21 მარტი სხვადასხვა პროფესიულ და არაპროფესიულ დღეს აერთიანებს

0
216

„ტელეგრაფი” შეეცადა, გაერკვია რამდენი პროფესიული და საერთაშიროს დღე აღინიშნება 21 მარტს. მასშტაბური დღეები, რომელიც დღეს აღინიშნება ასე გამოიყურება.

  • დაუნის საერთაშორიო დღე;
  • ქართული ჟურნალისტიკის დღე;
  • მესაზღვრის დღე;
  • ტყის საერთაშორიო დღე;

დაუნის საერთაშორისო დღით –  2006 წლიდან, ყოველ 21 მარტს, მსოფლიო დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. “21” აირჩიეს იმიტომ, რომ მეცნიერების დასკვნით დაუნის სინდრომი ქრომოსომული დაავადებაა. მას იწვევს დამატებითი ერთი ქრომოსომა 21-ე წყვილში. ამ დღესთან დაკავშირებით, საქართველოში ყოველწლიურად სხვადასხვა ღონისძიება იმართება. დღის მთავარი სიმბოლო კი ფერადი წინდებია.

ქართული ჟურნალისტიკის დღე – მედიის წარმომადგენლები ჟურნალისტიკის დღეს 1993 წლიდან აღნიშნავენ. საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციამ და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა 21 მარტს ქართული ჟურნალისტიკის დღე 1993 წელს ერთობლივად დააწესეს. პროფესიულ დღესასწაულს მედია სხვადასხვა ღონისძიებით აღნიშნავს. ქართული ჟურნალისტიკის დღედ პირველი ქართული გაზეთის – ჯერ „საქართველოს გაზეთის”, შემდეგ კი „ქართული გაზეთის” დაარსების დღე დაწესდა – პირველი ნომერი 1819 წლის 21 მარტს (8 მარტს) გამოვიდა.

მესაზღვრის დღე – 1999 წელს პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის  №24 ბრძანებულებით დაწესდა ”მესაზღვრის დღე”, რომელიც ყოველ 21 მარტს აღინიშნება. მარტის თვის 21 რიცხვი არჩეულ იქნა როგორც ზამთრისა და გაზაფხულის ზღვარი, ბუნიაობა, ანუ დღე-ღამის ხანგრძლივობის თანატოლობა. დასაბუთება ისტორიკოსების მხრიდან იყო ასეთი, რომ დავით აღმაშენებელმა სწორედ 1124 წლის მარტში შემოიერთა დმანისი და ამით დაამთავრა საქართველოს სახელმწიფოს ისტორიულ საზღვრებში მოქცევა. სახელმწიფო საზღვრის დადგენას მეოცე საუკუნეში მიეცა საერთაშორისო სამართლის სტატუსი.

ტყეების საერთაშორისო დღე – 1971 წელს გაეროს გენერალური ასამბლიის მიერ  გამოცხადდა და მთელ მსოფლიოში აღინიშნება. ამ დღის აღნიშვნის მიზანია საზოგადოების ცნობიერების დონის ამაღლება ტყის მნიშვნელობის თაობაზე, განადგურებული ტყის ტერიტორიის აღდგენა. ტყე საქართველოს ტერიტორიის 40 %-ს ფარავს. ქვეყანაში გავრცელებული 400-მდე მერქნიანი სახეობიდან 61 საქართველოს, ხოლო 43 კავკასიის ენდემია; საქართველოს ტყეები ბუნებრივი უნიკალურობისა და ბიომრავალფეროვნების თვალსაზრისით ველური ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) ოცდათორმეტ „ცხელ წერტილში“ შედის.

ნოვრუს ბაირამი – აღსანიშნავია, რომ 21 მარტს ასევე აზერბაიჯანელი მოსახლოება ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულს ზეიმობს. ნოვრუზი სპარსული სიტყვაა და “ახალ დღეს” ნიშნავს. მისი აღნიშვნის ტრადიცია ზოროასტრიზმის (ცეცხლთაყვანისმცემლობა) უძველესი რელიგიიდან იღებს სათავეს და დღეღამსწორობას უკავშირდება. ითვლება, რომ 21 მარტიდან, როცა დღე და ღამე ერთმანეთს უტოლდება, ახალი წელი ბუნების გამწვანებასთან ერთად იწყება. ეს არის დრო, როცა დედამიწა ახალ სიცოცხლეს იწყებს, ხოლო აზერბაიჯანელები და ათზე მეტი სხვა ერი – ახალ წელს.

ნინო ბერიძე
რუსთავი
(C) Telegraph.ge

 

კომენტარები გამორთულია