რუსთაველი მოსწავლეები მსოფლიო ახალგაზრდა მეწარმეთა კონკურსზე მიიღებენ მონაწილეობას

0
54

ქ.რუსთავის N4 საჯარო სკოლის მოსწავლეები, აპრილში ამერიკის შეერთებულ შტატებში, საერთაშორისო კონკურს “Diamond Challenge”-ში მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრებიან. კონკურსი  ბრილიანტის გამოწვევა, 2012 წლიდან 10 ქვეყანაში ტარდება. ერთ-ერთია საქართველო და აქ ამ პროექტს  “EMT-განათლებისა და მართვის გუნდი” ახორციელებს.

„ტელეგრაფი” ერთ-ერთ კონკურსანტს, ლევან ჯალიაშვილს ესაუბრა. ახალგაზრდა აღნიშნავს, რომ პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია და მასში მონაწილეობის მიღება გუნდისთვის  დიდ პასუხისმგებლობას წარმოადგენს.

„საქართველოში ეს კონკურსი 2014 წლიდან ტარდება. ჩვენი გუნდი წინა წელსაც იყო გასული ამ კონკურსზე და სამწუხაროდ ვერ გავიმარჯვეთ. ასევე იქ იყო ჩვენი ოპონენტი გუნდი, რომლის წევრებთანაც გავაგრძელეთ ურთიერთობა და ერთ-ერთი დღეს ჩვენი გუნდის Advisor (მრჩეველია). ჩვენი იდეა არის ქართული, ხელნაკეთი საპნების წარმოება, ქიმიკატების გარეშე. (ფორმებიც ექნება ქართული და ა.შ). კონკურსს 2 მიმართულება  აქვს, ბიზნეს მეწარმეობა და სოციალური მეწარმეობა. სამწუხაროდ საქართველოს წელს სოციალური მეწარმეობის პროექტი არ აქვს და შესაბამისად საქართველოს წარვადგენთ მხოლოდ ჩვენ, ბიზნეს მეწარმეობის კუთხით.“

აღნიშნული კონკურსის პირველ ეტაპზე რეგისტრირებული იყო 55 გუნდი, მოსწავლეებს  ბიზნეს იდეის მომზადება და მათი მოდელის მიხედვით გადაგზავნა ევალებოდათ.

„საქართველოს ფინალში გავიდა 5 გუნდი, იქ გვქონდა უშუალო პრეზენტაციები ჟიურისთან და გავიმარჯვეთ ჩვენ. ახლა მივდივართ ამერიკის შეერთებულ შტატებში, დელავერის შტატში, დელავერის უნივერსიტეტში საერთაშორისო ფინალზე, სადაც 10 ქვეყნის წარმომადგენლები “დავუპირისპირდებით” ერთმანეთს. იმედი გვაქვს რომ სასურველი შედეგით დავბრუნდებით უკან“.

აღსანიშნავია, რომ რუსთაველი ბიზნეს მეწარმეების სამგზავრო ხარჯებს, რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის სარეზერვო ფონდი დაფარავს. მოსწავლეები მერიიდან 2 ათას ლარს მიიღებენ.

ნინო ბერიძე
რუსთავი
(C) Telegraph.ge

კომენტარები გამორთულია