ოთარ ხმელიძის სახელობის ტრადიციული ტურნირი ჩატარდა კალათბურთში

0
305

რუსთავის ქიმიკოსთა სპორტკომპლექსში, კალათბურთში, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის, ოთარ ხმელიძის სახელობის ტრადიციული ტურნირი დასრულდა. ფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს თბილისის საკალათბურთო კლუბები „ჰიუნდაი“ და „აკადემია“ დაუპირისპირდნენ. მატჩი „ჰიუნდაიმ“ ანგარიშით 54-33 მოიგო. ფინალურ მატჩს რუსთავის მერის მოადგილე დავით ლობჟანიძე, სპორტსმენები და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.

ტურნირში, რომელიც 5 დან 9 მარტის ჩათვლით მიმდინარეობდა, 2005-2006 წლებში დაბადებული სპორტსმენებით დაკომპლექტებული 8 საკალათბურთო კლუბი იღებდა მონაწილეობას. ტურნირის გამარჯვებულები და მონაწილეები რუსთავის მერის მოადგილემ დავით ლობჟანიძემ, საქართველოს დამსახურებულმა მწვრთნელმა ოთარ ხმელიძემ, სასპორტო სკოლების განვითარების ცენტრის ხელმძღვანელმა ბაჩო ხაჩიძემ და რუსთავის „რუსთავის“ მთავარმა მწვრთნელმა რამაზ გოგობერიშვილმა თასებით, მედლებითა და საპატიო სიგელებით დააჯილდოეს. ხმელიძის თასი პირველი ადგილის მფლობელ კლუბ „ჰიუნდაის“ გადაეცა.

ასევე გამოვლინდნენ სხვადასახვა ნომინაციების გამარჯვებულებიც: საუკეთესო მოთამაშე-გეგა წულაია,  პერსპექტიული მოთამაშეები-ლუკა ალავიძე და ლუკა ჯაფარიძე გახდნენ, საუკეთესო ბომბარდირად – გიორგი ბერუაშვილი დასახელდა.  მაყურებლის სიმპატია კი-მათე ხატიაშვილმა დაიმსახურა.   ოთარ ხმელიძის სახელობის ტურნირი ტრადიციულია და რუსთავმა წელს მას მეექვსედ უმასპინძლა. გასულ წელს ამ შეჯიბრის გამარჯვებული საკალათბურთო კლუბი რუსთავი გახდა.

2002 წელს, საქართველოს კალათბურთის ფედერაციის მიერ ოთარ ხმელიძეს საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის წოდება მიენიჭა. 2009 წელს კი რუსთავის საპატიო მოქალაქე გახდა. მიღებული აქვს ღირსების მედალი. რამდენჯერმე იყო ქართული „ოლსტარის“ რეგიონის გუნდის მწვთნელი. დასახელებულია საქართველოს საუკეთესო მწვრთნელად და მიღებული აქვს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის სიგელი, ხუან ანტონიო სამარანჩის ხელმოწერით.

წყარო: რუსთავის მერია

კომენტარები გამორთულია