წარმატების ფორმულა კრისტი გოგსაძისგან – „ტელეგრაფის” ექსკლუზივი პარიზიდან

0
158

ბავშვობის უმეტესი წლები რუსთავში გაატარა. პარიზის რიტმს აყოლილს, ყველაზე მეტად მშობლიურ ქალაქში, ვახუშტის ქუჩაზე, გიმნაზიის ეზო და ბავშვების ჟრიამული ენატრება.

 

კრისტი გოგსაძე – დაიბადა და გაიზრადა რუსთავში. სკოლის დამთავრების შემდეგ ჩააბარა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, იურიდიულ ფაკულტეტზე. ორი კურსის დასრულების შემდეგ გაემგზავრა ესპანეთში სასწავლებლად. უცხო ქვეყანაში მისი პროფესიული წინსვლა რადიკალურად განსხვავებული აღმოჩნდა. აუდიოვიზუალური კომუნიკაციის ბაკალავრის დამთავრების შემდეგ, სწავლა მადრიდის  Complutensis Universitetis-ა და ჟურნალ ELLE-ს საერთო მაგისტრატურა: მარკეტინგი  მოდის განხრით განაგრძო, რომელსაც მარკეტინგისა და დისტრიბუციის განხრით კიდევ ერთი მაგისტრატურა დაუმატა.

პირველი სამსახური ცნობილ ესპანურ ჟურნალ Hello Valencia-ში ჟურნალისტის პოზიცია იყო. მრავალმხრივი განათლება და გამორჩეული ვიზუალი სამშობლოდან შორს მყოფი ახალგაზრდისთვის კარიერის შექმნაში მნიშნელოვან როლს ასრულებდა. დედის მზრუნველობას მიჩვეული დამოუკიდებლად ცხოვრების შიშს არც არასდროს შეუპყრია. მიზანი, საყვარელი ქალაქი და იქ კარიერის აწყობის სურვილი, მუდმივად იყო.

პარიზი – მოდისა და სიყვარულის ქალაქი…. ადგილი, სადაც დამკვიდრება არც ისე მარტივია… La Georgienne – ქართველი გოგონა პარიზელ ახალგაზრდებს და არა მარტო მათ, საკუთარი ბლოგიდან ყოველდღიურად პარიზული ცხოვრების სტილსა და მოდის ტენდენციებზე ესაუბრება.

– ჩემი ბლოგი www.lageorgienne.es (Instagram @lageorgienne) არის მოდაზე, ჩემს პერსონალურ და პარიზული ცხოვრების სტილზე. ბლოგის იდეა 3 წლის წინ გაჩნდა. როდესაც სახელზე ვფიქრობდი, მინდოდა, რომ საქართველოს გაეჟღერა. საბოლოოდ მივედი La Georgienne- მდე. რომელიც ფრანგულად ქართველ გოგონას ნიშნავს. ძირითადად ჩემი ლუქების ფოტოებს ვაზიარებ მკითხველთან და ვცდილობ მივაწოდო იდეა თუ რა სამოსი როგორ შეახამონ. ასევე, ძალიან მიყვარს პარიზის ჩვენება ჩემს ბლოგზე. ვთვლი, რომ ეს მსოფლიოში ყველაზე ლამაზი ადგილია და მინდა მკითხველს გავუზიარო ჩემი ყოველდღიური ცხოვრება ამ უმშვენიერეს ქალაქში.

– რომელ ცნობილ დიზაინერებთან და მოდელებთან გაქვს ურთიერთობა?

– მოდის კვირეულების დროს მოდელებთან და დიზაინერებთან შეხება ყოველთვის მაქვს. რა თქმა უნდა ვმეგობრობ ძალიან ბევრ ბლოგერთან და მოდის სამყაროს გავლენიან ადამიანებთან, ჩვენ უფრო ბევრი საერთო გვაქვს. რაც შეეხება დიზაინერებს, ძირითადად ახალგაზრდა დიზაინერებთან მაქვს შეხება.  მათ პარიზის მოდის კვირეულის დროს შოურუმებში ვხვდები, როდესაც ახალ კოლექციას წარადგენენ. ძალიან ბევრი ახალგაზრდა ტალანტია, მათ შორის საქართველოდან და ძალიან მიხარია.

– რას ურჩევ რუსთაველ გოგოებს, 2017 გაზაფხული-ზაფხულის ტენდენციები როგორია?

– ჩემი ყველაზე დიდი რჩევა იქნება, რაც შეიძლება მინიმალისტური მაკიაჟი. ხშირად მინახავს რუსთავში ულამაზესი გოგონები მაკიაჟით რომ მალავენ ნაკვთებს. ნატურალურობა ყველაზე დიდი სილამაზეა, თუმცა ტუჩსაცხი და თვალის კონტური ნორმალური დოზით ნამდვილად კარგია. რაც შეეხება ფერებს, ვურჩევდი ყველას მეტ ღია და ნაკლებად მუქ ფერებს. გაზაფხულს მუქი ფერები არ უხდება. ახლა ძალიან ტენდენციურია მარგალიტებიანი პერანგები და აქსესუარები.

– რა არის  შენი წარმატების ფორმულა, რას ურჩევ ახალგაზრდებს, რომლებიც ახლა გეგმავენ მომავალს?

– ყველაზე მთავარია გაიგო რა გიყვარს და რა გხდის ბედნიერს და იმუშაო ძალიან ბევრი ამის მისაღწევად. რა თქმა უნდა, არის ელემენტარული რაღაცები, რაც ყველა ახალგაზრდამ უნდა გაითვალისწინოს. მაგალითად, აუცილებელია ზოგადი განათლება და რამდენიმე ენის სრულყოფილად ცოდნა. დღესდღეობით რთულ სამყაროში ვცხოვრობთ და წარმატების მისაღწევად მრავალმხრივ უნდა ვიყოთ მზად. თუ წვეულებაზე ვართ დაპატიჟებული და ლიტერატურაზე ან მხატვრობაზე ჩამოვარდა საუბარი, უნდა შეგვეძლოს საკუთარი აზრის დაფიქსირება. განათლება გვეხმარება ხალხთან საერთო ენის გამონახვაში, სამეგობრო წრის გაფართოებაში. დიდი წრე კი აუცილებელია წარმატების მისაღწევად.

 

– უამრავი მიმართულების განათლება გაქვს მიღებული, საბოლოოდ რა პროფესიის არის ქრისტი გოგსაძე?

– მართალია, ძალიან მრავალმხრივი განათლება მივიღე. ვალენსიის უნივერსიტეტში (ესპანეთი) დავამთავრე აუდიოვიზუალური კომუნიკაციის ბაკალავრი, შემდეგ ვისწავლე მადრიდის  Complutensis Universitetis-ა და ჟურნალ ELLE-ს საერთო მაგისტრატურა: მარკეტინგი  მოდის განხრით. ბოლოს კი კიდევ ერთი მაგისტრატურა დავამთავრე ვალენსიის უნივერსიტეტში მარკეტინგისა და დისტრიბუციის განხრით. ამას მოყვა რამდენიმე წლიანი მუშაობა ვალენსიის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ჟურნალში. დღესდღეობით ყველაზე დიდი შეხება სოციალურ ქსელებთან და ონლაინ მარკეტინგთან მაქვს. ამ ეტაპზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქრისტი ყოფილი ჟურნალისტი, ამჯერად კი ბლოგერია. თუმცა არ გამოვრიცხავ ჟურნალისტიკაში დაბრუნების ალბათობას.

– ვიცი რომ ძალიან დიდი ადგილი უჭირავს შენს ცხოვრებაში და კარიერაში დედას, მასზე რომ გვიამბო…

– დედაზე რომ გიამბოთ, ალბათ, მთელი ინტერნეტ სივრცე არ გვეყოფა. ძალიან მოკლედ რომ ვთქვა, ის ჩემი საუკეთესო მეგობარია. მან აღმზარდა და ჩამომაყალიბა იმ პიროვნებად, რომელიც დღეს ვარ. ყოველთვის მხარს მიჭერდა, რომ მეოცნება ლამაზ მომავალზე და ამავდროულად მასწავლა ამ მომავლისთვის ბრძოლა. რომ არა დედა, მე დღეს ნამდვილად არ ვიქნებოდი იქ, სადაც ვარ. ის ჩემთვის არა მარტო ქალის, არამედ კეთილშობილი და ამავდროულად ძალიან ძლიერი ადამიანის იდეალია.

– შენ და რუსთავი… თუ ჩამოდიხარ ხოლმე და ყველაზე მეტად ვინ ან რა გენატრება ამ ქალაქში?

– იქიდან გამომდინარე, რომ რუსთავში დავიბადე და გავიზარდე ძალიან დიდი დრო და მოგონებები მაკავშირებს ამ ქალაქთან. ჩემს მოგონებებში უდიდესი ადგილი უჭირავს ჩემს პირველ სკოლას და პირველ ნანა მასწავლებელს. ასევე,  განსაკუთრებულად მახსენდება რუსთავის ქართული გიმნაზია, სკოლა, სადაც პიროვნებად ჩამოვყალიბდი. ხშირად მენატრება ვახუშტის ქუჩა და ბავშვების ჟრიამულით სავსე სკოლის ეზო. ეს ის გრძნობაა, რომელსაც ვერაფერი შეცვლის. ყველაზე მეტად (ოჯახის შემდეგ) ალბათ მაინც სკოლა მენატრება. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ გიმნაზიის მსგავსი სკოლა ალბათ მთელ საქართველოში არ არის. ჩემი თაობის დროს ეს სკოლა არაჩვეულებრივი დირექტორის და პედაგოგების ერთი დიდი გუნდი იყო და ძალიან მიხარია რომ მე გიმნაზიის ოქროს ხანის მოსწავლე ვიყავი.

–  და ბოლოს, ისეთი რეიტინგი მოყვა შენს ერთ ფოტოს და ამ ინტერვიუს ანონსს,  დარწმუნებული ვარ ძალიან ბევრს აინტერესებს შენი პირადი, არის ვინმე?

– ამ კითხვაზე პასუხს მომავალ ინტერვიუში გაგცემთ…

– შევთანხმდით! დიდი მადლობა იმისთვის, რომ გამონახე დრო ჩვეთან სასაუბროდ. წარმატებებს გისურვებთ და გემშვიდობებით მომავალ ექსკლუზივამდე… 

(C) Telegraph.ge

 

 

კომენტარები გამორთულია