მევენახეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამაში რეგისტრაცია გრძელდება

0
145

მევენახეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამაში რეგისტრაცია  3 აპრილამდე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე www.acda.gov.ge  გაგრძლდება.

პროგრამით დადგენილი კრიტერიუმების  დაკმაყოფილების შემთხვევაში, კოოპერატივს  100 ტონა ყურძნის პირველადი გადამუშავებისათვის საჭირო აღჭურვილობა გადაეცემა, ხოლო კოოპერატივმა – საწარმოს შენობა-ნაგებობის მოწყობა  უნდა უზრუნველყოს.

მევენახეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობისათვის დადგენილი პირობებით, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წევრთა რაოდენობა უნდა შეადგენდეს არანაკლებ 20 მეპაიეს, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს ან/და მის მეპაიეებს საკუთრებაში  უნდა გააჩნდეთ  არანაკლებ 20 ჰა ფართობი ვენახი, რომელშიც გაშენებული უნდა იყოს  ვაზის შემდეგი ჯიშები: რქაწითელი, საფერავი,მწვანე, ხიხვი, ქისი, ჩინური, ცოლიკაური, ციცქა, კრახუნა, ალექსანდროული, ოჯალეში, ჩხავერი, ალადასტური, უსახელოური, მუჯურეთული, წულუკიძის თეთრა (რაჭული).

სახელმწიფო პროგრამა მოიცავს ტექნიკურ დახმარებასაც, რომლის  ფარგლებში, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს ჩაუტარდებათ სწავლება როგორც ღვინის საწარმოს ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ ტექნიკურ და მეთოდოლოგიურ საკითხებზე, ასევე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სხვა სპეციფიკურ მოთხოვნებთან დაკავშირებით.

პროგრამაში მონაწილე კოოპერატივის წევრებს საშუალება ეძლევათ სარგებელი  ყურძნის რეალიზაციის გარდა,  უკვე ღვინის რეალიზაციიდან მიიღონ.

მევენახეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა  საპილოტეა და მის ფარგლებში  არანაკლებ 3 ერთეული საწარმოსთვის საჭირო აღჭურვილობა გაიცემა.  პროგრამის  ბიუჯეტი 1 მილიონ ლარს შეადგენს.

კომენტარები გამორთულია