რუსთავში კავკასიური მუხის 500 ნერგი დაირგო

0
65

რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატის პაატა მხეიძის ინიციატივით, ჟიული შარტავას 73 წლის იუბილისადმი მიძღვნილი გამწვანების აქცია „იხარე მუხავ ფესვებ მაგარო“ გაიმართა. როგორც დეპუტატის ბიუროში აცხადებენ, აქცია წარმოადგენს მასშტაბური გეგმის ნაწილს, რომელიც მიზნად ისახავს ქალაქის გამწვანებასა და ჯანსაღი გარემოს დამკვიდრებას.
დღეს ქალაქის მაშტაბით სხვადასხვა ტერიტორიაზე დაირგო კავკასიური მუხის 500 ნერგი, რომელიც დეპუტატმა თერჯოლის მუნიპალიტეტის გამგეობისგან საჩუქრად მიიღო.

გამწვანების აქციაში მონაწილეობა მიიღო უშუალოდ პაატა მხეიძემ, ბიუროს წევრებმა, სკოლებისა და ბაღების თანამშრომლებმა, ასევე მოხალისეებმა.
120 კავკასიური მუხის ნერგი დაირგო კულტურისა და დასვენების პარკის ტერიტორიაზე. პარალელურად აქცია გაიმართა რამდენიმე სხვადასხვა ლოკაციაზე, მათ შორის საჯარო სკოლების, საბავშვო ბაღებისა და მოქმედი ტაძრების ეზოებში.
დეპუტატის განცხადებით, მსგავსი აქციები მომავალშიც გაიმართება: იგეგმება ნეკერჩხლის, წაბლისა და ცაცხვის ასეულობით ნერგის დარგვა ქალაქის ტერიტორიაზე, რაც მნიშვნელოვნად გააჯანსაღებს გარემოს.

აღსანიშნავია, რომ აქციაში მონაწილეობა არ მიუღია ქალაქის ხელმძღვანელობას.

„ტელეგრაფი” დაინტერესდა ვინ იზრუნებს ახლადდარგულ ხეებზე. დეპუტატის თქმით 120 ხეზე, რომელიც  კულტურისა და დასვენების პარკის ტერიტორიაზე დაირგო, ააიპ „უზრუნველყოფა” იზრუნებს, ხოლო დანარჩენზე იმ ორგანიზაციების თანამშრომლები, რომელთა ტერიტორიაზეც გაიმართა დღეს აქცია. ასევე, ნერგების ნაწილს გაუკეთდება სახელობითი ნიშნულები და მათ დამრგველები თავად მოუვლიან.

 

კომენტარები გამორთულია