რა ასაკამდე აფინანსებს აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციას რუსთავის მერია

0
1031

აუტიზმის მქონე ბავშვთა მშობლები თბილისის მერიის წინ უვადო შიმშილობას გეგმავენ. შიმშილობის აქციას ის მშობლები დაიწყებენ, რომელთა შვილებსაც თბილისის მერია ”აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის ქვეპროგრამაში” არ რთავს და მიზეზად ბავშვების თბილისში გვიან რეგისტრაციას ასახელებს. არსებული ინფორმაციით, შიმშილობა გაგრძელდება მანამ, სანამ არ მოხდება ამ ბავშვების დაფინანსება მერიის მიერ.

„ტელეგრაფი” დაინტერესდა რა მდგომარეობაა ამ მიმართულებით რუსთავში. როგორც ირკვევა, ქალაქის მერიას აუტიზმის, გონებრივი განვითარების შეფერხების ან დაყოვნების მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის სპეციალური პროგრამა აქვს. პროგრამის მიხედვით კი ამ ეტაპზე რუსთავში მცხოვრები აუტიზმის მქონე 80 ბენეფიციარია, რომელთა რეგისტრაციაც რუსთავში ერთ წელზე მეტია. პროგრამა უზრუნველყოფს 0-12 წლამდე ბენეფიციარების სამკურნალო/სარეაბილიტაციო ხარჯების დაფარვას, აუტიზმის სპექტრის დიაგნოზის მქონე ბენეფიციარებისთვის წლიურად 1000 ლარის ოდენობით, ხოლო იმ ბენეფიციარებისთვის რომლეთაც განვითარების შეფერხება აქვთ, 600 ლარის ოდენობით. სულ 2017 წელს აღნიშნული პროგრამისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 56 000 ლარია გამოყოფილი.

აუტიზმი თავის ტვინის განვითარების ნეირობიოლოგიური დარღვევის შედეგია, რაც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ბავშვის ვერბალური და არავერბალური კომუნიკაციის დამყარების, სოციალური ურთიერთობების ჩამოყალიბებისა და გონებრივი განვითარების პროცესებზე. ბავშვს პრობლემები აქვს სოციალურ განვითარებაში, კომუნიკაციაში, მეტყველებაში, ქცევაში, განსაკუთრებით კი წარმოსახვით თამაშში. აუტიზმის სიმპტომები, ჩვეულებრივ, თავს იჩენს ბავშვის ცხოვრების პირველი სამი წლის განმავლობაში და თან სდევს მას მთელი ცხოვრების მანძილზე. გამოვლინების ხარისხის მიხედვით აუტიზმი მრავალფეროვანია. ყველაზე ძლიერ ფორმას ახასიათებს გარემოსთან კონტაქტის შეუძლებლობა, თანატოლებთან და უფროსებთან ურთიერთობის დამყარების შეუძლებლობა, ინტერესების, ემოციის გაზიარების შეუძლებლობა, განმეორებადი, უჩვეულო, თვითდამაზიანებელი და აგრესიული ქცევა, შიშები. ყველაზე სუსტი ფორმა ჰგავს პიროვნულ აშლილობას, დასწავლის უნარის დარღვევას. აუტიზმის მქონე ბავშვებს იშვიათად თუ შეუძლიათ იცხოვრონ ინტენსიური და ხანგრძლივი თერაპიული ინტერვენციის, მშობლების ზრუნვისა და ზოგჯერ ჰოსპიტალიზაციის ან მკურნალობის გარეშე.

რუსთავში აუტიზმის მქონე ბავშვებისთვის სპეციალური დაწესებულება არ არსებობს.  თუმცა „რუსთავის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა დღის  ცენტრს“, რომელიც მერიის ააიპია და შშმ პირების ინტეგრაციას და მათ რესოციალიზაციას ემსახურება, აუტიზმის მქონე 22 ბენეფიციარი ყავს. ცენტრის ბენეფიციარებს, საბუნებისმეტყველო და გამოყენებითი საგნების ინკლუზიურ და ინტეგრირებულ სწავლებას სთავაზობს, მათ შორის : ხატვას, ძერწვას, ქსოვას, სხვადასხვა ხელნაკეთი ნივთის დამზადებას, არტ თერაპიას და სხვა აქტივობებს მოიცავს. როგორც ცენტრის დირექტორი ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, ბენეფიციარების მიღება შესაძლებელია და ამ ეტაპზე ადგილების პრობლემა არ არის. აუტიზმის მქონე ბავშვების მკურნალობა საკმაოდ დიდ თანხებთან არის დაკავშირებული, ვინაიდან ორგანიზაცია მთლიანად ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება ბენეფიციარების რეაბილიტაცია უფასოა.

აღნიშნულ პროგრამაში ჩასართავად აუცილებელი პირობა რუსთავში რეგისტრაციაა, რომელიც ერთ წელზე ნაკლები არ უნდა იყოს. რაც შეეხება ასაკს სპეციალური პროგრამით სარგებლობა 0-12 წლამდე ბავშვებს შეუძლიათ. „რუსთავის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა დღის  ცენტრს“ კი ასაკობრივი ზღვარი ამ ეტაპზე 32 წლამდე აქვს გაზრდილი.

ნინო ბერიძე
რუსთავი
(C) Telegraph.ge

 

 

კომენტარები გამორთულია