საქმიანი დედა – იზა გოცაძე

0
923

ფილმი, რომელიც ჩვენი ახალი რუბრიკის საფუძველია მოგვითხრობს ქალზე, რომელიც ასწრებს ორი შვილის დედობას, მეუღლეობას და ამავდროულად ახერხებს იყოს ერთ-ერთი მაღალი კლასის კომპანიაში ფინანსური აღმასრულებელი…

ყოველდღიურად განცდა იმისა, რომ დრო სწრაფად გადის, ვერაფერს ვასწრებთ, რაღაც ისე არ არის როგორც გვინდა, როგორც საჭიროა, ვიღაცას მზრუნველობას ვაკლებთ, ვიღაცას სითბოს და ასე შემდეგ… ამოუწურავია სია, რომელსაც საქმიანი ქალი ყოვესაღამოს ადგენს, ხან ფურცელზე, ხან გონებაში.

ჩვენი რუბრიკის პირველი სტუმარი იზა გოცაძეა.

იზა გოცაძე კომპანია ,,აჭარისწყალი ჯორჯიას“ მენეჯმენტის წევრი და კომუნიკაციების  ხელმძღვანელია. ენერგოკომპანია  ქვეყნის უმსხვილესი საინვესტიციო-ინფრასტრუქტურული  პროექტის ,,შუახევიჰესის“ მშენებლობას ახორციელებს,  ჯამური ღირებულებით 416 მილიონი ამერიკული დოლარი.  კომუნიკაციების მიმართულებით 15 წლიანი საქმიანობის მანძილზე, სხვადასხვა დროს მუშაობდა როგორც სახელმწიფო ასევე კერძო სექტორში. მედია კომუნიკაციის მაგისტრის დიპლომი საქართველოს საზოგადოებრივ ინსტიტუტში – ჯიპაში დაიცვა,  ხოლო 2010 წელს ლონდონში, საზოგადოებასთან ურთიერთობის სკოლაში გააგრძელა სწავლა. იზას მეუღლე და ორი მცირეწლოვანი გოგონა 6 წლის მარიამი და 5 წლის ანასოფია ჰყავს.

იზა გაავლებს პარალელებს თავის ყოველდღიურობასა და სარა ჯესიკა პარკერის კინოგმირის ყოველდღიურობას შორის.

– გრძელი სიის შედგენა ძილის წინ ჩვეული პროცედურაა, როცა სია გაქვს საქმის ნახევარი მიგაჩნია რომ უკვე გაკეთებულია 🙂 ჩემი ღამის სია დაახლოებით ასე გამოიყურება: ხვალ დილით ორივეს მე დავტოვებ ბაღში, 10 საათამდე მათ მიყვანას და სამსხურში მისვლასაც მოვასწრებ, 11 საათზე გადმოვწევ 4 საათიან შეხვედრას, რომ სოფის დანაპირები შევუსრულო და ბალეტზე მე მივიყვანო, ამ კვირაში სამ დაბადების დღეზე არიან მისაყვანები, ორგან ძიძა მიიყვანს, პარასკევს მეც შევძლებ, საჩუქრებს, შესვენებაზე ვიყიდი დღესვე, 1-ზე  ჩემს გოგოებს ვხვდები ლანჩზე და იქვე შევირბენ უცებ. ხვალ საღამოს მე ვერ დავაძინებ, რადგან ხვალ  9-მდე ნამდვილად ვერ მოვრჩებით საქმეს, არ უნდა დამავიწყდეს რომ გოგონებს ეს წინასწარ ავუხსნა. ხვალ ბებოს უნდა დავურეკო, თორემ უკვე ერთი კვირაა არ შევხმიანებივარ და ერთი დღითაც თუ გადავაცილე ძალიან ეწყინება …. მიმდინარე საკითხებს, რომლებიც ყოველდღიურობას უკავშირდება და სიაში საპატიო ადგილი აქვთ მუდამ აღარ ჩამოვთვლი.

– ბავშვების მოსყიდვა? ჩვენ არ გვიყვარს ამ ფრაზის აღიარება თუმცა ასეა. ხშირად ვნებდებით და ვაკეთებთ პატარებისთვის იმას რაც მათ მეტად მოსწონთ ვიდრე სასარგებლოა.  შაბათ კვირას დამყავს საბავშვო გასართობ ცენტრებში, თუმცა ვთვლი რომ გარეთ გატარებული ერთი საათი უფრო სასარგებლოა მათთვის, ვიდრე ათას ვირუსთან ერთად დახურულ სივრცეში ყოფნა. მაგრამ მათ ეს უფრო მოსწონთ, ისინი თამაშობენ, ჩვენ შორი-ახლოს ვზივართ, ვუღიმით და დიახ ,,მათ გულს ვიგებთ, მათი სურვილების შესრულებით“.

– ძიძის როლთან დაკვშირებით ბავშვების აზრდის საკითხში მე და ჩემი ქმარი უსიტყვოდ ვთანხმდებით. აქ მთავარია სწორად შეარჩიო ადამიანი, რომელიც შენი არ ყოფნის დროს პატარებზე იზრუნებს, სწორი ღირებულებები ექნება და სითბოს და სიყვარულს არ მოაკლებს. ორივე პატარას აღზრდაში დაბადების წუთიდან უმაგრესი ადამიანი გვეხმარება, რომელიც უკვე ჩვენი ცხოვრების ნაწილია. ორივე ვთვლით რომ ფინანსური რესურსი, რომელსაც ამაში ვიხდით შეუცვლელია. გოგონები უკვე გაიზარდნენ, ნინოს ბაღიდან გამოყავს და ჩვენს დაბრუნებამდე დროს მათთან ერთად ატარებს. ძალიან უყვართ პატარებს.

– 🙂 არა, დღეში 10 ჯერ ნამდვილად არ ვურეკავ: ოჯახის წევრებს, მასწავლებლებს ან ძიძას, ჩემი გოგონები, ყოველთვის საიმედო ხელში არიან, რაც საშუალებას მაძლევს სამსახურის პერიოდში მთლიანად კონცენტრირებული ვიყო საქმის კეთებაზე.

– მივლინებაში ჩემი ხშირი წასვლები არ მოსწონთ, ორივეს ცელ-ცალკე ვუხსნი რამდენი დღით მივდივარ და როდის დავბრუნდები. მარიამი სულ მირეკავს და მეკითხება კიდევ რამდენი დღე დარჩა, სოფიც მირეკავს მაგრამ მახსენებს, რომ სია რაც გამატანეს იქიდან არაფრის წამოღება არ უნდა დამავიწყდეს. ჩემი ტელეფონის ნომერი ზეპირად იციან უკვე სამი წელია და თუ ვინმეს ტელეფონი ხელში ჩაუვარდათ, მაშინვე ჩემს ნომერს კრეფენ.

– პატარების პირველ შთაბეჭდილებას ან გამოცდილებას, ყოველთვის მინდა ვესწრებოდა, არასდროს მინდა გამოვტოვო მათთვის მნიშვნელოვანი მომენტები, თუმცა ყოველთვის ასე არ გამოდის და მათ პირველ ემოციას სხვა ადამიანები იზიარებენ, რაც მაწუხებს ბუნებრივია. თუმცა ვცდილობ ყოველთვის დავესწრო მათ ზეიმებს, ვუყურო მათ პირველ ემოციას როცა ახალ კაბებს ისინჯავენ, მოვისმინო ბაღის ამბები გულისყურით და მუდმივად ვაგრძნობინო, რომ ყველა მათი ემოცია, რასაც განიცდიან ჩემთვის საინტერესო და მნიშვნელოვანია.

– სრული ქაოსი ჩემს ჩანთაში მათი ნივთების წყალობით სულ ცოტა ხნის წინ მოვაგვარეთ. თორემ მნიშვნელოვან შეხვედრაზე კალმის ძებინას, ხშირად ამომიღია ფერადი და ბრჭყვიალა ხმოვანი კალმები, ან მათი საყვარელი სათამაშო. თუმცა ბოლო ორი წელია შევთანხმდით, რომ ყველას ჩვენი ჩანთა გვაქვს და ჩვენს საყვარელ ნივთებს ყველა ჩვენი ჩანთით ვატარებთ.

– როცა ახალი შესაძლებლობების გამოვლენის, ახალი გამოწვევების წინაშე დგები ეს ყოველთვის ძალიან სასიამოვნოა, არასდროს მითქვამს უარი ახალ გამოწვევებზე და კარიერაში წინსვლაზე, ფიქრები რომ სამსახური დიდ დროს ითხოვს შენგან და ოჯახისთვის დრო სულ უფრო ცოტა გრჩება სულ გებრძვის ბუნებრივია, მაგარმ მე მიმაჩნია, რომ ბალანსის დაცვა შესაძლებელია. როცა წამი გაქვს შეგიძლია ის წამი გამიყენო ოჯახის წევრებთან ურთიერთობისთვის და სითბოს გამოსაყოფად ისე რომ მთელ შენს სახლში გატარებულ დღეს უდრიდეს. ყველაფერი ჩვენს ხელშია.

– გარესამყაროში მუდმივად არსებობენ ახლობელი ადამიანები, რომლებიც თვლიან რომ საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე რაღაცეები შენზე უკეთ იციან და მიაჩნიათ რომ შენი მიღწევები მეორეხარისხოვანია, მთავარია საზოგადოებრივი სტანდარტის შესაბამისი დედა იყო. ასეთ ადამიანები საბედნიეროდ ჩემს ირგვლივ თითქმის არ არიან. ჩემთვის ძვირფასი ადამინები უფროსი თაობიდან, ძალიან აფასებენ ჩემს კარიერულ მიღწევებს და მაქსიმალურად მეხმარებიან, რომ ორივე ასპარეზზე წარმატებული ვიყო. თავს არ ზოგავენ ნამდვილად, რასაც ძალიან ვაფასებ.

– პირადი სიახლოვე, პირადი კონტაქტი მიმაჩნია შვილებთან და საყვარელ ადამიანებთან შეუცვლელია და მას ვერასდროს, ვერანაირი ტექნოლოგიური პროგრესი ვერ ჩაანაცვლებს, თუმცა როცა შორ დისტანციაზე ვართ, skype-ს ან Viber-ის საშუალებით შეგვიძლია მოვუყვეთ მათი საყვარელი ზღაპარი, ვუყუროთ და მილიონჯერ ვუთხრათ თუ როგორ გვიყვარს, რა ძვირფასები არიან ჩვენთვის და სულ მალე როგორ მაგრად ჩავეხუტებით. გულწრფელ ემოციას ყოველთვის გრძნობენ პატარები, მთავარია ის 10 წუთი სრულად მათ ვეკუთვნოდეთ და პარალელურად, სამსახურის საქმეს არ ვაკეთებდეთ, ცალი ხელით.

– სხვებზე მზრუნველობა, ცხოვრების ჩვევა ხდება თითქოს როცა შენი შვილი გიჩნდება, სანამ საკუთარ თავს ეკუთვნი მარტო, ყველაფერი უფრო მარტივადაა, ჩნდებიან პატარები, შენში ახალი ემოციები იღვიძებს, უნარები რომლებზედაც მანამდე წარმოდგენაც კი არ გქონდა, ადამიანებზე ზრუნვა ისე ხდება შენი ცხოვრების ნაწილი რომ გაუაზრებლად ზრუნავ უკვე სხვებზე.

– საზოგადოების უდიდესი ნაწილი, მუდმივად მამაკაცებს საყვედურობს და ადანაშაულებს უყურადღებობაში, თუმცა ჩვენ, ქალებსაც, საქმეში გართულებს, ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი შესაძლოა გამოგვრჩეს, მიუხედავად იმისა რომ რაღაცეების დაგეგმვა, დროის განსაკუთრებით, ვთვლი რომ კარგად გამოგვდის. გოგონების ბაღიდან გამოყვანის თემას, როგორც წესი ჩემი ქმარი ან ძიძა აგვარებს, ერთ საღამოს ეს აქტივობა ჩემს სიაში აღმოჩნდა, დრო მოვინიშნე და საქმე გავაგრძელე, თუმცა ვერ გავითვალისწინე ერთი გარემოება, რომ 6 საათზე ვაკეში დიდ საცობში აღმოვჩნდებოდი. 5:40 წუთზე რუსთველიდან გასული 6:20 ძლივს მივედი ვაკის პარკთან, დირექტორის კაბინეტში დამხვდნენ ორივე 🙂 ხატავდნენ.

– კომპანიაში სადაც დღეს ვმუშაობ, როგორც წესი გაუთვალისწინებელი რამ არ ხდება, წინასწარ დაგეგმილი და გაწერილია ყველაფერი, შაბათ-კვირა და დასვენების პერიოდი ყოველთვის შენია. თუმცა მოულოდნელად შვებულების შეწყვეტამ ყოველთვის შესაძლოა მოგიწიოს, როცა საპასუხისმგებლო საქმიანობას ეწევი. დასვენების დღეებს, ყოველთვის წყნეთში ვატარებთ, სადაც ტყის პირას საყვარელი სახლი გვაქვს, პარასკევს ავდივართ და შაბათ კვირას ჩვენი მეგობრები გვიერთდებიან. ავედით ერთ პარასკევს, ვაცნობე ყველას, რომ შაბათს იქ ვიქნებოდით და სახლის მოწესრიგება შევუდექი. ის იყო მოვრჩი და ყავის მადუღარა დავადგი, რომ მოულოდნელი ზარი ჩემი დირექტორის ჩემს მობილურზე – აღმოჩნდა რომ მეორე დილით, ერთი მნიშვნელოვანი საკითხის მოსაგვარებლად დილის 9 საათზე უკვე ბათუმში უნდა ვყოფილიყავი. ჩავლაგდი და წავედი, ოჯახური ვიქენდი, მეოგობრენთან ერთად შაბათ-კვირის გარუჯვა და საღამოს პლედებით ბუხართან ,,მოჯდომა“ გადაიდო. სამაგიეროდ ჩემი ვიზიტი წარმატებით დასრულდა.

– როცა რამე ტკივა პატარას და შენ შორს ხარ მასგან, ძალიან რთულია ემოციურად. ოჯახის წევრები მუდამ ცდილობენ, რომ არ მითხრან თუ რომელიმეს მაღალი სიცხე აქვს, სანამ არ დავბრუნდები. ჩემი ქმრის პოზიცია მუდამ ეს არის: ,,რატომ უნდა ინერვიულო ტყუილად, როცა აქ ვერ გაჩნდები“.

– შენი შვილისთვის დანაპირების შესრულება დიახ, ყველაზე მთავარი და ყველაზე პრიორიტეტულია. იმედგაცრუებამ, რომელიც უფროსების საქციელის გამო ბავშვობაში შეიძლება გაუჩნდეთ, შესაძლო მნიშვნელოვანი, უარყოფითი კვალი დაატყოს მათ ცხოვრებას. ჩემი ძირითადი დაპირება, მათთან ერთად მაფინების ცხობას უკავშირდება და ყოველთვის ვასრულებ, იმ საღამოს რა მნიშვნელოვანი შეხვედრაც არ უნდა იყოს დაგეგმილი. ,,მაფინების ცხობის დღე“ ყველა საქმეზე მნიშვნელოვანი ღონისძიებაა.

(C) Telegraph.ge

დაელოდეთ, შემდეგი სტუმარი ასევე რუსთაველი და ასევე ძალიან საინტერესო საქმიანი დედაა 🙂 

 

კომენტარები გამორთულია