რუსთავის აზოტი პროფკავშირებს ხელშეკრულებას უუქმებს

0
933

„პროფკავშირები წარმოადგენს ხალხის საკუთრებას, ეს არ არის არც შპს „რუსთავის აზოტის“ საკუთრება და არც სააქციო საზოგადოების” – ამის შესახებ „ტელეგრაფთან” აზოტის პროფკავშირების ხელმძღვანელმა გელა ბიჭიაშვილმა ისაუბრა.

„აქამდე მოქმედი და უვადო ხელშეკრულება იყო შპს „რუსთავის აზოტთან“ გაფორმებული, ამჟამინდელი ადმინისტრაცია იდებს მიზეზად, რომ ისინი შპს „რუსთავის აზოტი” აღარ არიან და წარმოადგენენ სააქციო საზოგადოებას. მათ ხელშეკრულების გაფორმების სურვილი მხოლოდ იმიტომ არ აქვთ რომ პროფკავშირის სახით წინააღმდეგობა შეხვდათ, ხალხის გათავისუფლებების დროს. ჩვენ გვქონდა კოლექტიური ხელშეკრულება, რომლის ძალითაც ჩვენ ვთანამშრომლობდით კომპანიასთან. კოლექტიური ხელშეკრულება მოგეხსენებათ, ეს არის მუხლები რომელიც პირდაპირ მიუთითებს შრომის კანონთა კოდექსის მუხლებს, ან/და პირადად ორგანიზაციის კეთილი ნებით გამოხატული სოციალური პაკეტის შემცველ მუხლებს, რომელიც ჩვენი ერთობლივი მოლაპარაკებების მეშვეობით არის მიღწეული“ – ამბობს ბიჭიაშვილი.

პროფკავშირებში, რომელიც არჩევით ორგანოს წარმოადგენს, სულ 1436 წევრისგან შედგება. მათი გადაწყვეტილებით ხელშეკრულების უკანონო შეწყვეტასთან დაკავშირებით, სასამართლოში კიდევ ერთი სარჩელი შევა.

„ამ საკითხთან დაკავშირებით კვლავ ერთი სარჩელი აღიძრება, გარდა იმ გათავისუფლებული მუშების სარჩელის, რომელთა საქმეც უკვე სასამართლოშია შეტანილი. ორი დღეა ადმინისტრაციამ ბუღალტერიას დააბლოკინა საწევრო ანარიცხები და ეს თანხები არ გადმოგვირიცხეს ჩვენს ანგარიშზე“ – ამბობს პროფკავშირების ხელმძღვანელი.

გელა ბიჭიაშვილმა „ტელეგრაფთან” იმ საკითხებზეც ისაუბრა, რომელიც გათავისუფლებულ მუშებს ეხება. ადმინისტრაციას არ გააჩნია ამ 350 ადამიანის გათავისუფლების შესაბამისი დოკუმენტაცია. მათ უბრალოდ დაბლოკილი აქვთ საშვები და ისინი ვერ შედიან ქარხანაში. შესაბამისად კანონის ძალით ჩვენ შევძლებთ, როგორც მუშების ასევე პროფკავშირების დაცვას.

პროფკავშირები სარჩელის შეტანას უახლოეს დღეებში აპირებენ, როდესაც შესაბამისი დოკუმენტაციის შეგროვება მოხდება. გელა ბიჭიაშვილის თქმით, პროცესი აუცილებლად მათ სასიკეთოდ დასრულდება.

„ტელეგრაფი” კომპანიის მედიასთან ურთიერთობის სამსახურს დაუკავშრდა, თემასთან დაკავშირებით ველოდებით ადმინისტრაციის პოზიციას, რომელსაც მოწოდებისთანავე შემოგთავაზებთ.

ნინო ბერიძე
რუსთავი
(C) Telegraph.ge

NO COMMENTS