პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო დაძლია

0
231

პარლამენტმა დღევანდელი საკანონმდებლო საქმიანობა „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ“ კანონპროექტზე საქართველოს პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების განხილვით დაიწყო. კანონმდებლებს პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, ანა დოლიძემ გააცნო.

მან დეპუტატებს კანონპროექტზე მუშაობის წინაისტორია შეახსენა, რომელიც 2014 წლიდან იწყება. ანა დოლიძის განცხადებით, კანონპროექტი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას და ევროპის სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. მისი თქმით, მსჯელობის პროცესში მრავალი კრიტიკული შენიშვნა გამოითქვა, თუმცა მოტივირებული შენიშვნები მან ძირითადად ორ საკითხზე წარმოადგინა: პირველი შენიშვნა ეხება სააგენტოს დამოუკიდებლობას უსაფრთხოების სამსახურისგან, მეორე კი – ფინანსურ ვალდებულებებს, რომლებსაც პროექტი წარმოშობს საკომუნიკაციო კომპანიების მიმართ.

„გვაქვს მითითება საკონსტიტუციო სასამართლოდან, რომ მოსმენების განმახორციელებელი უწყება უნდა იყოს გამოძიებისგან დამოუკიდებელი, ამიტომ არ შეიძლება ის იყოს სუს-ში და არ შეიძლება ის იყოს დაკავშირებული სუს-თან”, – განაცხადა ანა დოლიძემ. მისი თქმით, წარმოდგენილი მოტივირებული შენიშვნებით, მოსმენების განმახორციელებელი უწყება – ტექნიკურ-ოპერატიული სააგენტო უნდა იყოს პრემიერმინისტრის დაქვემდებარებაში. ფარული საგამოძიებო მოქმედებების განხორციელება კი, სააგენტომ ელექტრონული კომუნიკაციების კომპანიებისთვის სამართლიანი ანაზღაურების საფუძველზე უნდა უზრუნველყოს.

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა მოტივირებული შენიშვნების წარდგენის შემდეგ პარლამენტის წევრების კითხვებს უპასუხა.

თანამომხსენებლის, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიას განცხადებით, პირდაპირ აღრევა ხდება კონსტიტუციური პრინციპების – რა არის საკანონმდებლო ორგანოს საქმე, რა არის პრეზიდენტის და რას აკეთებს საკონსტიტუციო სასამართლო. „სახიფათოდ მეჩვენება ის ჩანაწერები, რაც საქართველოს პრეზიდენტმა შენიშვნების სახით პარლამენტს გადმოუგზავნა. თქვენ ხართ სრულიად ჩამოუყალიბებელი, რა ტიპის პოლიტიკურ თუ სამართლებრივ სისტემას გვთავაზობთ“, – მიმართა მომხსენებელს ეკა ბესელიამ. მისი თქმით, შენიშვნები სხვაა, მაგრამ ვისთან უნდა იყოს სააგენტო, ამის მითითება პარლამენტისადმი, არის საპარლამენტო საქმიანობაში უხეში ჩარევა.

ეკა ბესელიას განცხადებით, სანამ კანონპროექტი მომზადდებოდა, შესწავლილი იყო ბევრი ქვეყნის მოდელი, პრეცედენტული გადაწყვეტილება და კანონმდებლობა. „ეს არის ის საუკეთესო გამოსავალი, რომელიც ჩვენ ვიპოვეთ ბალანსის თვალსაზრისით, რომ ადამიანის პირადი სივრცე იყოს დაცული და ასევე დაცული იყოს ქვეყნის უსაფრთხოება“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტისა თავმჯდომარის, ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, თემა არის პოლიტიზირებული, მიუხედავად იმისა, რომ საკითხი ეხება ქვეყნის უშიშროებას და ადამიანის უფლებებს. „ჩემთვის აბსოლუტურად გასაგებია „ნაციონალური მოძრაობის“ და მისი მემკვიდრეების კრიტიკა, რამდენადაც მათ სურთ საზოგადოებაში შექმნან ილუზია, რომ ისინი უსმენდნენ წლების განმავლობაში და „ქართული ოცნება“ იგივეს აკეთებს. სამწუხაროდ, სამოქალაქო სექტორის გარკვეული ნაწილი აბსოლუტურად უსაფუძვლოდ ახდენს იმის ტირაჟირებას, რომ ქვეყანაში ვიღაცას უსმენენ“, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.
წარმოდგენილ საკითხთან დაკავშირებით პოზიციები დააფიქსირეს ასევე ცალკეულმა დეპუტატებმა, ფრაქციებმა, საპარლამენტო უმცირესობამ, საპარლამენტო უმრავლესობამ. საპარლამენტო უმცირესობამ ვეტოსადმი მხარდაჭერა გამოხატა, ვინაიდან მათი შეფასებით, მიღებული კანონპროექტი ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ინტერესებს ეწინააღმდეგება: სააგენტო არაა დამოუკიდებელი, არ არსებობს ადეკვატური კონტროლის მექანიზმი, დიდ ფინანსურ ტვირთს აკისრებს კომუნიკაციის ბიზნესს.

ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ სახელით პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ირმა ინაშვილმა განაცხადა, რომ ფრაქციას ამ საკითხზე სრულიად სხვა ხედვა და სხვა მოდელი აქვს და იგი ქვეყანაში მძლავრი კიბერუსაფრთხოების სამსახურის შექმნას ითვალისწინებს. მისივე თქმით, ფრაქცია ამ მოდელის პრეზენტაციას მალე მოახდენს, ხოლო არსებულ კანონპროექტს ზოგადკონცეპტუალურ ნაწილში განსხვავებული ხედვის გამო თავის დროზე არ დაუჭირა მხარი და დღეს, შესაბამისად, ვეტოს უჭერს მხარს.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ კანონპროექტის იურიდიულ კონტექსტზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ვეტოს ორივე შენიშვნა პოპულისტურია. მისი შეფასებით, ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით, ესაა საუკეთესო მოდელი, რომელიც მყარ გარანტიებს იძლევა, ასეა უსაფრთხოების კუთხითაც. მამუკა მდინარაძის განცხადებით, ამ ვეტოს გაზიარების არც ერთი იურიდიული საფუძველი, იურიდიული არგუმენტები არ არსებობს.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ შემაშფოთებელი უწოდა იმ ფაქტს, რომ პრეზიდენტი კანონპროექტთან დაკავშირებით მხოლოდ ოპოზიციური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილს შეხვდა და კანონპროექტს ვეტო დაადო, იმავდროულად იგი არც კი შეხვდა სამართალდამცავი, საგამოძიებო და უსაფრთხოების სფეროში წამყვან სტრუქტურებს და მათ ხელმძღვანელებს, ვინც პასუხისმგებელია ქვეყნის უშიშროებასა და ადამიანის უფლებების დაცვაზე.
„ფარულ საგამოძიებო მოქმედებებს რაც შეეხება, ეს ითვლება აღმასრულებელ ფუნქციად და ყველა განვითარებულ ქვეყანაში იგი აღმასრულებელი ხელისუფლების დაქვემდებარებაშია. გაუგებარია, რატომ უნდა ჩაატაროს საქართველომ ექსპერიმენტი საკუთარი ეროვნული სახელმწიფო უსაფრთხოების სისტემაზე, რატომ უნდა დააყენოს კითხვის ნიშნის ქვეშ საკუთარი მოქალაქების სიცოცხლე და უსაფრთხოება და რატომ უნდა გააკეთოს პრივატიზაცია საკუთარი უსაფრთხოების სისტემისა, ჩვენ ამას არ გავაკეთებთ“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა აღნიშნა, რომ პარლამენტის მიერ მიღებული კანონპროექტი ნამდვილად იქნება უსაფრთხოების ერთ-ერთი გარანტი.
დეპუტატთა გამოსვლების შემდეგ, პარლამენტს დასკვნითი სიტყვით პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა მიმართა. ანა დოლიძემ პარლამენტს თანმდევი კანონპროექტებიც წარუდგინა. ამის შემდეგ კი განხილულ საკითხებს კენჭი უყარეს.
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტზე საქართველოს პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს მხარი მხოლოდ 22 დეპუტატმა დაუჭირა, 86 იყო წინააღმდეგი.

კომენტარები გამორთულია