12 აგვისტო შესაძლოა, უქმე დღედ დაწესდეს

0
259

12 აგვისტო, შესაძლოა, საქართველოს დიდი გამარჯვების დღედ გამოცხადდეს და უქმე დღედ დაწესდეს. პარლამენტში “შრომის კოდექსში“ ცვლილებების პროექტი უკვე ინიცირებია, რომლის ავტორები არიან უმრავლესობის დეპუტატები: – ალექსანდრე ქანთარია, აკაკი ზოიძე, ლერი ხაბელოვი, შოთა ხაბარელი, კობა კობალაძე, ლევან კობერიძე და კარლო კოპალიანი.

მათი შეფასებით, უმნიშვნელოვანესია დიდგორის ბრძოლაში გამარჯვების დღის – 12 აგვისტოს უქმე დღედ გამოცხადება და ეროვნული სულისკვეთების, ისტორიული და საბრძოლო ტრადიციების წარმოჩინებით აღნიშვნა. როგორც პროექტის ინიციატორები აცხადებენ, მომავალმა თაობებმა უნდა დაინახონ, რა ღირებულებებზე იდგა ქართული სახელმწიფო, დიდგორობის საერთო სახალხო დღესასწაულად და “საქართველოს დიდი გამარჯვების დღედ“ გამოცხადება კი, ხელს შუწყობს ეროვნული მუხტის გაძლიერებასა და განმტკიცებას.

“კანონპროექტის მიზანია, საქართველოს ხელისუფლებამ ევროინტეგრაციის პროცესის პარალელურად, ვიზალიბერალიზაციის მიღების შემდგომ მეტი ძალისხმევა მიმართოს სახელმწიფო გაერთიანებისა და შიდა ეროვნული კონსოლიდაციის კუთხით. ქართული სახელმწიფოს გაერთიანებისა და გაძლიერებისთვის უმნიშვნელოვანესია სახელმწიფო და ეროვნული თვითშეგნების განმტკიცება, ერთიანი სახელმწიფო იდეის ხაზგასმა და ამ მხრივ, მუშაობის გააქტიურება. დიდგორის ბრძოლა, რამაც საფუძველი ერთიან, ძლიერ, ქართულ სახელმწიფოს ჩაუყარა, სწორედ ამ სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საკითხების რეალურად განხორციელების სტიმულია. ხელისუფლების მხრიდან საჭიროა მეტი აქცენტი გაკეთდეს სახელმწიფოს ერთიანობაზე, ეროვნულ სულისკვეთბაზე, სახელმწიფოებრივ ასპექტებზე და გამარჯვებებზე. გლობალიზაციის პირობებში საჭიროა ეროვნული მუხტის გაღვივება და პროპაგანდა იმისა, რა ღირებულებების დაცვით მოვიდა მართლმადიდებელი საქართველო დღემდე, – ნათქვამია კანონპროექტზე თანდართულ განმარტებით ბარათში.

წყარო: ipn

კომენტარები გამორთულია