სად აღმოაჩინა სხვა სამყარო რუსუდან წერეთელმა და როგორი ურთიერთობა აქვს რუს და უკრაინელ მეზობლებთან

0
727

წარმატებული რუსთაველი

რამდენიმე კვირის წინ მერილენდის შტატში, ბალტიმორის სასამართლო შენობაში კონსტიტუციაზე ფიცი დადო და შტატის გუბერნატორის მიერ დამოწმებული ნოტარიუსის ლიცენზია გადასცეს. ნოტარიუსობა მისი მესამე პროფესიაა. კარიერა ჟურნალისტიკით დაიწყო, სამშობლოში ყოველთვის გამოირჩეოდა ხმაურიანი და თამამი გადაწყვეტილებებით. საინტერესო და ნაყოფიერი იყო მისთვის 2004 წელი, როცა „ჰარვარდმა” „ნეიმენის“ სახელობის სტიპენდიით დააჯილდოვა. ის იყო პირველი სტუდენტი პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან (რუსეთის გარდა) ვინც აღნიშნული სტიპენდია მიიღო. ერთი წელი საჯარო პოლიტიკის „ჯონ კენედის სახელობის მმართველობის სკოლაში“ ისწავლა. სამშობლოში დაბრუნებული ჟურნალისტური საქმიანობის პარალელურად სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციასთან თანამშრომლობდა.

– ემიგრაციაში 2010 წლის 10 იანვარს წამოვედი. გადაწყვეტილება მივიღე არა მატერიალური გაჭირვების, არამედ იმ  დროს ქვეყანაში არსებული პოლიტიკური მდგომარეობის გამო. თბილისში ბოლოს გაეროს ერთ-ერთ ორგანიზაციაში ვმუშაობდი… ასე დავტოვე ყველაფერი, ოჯახი, ქმარი და 8 წლის შვილი… საშინელი განცდა იყო, აეროპორტში მეუღლემ გამაცილა და ისე ავედი კიბეებზე უკან არ მომიხედავს. მიუნხენით გავფირნდი. მიუნხენში ამერიკის რეისზე სანამ გადავჯდებოდი, უკან დაბრუნების ბილეთის ყიდვა მომინდა, მაგრამ სხვა გზა არ მქონდა და ჩემი თავი ავიყვანე ხელში. ასე ჩამოვფრინდი ნიუ-იოკრში, სადაც უკვე ძმა მელოდებოდა და ამან ერთგვარად გადამატანინა ემიგრაციული სტრესი. მიუხედავად იმისა, რომ მანამდე ბევრჯერ ვიყავი ნამყოფი ამერიკაში, ერთი წელი ვცხოვრობდი ოჯახით მასაჩუსეტის შტატში, ჰარვარდში სწავლის დროს. ეს სულს ხვააა.. სტუმრად ჩამოსვლა ამერიკაში სხვა განცდაა და უკვე როცა რეზიდენტად ყოფნას გადაწყვეტ, ანუ ემიგრანტად რჩები, სხვა სტრესია. რა თქმა უნდა ძმა ყველაზე ახლობელი ადამიანი იყო ვინც მეხმარებოდა ბევრი რამის გარკვევაში და კიდევ შინაგანი მიზანდასახულობა. ერთ წელიწადში ამერიკის მთავრობამ მომცა მწვანე ბარათი, როგორც განსაკუთრებული უნარ-ჩვევების მატარებელ ადამიანს. ამაში ჩემი ჰარვარდელი მეგობრები, ამერიკელი ჟურნალისტები დამეხმარნენ ძალიან, დამეხმარა ყოფილი პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე. მან სპეციალური წერილი გაუგზავნა ამერიკის საემიგრაციო სამსახურს ჩემს შესახებ.

– რა მისწერა ასეთი?

– მე დავურეკე ამერიკიდან და ვესაუბრე, შემომთავაზა რეკომენდაციას გაგიწევო და გამიწია.

– ასე ახლოს იცნობდი, რომ ტელეფონზე დაურეკე?

– ერთხელ როცა პრეზიდენტი იყო მაშინ შევხვდი. ჩემ მიერ დაარსებული, რუსთავის დავით ციციშვილის სახელობის გალერეის გახსნისას. 2003 წლის შემდეგ რამდენჯერმე მივედი ინტერვიუზე გერმანული გაზეთისთვის და ბოლოს შვედი დიპლომატი მყავდა მიყვანილი მასთან.

 

– როგორ გაგრძელდა ამბავი მწვანე ბარათის მიღების შემდეგ, პირველი სამსახური?

– მწვანე ბარათამდე ჯერ მივიღე მუშაობის უფლება და ნიუ-იორკიდან მივდივარ უკვე ვაშინგტონ D.C.-ში, სადაც ამერიკის ხმის ქართულ განყოფილებაში ვიწყებ ჟურნალისტად მუშაობას და მიმყავს რადიოში საინფორმაციო და ტელევიზიისთვის სიუჟეტებს ვამზადებ, მათ შორის ყველაზე გამორჩეული და აღმოჩენა იყო გიორგი პაპაშვილის შესახებ მომზადებული მასალა. ეს იყო მართლაც გურამ შარაძის შემდეგ პაპაშვილის გაცოცხლება, პაპაშვილი გურამ შარაძემ აღმოაჩინა პირველად.

– როგორც ვიცი ჟურნალისტური საქმიანობა არც არასდროს მიგიტოვებია და დღემდე აგრძელებ მედია საშუალებებთან ურთიერთობას

– კი, ამჟამად რადიო თბილისის სპეციალური წარმომადგენელი ვარ ამერიკაში და მიმყავს გადაცემა “ამერიკის დროით”

– თუ გქონია ექსკლუზივი, რომელიმე ამერიკელ მაღალჩინოსანთან?

– კი ბჟეზინსკი, ბლეარ რუბლი, პოლ გობლი და ასე შემდეგ…

– რითი განსხვავდებიან ჟურნალისტებთან ურთიერთობისას ამერიკელი პოლიტიკოსები ქართველებისგან?

– ამერიკელი პოლიტიკოსებიც და ჟურნალისტებიც იცავენ ეთიკის უმაღლეს ნორმებს. პოლიტიკოსები მედიასთან ურთიერთობაში ინარჩუნებენ ზღვარს და ფამილიარულ-შინაურულ ურთიერთობებს გაურბიან.

– როდის გადაწყვიტე, რომ ჟურნალისტიკასთან ერთად აუცილებლად სხვა პროფესიაც გჭირდებოდა?

– მალევე, 2012 წელს უკვე ვიცვლი პროფესიას და მივდივარ კომპიუტერულ მეცნიერებაში. ეს იყო ყველაზე სწორი და წარმატებული გადაწყვეტილება. ისევ სწავლა, ისევ გამოცდები, მაგრამ შედეგიანი აღმოჩნდა და რასაც ვაკეთებ ახლა, ძალიან მიყვარს და მომწონს. მე სხვა სამყარო აღმოვაჩინე, ბევრად საინტერესო და განუსაზღვრელი შესაძლებლობების. ეს ის სფეროა, სადაც ყოველ წუთს სწავლობ და ვითარდები, ერთი წუთით არ აძლევ გონებას მოდუნების საშუალებას.

– თუმცა, კომპიუტერული ინჟინერია საქართველოში ჯერ ახლა იწყებს ფეხის ადგმას

– კი, ამ მხრივ ამერიკა გიგანტური ნაბიჯებითაა წინ. ამერიკაში საინფორმაციო-ტექნოლოგიურ სფეროში შემუშავებულია და დანერგილია მუშაობის გარკვეული სტანდარტი და პროცესი.მაქვს ბედნიერება და მაქვს საავტორო უფლება სპეციალური სახელმძღვანელოების თარგმნისა კომპიუტერულ სფეროში, მაგალითად როგორ უნდა ვიმუშაოთ მონაცემთა ბაზაში და ასე შემდეგ… და მინდა ჩვენს ქართველ სტუდენტებს გავუზიარო ჩემი გამოცდილება, როცა განვახორციელებ ამ პროექტს.

– ჯერ მხოლოდ იდეის დონეზეა ეს პროექტი?

– ფაქტობრივად საავტორო უფლება მოპოვებულია, ეს მნიშვნელოვანი რამ არის. ახლა ჩემს დროზეა დამოკიდებული ყველაფერი, რამდენად სწრაფად შევძლებ თარგმანს და დაბეჭვდას. დროში საკმაოდ შეზღუდული ვარ. თუმცა, რამენაირად მოვახერხებ.

– ამ ეტაპზე სად მუშაობ?

– ვმუშაობ ხარისხის მართვის უზრუნველყოფის სპეციალისტად სამედიცინო კომპიუტერულ სფეროში, კომპანიას ჰქვია „მედისოლვი“, საკმაოდ ცნობილი და პოპულარული კომპანიაა. ჩვენ კომიუტერული პროგრამის მეშვეობით ამერიკისა და კანადის რამდენიმე საავადმყოფოს ვუფასებთ ხარისხს.

– ჟურნალისტიკიდან ინჟინერიაში და ახლა ნოტარიუსი, ეს უკანასკნელი საიდან, როგორ, რატომ გადაწყვიტე?

– რაც მეტი პროფესია გაქვს ამერიკაში, მით მეტად წელგამართული ხარ და ფინანსურად მომგებიანია… ამიტომ გადავწყვიტე

– რთული არ იყო? ასე უცებ ამდენი საქმე და კიდევ სწავლა, გამოცდები, ასე მარტივად ხომ არ ხდება?

– ძალიან რთული იყო და არის დღემდე…. დიდი შრომაა ეს ყველაფერი, თითქმის უძილო ღამეები, მაგრამ შეუძლებელი არაფერია როცა გაქვს მიზანი, რესურსი თავისით გამოიძებნება… მე მქონდა მიზანი და ეს შევძელი… ახლა ველოდები ბეჭდის აღებას, სანოტარო წიგნის შეძენას და უკვე სახლიდან, ჩემი ძირითადი საქმიანობის პარალელურად შემიძლია დავიწყო მუშაობა

– მოკლედ რომ ვთქვათ, შენი მიზანდასახულობით არაჩვეულებრივი კარიერა აიწყე უცხო ქვეყანაში, სადაც დამკვიდრება არც თუ ისე იოლია…

– დამკვიდრება ძალიან ძნელია თუ არ გაქვს ნებისყოფა და განსაზღვრული გეგმა. უნდა იცოდე რა გინდა და უნდა ფლობდე ამის შესახებ ბევრ ინფორმაციას. ამერიკაში ყველაზე მეტად ფასობს ინფორმაცია.

– თუმცა, ისევე როგორც ყოველთვის, მიზნისკენ მისასვლელი გზა არც ასე მარტივია, თუ იყო მომენტი, როცა ფარხმალი დაყარე ჩემოდანი ჩაალაგე და თქვი – მორჩა, დასრულდა, ვბრუნდები

– არასდროს დამიხევია უკან, თუმცა რა საკვირველია ძალიან ბევრი პრობლემები შემქმნია.

– ამ ხნის განმავლობაში რამდენჯერ შეძელი საქართველოში ჩამოსვლა?

– ორჯერ, პირველად 2012 წელს და მეორედ 2016 წელს… სამწუხაროდ მამა ისე დაიკრძალა, რომ ვერ ჩავედი, სამსახური მქონდა ორი დღის დაწყებული და ვერ გავაცდენდი… ბოლოს სანამ გარდაიცვლებოდა ორი დღით ადრე, ტელეფონით ვესაუბრე და მითხრა არ ჩამოხვიდე, შენს საქმეებს მიხედეო…

– ძალიან ცუდი… თუმცა ცხოვრება გრძელდება, არის შვილი, რომელიც 8 წლის დატოვე

– კი, სანდრო ახლა 14 წლისაა და ივლისში ისიც ჩამოვა ამერიკაში. როგორც ამერიკის მოქალაქემ გავაკეთე ოჯახის გაერთიანება და ქმარ-შვილი ჩამოვა ივლისში. სანდრო აქ მეათე კლასში გააგრძელებს სწავლას

– ანუ სახლში, რომელიც ახლახანს შეიძინე სრული ოჯახური იდილია იქნება?

– კი ასეა ნამდვილად. სახლი სანდროს სკოლასთან ახლოსაა ძალიან და იქ ფეხით ან ველოსიპედით შეეძლება სიარული.

– როგორია შენი სახლი? მეზობლები, რამდენადაც ვიცი მანდაც ვერ აცდი ჩრდილოელ მეზობლებს

– სახლი პენტჰაუზის მესამე სართულზეა, ნათელი და მზიანი… მყავს რუსი და უკრაინელი მეზობლები და საკმაოდ კარგად ვეწყობით ერთმანეთს. ქართველებს დიდი პატივისცემით და მოწიწებით გვექცევიან, უყვართ ქართული საჭმელები და განსაკუთრებით ხაჭაპური

– არ თქვა რომ ხარ ხელდამშვენებული მოკითხვებში, და აცხობ იმერული ხაჭაპურებს?

– კი ვარ. ყოველ საღამოს ჩაიზე გავდივარ მათთან და ამ წუთშიც თქვენ რომ გესაუბრებით ფენოვანი ხაჭაპური გავაკეთე მათთვის.

– პოლიტიკაზე თუ საუბრობთ?

– არ უყვართ სააკაშვილი და არც პუტინი. მოსწონთ დონალ ტრამპი. ახსოვთ ის ლამაზი და თბილი თბილისი და ყოველთვის სიყვარულით იხსენებენ ქართველებს.

– ანუ მეზობლებში გაგიმართლა

– კი, ისე სიმართლე რომ გითხრა, ჩვენ ორივეს ერთნაირი კომპლექსი გვქონდა მე, როგორც ქართველს და მას, როგორც რუსს, მაგრამ მთავარია ურთიერთპატივისცემა და სიყვარული, ეს ჩვენ შევძელით.

– მიუხედავად შენი დატვირთული გრაფიკისა და უამრავი საქმისა, მუდმივად ადევნებ თვალყურს რუსთავულ ამბებს. როგორია სხვა კონტინენტიდან დანახული შენი მშობლიური ქალაქი?

– ვხედავ რომ ბევრი რამ გაკეთდა ქალაქში, გალამაზდა, ვისურვებდი, რომ მეტი ყურადღება მოზარდების განათლების საკითხს დაეთმოს, განსაკუთრებით საინფორმაციო ტექნოლოგიური მეცნიერების მხრივ

– რა გენატრება ყველაზე მეტად ამ ქალაქში?

– ჩემი ქუჩა, სადაც გავიზარდე და ბავშვობა გავატარე. ჩემი სამეზობლო, კლასელები, მეგობრები

– გალერეა, რომელშიც ძალიან დიდი შრომა ჩადე?

– გალერეამ გამანადგურა, რადგან სულ დანგრეულია და სამწუხაროდ ქალაქმა ეს არ შეინარჩუნა. დავით ნადაშვილის მერობის დროს შეგნებულად მოისპო. დავით ნადაშვილი თავის დროზე დავით ციციშვილის სახელობის კოლექციასაც არაკეთილსინდისიერად მოექცა და მე ამის შესახებ ვწერდი ჩემს ჟურნალისტურ გამოძიებაში. როცა მერი გახდა ჯავრი გალერეის დანგრევით იყარა… არსებული ექსპონანტები, როცა დაიწყეს გალერეის განადგურება, 2003 წელს მე გადავეცი ციციშვილის მეუღლეს, ჩავუტანე თბილისში უკლებლივ ყველაფერი.

– აუცილებლად მინდა ვისაუბროთ მეუღლეზე, მინდა მის შესახებ გვიამბო, მისი როლი როგორია შენს წარმატებაში?

– ჩვენი ქორწინება სამსახურეობრივი რომანის შედეგია… ის დიდი სიკეთისა და სიყვარულის მატარებელი, საოცრად ჰუმანური ადამიანია, რომელიც ბევრად უსწრებს დროს აზროვნებით. ჩემი წარმატებაც სწორედ მისი დამსახურებაა ყველაფერში… არაჩვეულებრივი მამაა… სანდროს დიდი მეგობარი და ძმაკაცი…. საჯაროდ მადლობა მას ყველაფრისთვის – ნდობისთვის, ხელშეწყობისთვის და სიყვარულისთვის. იუველირის სიზუსტით ესმის ქალის!

– როგორია სანდრო? როგორ ფიქრობ მარტივად შეეგუება უცხო ქვეყანას?

– სანდრო თავმდაბალია და ეს მიხარია. უკვე იცის რამდენიმე კომპიუტერული ენა. ინგლისურს ფლობს თავისუფლად.. უყვარს მათემატიკა და ცეკვავს თანამედროვე სპორტულ ცეკვებს, რაშიც გარკვეული წარმატებაც აქვს, აქ რომ ჩამოვა გააგრძელებს ცეკვასაც. ვფიქრობ არ უნდა გაუჭირდეს აქ შეგუება, ამერიკა ბუნდოვნად ახსოვს. როცა ჰარვარდში ვსწავლობდი ჩემთან იყო ჩემი ოჯახი, მაშინ სანდრო 2 წლის იყო. ამერიკაში ძალიან დიდი შესაძლებლობებია მოზარდისთვის და ეს უკვე ბევრს ნიშნავს

– თუ აქვს გადაწყვეტილი სანდროს რა პროფესიას აირჩევს?

– თავად სურს კომპიუტერული მეცნიერების შესწავლა. მასაჩუსეტის საინფორმაციო ტექნოლოგიის ინსტიტუტში სურს ჩაბარება. ეს ყველაზე პრესტიჟულია ამ სფეროში. ყველაფერი მასზეა დამოკიდებული რამდენად შრომისუნარიანი იქნება და მიზანდასახული

– მოკლედ ზაფხულიდან ყველაფერი გექნება სრულყოფილი ბედნიერი ცხოვრებისთვის – კარიერა, ოჯახი

– კი, ზაფხულში ცოტა ხნით ჩამოვალ საქართველოში და უკვე სრული ოჯახური შემადგენლობით დავბრუნდებით ყველა ერთად ამერიკაში

– ეს არის ის რაც გინდოდა, თუმცა მაინტერესებს ამ სურვილებში არის ამერიკაში სამუდამოდ დარჩენა, თუ კიდევ არის მიზნები რომელთა მიღწევის შემდეგ სამშობლოში დაბრუნდები?

– ამ ეტაპზე არ ვაპირებ საქართველოში დაბრუნებას. აქედან უფრო ბევრს გავუკეთებ ჩემს ქვეყანას. მინდა დავეხმარო ნიჭიერ ახალგაზრდებს, ვისაც სურს განვითარდეს თავის სფეროში.

– მიუხედავად იმისა, რომ აქ დაბრუნებას არ აპირებ, შენი გეგმები მაინც სამშობლოს უკავშირდება.

– ყოველთვის!

(C) Telegraph.ge

კომენტარები გამორთულია