის მიხედვით დაზიანებამ 60 პროცენტს გადააჭარბა. სწორედ ამიტომ, აღდგენითი სამუშაოების ჩატარება აღნიშნულ სახლში არ შეიძლება. საჭიროა კორპუსის დემონტაჟის განხორციელება.

ვინ და როდის განახორციელებს საცხოვრებელი სახლის დემონტაჟს და რა ბედი ეწევა იქ მცხოვრებ ოჯახებს, ამის გარკვევას ტელეგრაფი უხლოეს დღეებში შეეცდება.

ნინო ბერიძე

რუსთავი

(C) Telegraph.ge

 

კომენტარები გამორთულია