„ეს იქნება მორიგი სასამართლო პროცესი, რომელიც დასაქმებულების სასიკეთოდ გადაწყდება”

0
107

რუსთავის “აზოტიდან” გათავისუფლებული თანამშრომლების ნაწილი დავას სასამართლოში აგრძელებს.  61 ადამიანი რომელიც კომპანიის მიერ შეთავაზებულ კომპენსაციას არ დათანხმდა, უფლებების დასაცავად იბრძოლებს.  გათავისუფლებული თანამშრომლების დავის  გარშემო, საქმის ადვოკატმა თამარ სურმავამ „ტელეგრაფთან” ისაუბრა.

„მოსარჩელე 61 ადამიანია, არ ვითხოვთ მხოლოდ კომპენსაციას, დარღვეულია უფლებები, არასწორად მოხდა გათავისუფლება. ვითხოვთ სამსახურში აღდგენას. ანაზღაურებას გაცდენილი საათების და იმ ჯარიმების დაკისრებას რომელიც კანონით ეკისრება დამსაქმებელს.“

თამარ სურმავა ასევე იმ სტატისტიკაზე საუბრობს, რომელიც მსგავსი საქმეების შემთხვევაში, დასაქმებულების სასიკეთოდ დასრულდა.

„ჩვენს მიერ შეტანილი საქმეების უმრავლესობა, თუ აბსოლუტური უმრავლესობა არა  შემიძლია ვთქვა რომ დადებითად გადაწყვეტილა. ანგარიშშიც იყო ასახული, რომელიც წინა წლის ბოლოს წარმოვადგინეთ. ამ შემთხვევაშიც ჩვენ მაქსიმალურად გავაკეთებთ ყველაფერს რომ მივაღწიოთ შედეგს და სარჩელი არ იყოს შეტანილი მხოლოდ სარჩელის შეტანის გამო, არამედ დავდოთ შესაბამისი შედეგი.“

“აზოტიდან” გათავისუფლებული თანამშრომლების ადვოკატი ამბობს რომ საბუთების მოგროვების პროცესს აზოტის ადმინისტრაცია, გარკვეულწილად ართულებს.

„კომპანია თავს არიდებს საბუთების მოწოდებას, თუმცა პროცედურას ამით ხელი არ შეეშლება, იმიტომ რომ საპროცესო სამართალი ითვალისწინებს, დოკუმენტების იძულებით გამოთხოვის შესაძლებლობას. ასე რომ პროცესის მიმდინარეობის დროს მივიღებთ ყველა იმ საჭირო დოკუმენტაციას, რომელიც საქმის არსებითი განხილვისთვის იქნება აუცილებელი.“

„ტელეგრაფი” დაინტერესდა ასევე იმ საკითხით, რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ  დავის მომენტში, ქარხანას ხელმძღვანელობა შეეცვლება.

„ეს არის სამართლებრივი საკითხები რომელზეც უნდა ვისაუბროთ, უბრალოდ მაგას გავაკეთებთ ნებისმიერი სცენარის განვითარების შემთვევაში. კანონი იცავს დასაქმებულს, ამიტომ ნებისმიერ სიტუაციაში მოხდება სამართლებრივი მიდგომა. თუ მოხდება კანონის დარღვევა ამაზე შესაბამისი რეაგირება იქნება ჩვენი მხრიდან.“

“აზოტიდან” გათავისუფლებული მუშების დასაცავად, სასამართლოში სარჩელს ადვოკატი დღის ბოლომდე შეიტანს. თამარ სურმავას თქმით, ეს იქნება მორიგი სასამართლო პროცესი, რომელიც დასაქმებულების სასიკეთოდ გადაწყდება.

შეგახსენებთ რომ, მიმდინარე წლის 26 იანვარს აზოტის ქარხნის ახალმა მენეჯმენტმა 350-მდე თანამშრომელი ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე სამსახურიდან გაათავისუფლა. საწარმოში მისულ თანამშრომლებს საშვები დაბლოკილი დახვდათ. მიუხედავად იმისა, რომ გათავისუფლებული თანამშრომლები, ხელშეკრულების დარღვევაზე და უკანონო დათხოვნაზე საუბრობდნენ, რამდენიმე დღიანი პროტესტის შემდეგ, დიდი ნაწილი, კომპანიის მიერ შეთავაზებულ 400 ლარიან (სამი თვით) კომპენსაციას დათანხმდა. მათი უმეტესობა დაბალანაზღაურებადი, საპენსიო ასაკის ან მართლმსაჯულებისადმი პესიმისტურად განწყობილია.

ნინო ბერიძე

რუსთავი

(C) Telegraph.ge

კომენტარები გამორთულია