24 საათში 4 გარდაცვლილი – ვის დაუდევრობას ეწირებიან ადამიანები

0
363

ბოლო ორი დღის განმავლობაში რუსთავში, გაზის გაჟონვის შედეგად, ოთხი ადამიანი გარდაიცვალა.

საქართველოში გაზით ინტოქსიკაციის ზუსტი სტატისტიკა არ არსებობს, თუმცა არსებული რეალობიდან გამომდინარე მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია. მოწამვლის შემთხვევები თითქმის ყოველდღიურად იზრდება.

რუსთავის სასწრაფო სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელი პაატა ბაჩილავა ამბობს რომ წელს გამოძახებების რიცხვი მაღალია. მიუხედავად იმისა, რომ ჯგუფები გამოძახებაზე დროულად გადიან, არის შემთხვევები რომელიც ლეტარულად დასრულდა. ტელეგრაფის ინფორმაციით, რუსთავში ბოლო სამი თვის განმავლობაში გაზით ინტოქსიკაციის შემთხვევის 21 ფაქტი დაფიქსირდა. მათგან 6 ფატალურად დასრულდა.

ბუნებრივი აირით მოწამვლის გახშირებულ ფაქტებს თავად მოქალაქეების დაუდევრობას უკავშირებს “სოკარ ჯორჯია გაზი”. გამათბობლების ტექნიკური მდგომარეობის შემოწმების მიზნით კომპანიის თანამშრომლები, მოქალაქეებს რეკომენდაციებით სისტემატიურად  მიმართავენ და არსებულ გამათბობლებს ამოწმებენ. თუმცა კომპანიაში ამბობენ, რომ აბონენტთა ნაწილი მათი რეკომენდაციის მიუხედავად, კუსტარულად დამზადებული გამათბობლის გამოყენებაზე უარს არ ამბობს.

რუსთავის „სოკარ ჯორჯია გაზის“ საავარიო-საექსპლუატაციო სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი ქოიავა ტელეგრაფთან საუბრისას ამბობს, რომ წინა წელთან შედარებით ინტოქსიკაციის შემთხვევებმა საგრძნობლად მოიმატა.

„ძალიან გახშირდა ინტოქსიკაციის შემთხვევები, თითქმის დღე არ გავა რომ მოწამვლა არ იყოს. 2016 წლის თებერვალში 11 შემთხვევა დაფიქსირდა, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით  კი რიცხვმა 26 შეადგინა. გამომდინარე აქედან წელს მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია.“

ქოიავა ამბობს, რომ მოქალაქეებს, წყლის გამათბობელი ყოველგვარი უსაფრთხოების დაცვის დარღვევით აქვთ დამონტაჟებული.

„მიუხედავად ჩვენი მრავალჯერი გაფრთხილებისა, რომ არ შეიძლება წყლის გამათბობლების კუსტალურად დამონტაჟება, მოქალაქეები ჩვენ გაფრთხილებას მაინც არ ითვალისწინებენ. კუსტარული ტიპის გაზის გამათბობელი, ჟანგბადსაც ოთახის ჰაერიდან იღებს და გამონაბოლქვ აირებსაც ოთახში აგროვებს, ეს კი ჯანმრთელობისთვის სახიფათოა. მოქალაქეებს გამათბობელი სავინტილაციო არხში, ან თუნდაც სპეციალურად ამოჭრილ კედელში აქვთ, რაც უკვე დარღვევაა. განსაკუთრებით რთული ვითარებაა მაშინ, როდესაც გამათბობელს სააბაზანოში ამონტაჟებენ. მაღალსართულიანი შენობები არ არის ინფრასტრუქტურულად ისე მოწყობილი, რომლისთვისაც ამგვარად დამონტაჟებული გამათბობელი უსაფრთხო იქნება. ქარის დროს ნამწვავი ჰაერი ვეღარ გადის. გამათბობლის დამონტაჟებას თავისი სპეციფიკა აქვს. საკვამური შენობას ერთი მეტრით აცილებული უნდა იყოს, რომ გაწოვა ქონდეს. სწორედ ეს არის უბედურება რომ უმეტესად არასწორად დამონტაჟებული წყალ გამათბობელი ადამიანის სიცოცხლეს უქმნის საფრთხეს. კომპანიის წარმომადგენლები მოსახლეობას ურჩევენ, რომ დაამონტაჟონ ორკამერიანი გამათბობელი, რომელშიც სპეციალური ძრავაა, რისი მეშვეობითაც ნამწვის შორს მანძილზე გამოფრქვევა ხდება.“

გაზით ინტოქსიკაციის პრობლემა უკვე წლებია პრობლემად რჩება, ამაზე პასუხისმგებლობას კი არავინ იღებს. კომპანიის განცხადებით, მათი მოვალეობაა მოსახლეობა შეამოწმოს და გააფრთხილოს. როგორ და ვინ უნდა მოაგვაროს არსებული პრობლემა უცნობია. ფაქტია, რომ ყოველწლიურად არასწორად დამონტაჟბული წყლის და ოთახის გამათბობლების შედეგად ათობით ადამიანი იღუპება.

ნინო ბერიძე

რუსთავი

(C) Telegraph.ge

კომენტარები გამორთულია