ნინო ჩიტორელიძე – საქმიანი დედის ნარატივი რუსთავიდან

0
624

საქმიანი დედა

რუბრიკის სტუმარია ნინო ჩიტორელიძე – 35 წლის, 3 შვილის დედა.

წესით, ეს ნარატივი ორი კვირის წინ უნდა დამეწერა, მაგრამ მხოლოდ მაშინ დავიწყე წერა, როცა პორტალის რედაქტორმა მომწერა მესენჯერში, იქნებ ხვალისთვის გამომიგზავნო მასალაო. მე რა თქმა უნდა მოვუბოდიშე და დავიწყე ახსნა-განმარტება, რომ ძალიან გადატვირთული ვარ, პარალელურად რამდენიმე ღონისძიებას ვაორგანიზებ, ბავშვი ახველებს და ვერავისთან ვტოვებ და ათასი რამ. პრინციპში არც მომიტყუებია, სტატიის გმირადაც ხომ იმიტომ შემარჩია, რომ სამი შვილის დედა ვარ, ვმუშაობ და ვსწავლობ პარალელურად. მესამედ ვამთავრებ ბაღს, მეორედ პირველ კლასს და პირველად დოქტორანტურას. ახლაც სანამ ალექსანდრეს ველოდები რობოტიკების ლაბორატორიის გაკვეთილზე, მცირე მონიშვნებს ვაკეთებ მობილურში, საღამოს ყველას რომ დავაძინებ ჩავუჯდები ლეპ ტოპს და დავაწყობ აზრებს.

ალბათ ბოლო ერთი კვირაა ნახევარი საათით ადრე მივდივარ სამსახურში. ჩემი მეუღლე ქალაქგარეთაა და სამი ბავშვის მოვლა – პატრონობა მთლიანად მე მეკისრება. უფრო სწორად, თითქმის მთლიანად, დედაჩემის ჩართულობა არ უნდა გამომრჩეს, თორემ მიწყენს!

დილით მე და დედა ვაცმევთ სამ ბავშვს, მე ერთმანეთის მიყოლებით ვათავსებ მანქანაში და წუთებში გათვლილ ტრაექტორიას ვხაზავ! ჯერ ყველას ერთად თეოდორე მიგვყავს ბაღში, ალექსანდრეს და ელენეს გარეშე რომ მივიყვანო მანქანიდან არ გადმოვა და იმ დღეს სამსახურს უნდა დავემშვიდობო, ამიტომ ყველა მობილიზებული ვართ ჯგუფის კარებამდე მივაცილოთ, ჩავკოცნოთ, მასწავლებელს მივაჩეჩოთ და გამოვიქცეთ. ზუსტად ცხრას რომ ორი წუთი აკლია ალექსანდრე ჩამოხტება სკოლის შესასვლელთან. პირველ კლასშია და ჯერ ისევ ავიწყდება მანქანაში ჩანთა. ელენე უკვე მშვიდად მიმყავს ბაღში, ასეთი პუნქტუალური ბოლოს როდის ვიყავი არ მახსოვს.

გამოვდივარ ბაღის ეზოდან და ვიცი, რომ მომდევნო ორმოცი წუთი მხოლოდ ჩემია, ვერავინ ვერაფერს დამავალებს, მე ჩემ თავს არაფერს დავავალებ და შემიძლია ყველა მაღაზიაში შევიდე, რაც გაღებული დამხვდება, ან ყავა დავლიო კაფეში. ათის ოცი წუთია და ჯერ მხოლოდ სკოლიდან მომავალი მშობლები, ან ბაღისკენ მიმავალი ბავშვები და მშობლები მხვდებიან ქუჩაში.

სწორედ ის დროა დღის საქმიანობის სია რომ უნდა შევადგინო, პარტნიორებთან დარეკვა და მეილების გაგზავნა არ დამავიწყდეს, ალექსანდრე სკოლიდან დროზე გამოვიყვანო, ელენე ბალეტზე წავიყვანო და სახლამდე სანამ მივალთ ზეიმის ფორმა ვუყიდო, თეოდორე ბაღიდან გამოვიყვანო. ორი დღის წინ ბაღში დამრჩა. იმ დღეს ელენე ჩემ დას ჩავაბარე და ალბათ გონებაში თედიც მივაყოლე. რვის თხუთმეტ წუთზე გამოვედი ოფისიდან, მანქანაში ჩავჯექი და ტელეფონმაც დარეკა. ეკრანს რომ დავხედე, მაშინ გამოვფხილზდი, ხუთ წუთში გავჩნდი ბაღის შენობასთან და ბოდიშებით ავავსე თეოდორეც და მისი მასწავლებელიც. დღემდე არ მითქვამს ოჯახის წევრებისთვის ეს ამბავი.

ამ ფიქრებში გართული მივესალმე ჩემს ყოფილ თანამშრომელს, რომელიც ყოველთვის სიყვარულით კითხულობს ჩემ ამბებს, სათითაოდ მოიხსენებს ოჯახის ყველა წევრს. დღესაც ასე მოხდა და ბოლოს მითხრა, ვერასოდეს წარმოვიდგედი თუ სამ ბავშვს გააჩენდი, ყოველთვის ისეთი საქმიანი იყავი, მეგონა ერთი შვილის მეტი არ გეყოლებოდაო. გულიანად გამეცინა და კიდევ ერთხელ გამახსენდა, რომ არასოდეს დამიგეგმავს ოჯახური ცხოვრება, გათხოვება, შვილები. რასაც ვგეგმავდი ის იყო, რომ უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ სამსახური უნდა მეშოვა. ამას რომ მივაღწიე მაგისტრატურაშიც ჩავაბარე, დავამთავრე და ცოტა ხანში სამსახური შევიცვალე, სასურველ პროექტზე დავიწყე მუშაობა. მხოლოდ ამის მერე შევქმენი ოჯახი. გუშინ ვფიქრობდი, რვა წელი გავიდა უკვე. ბევრი არ არის, მაგრამ არც ცოტაა. სიახლეების სამწლეულებადაც შემიძლია დავყო: პირველი სამი წელი ალექსანდრე და ელენე, მეორე სამი წელი თეოდორე, მესამე სამწლედი ჯერ არ დასრულებულა და ვნახოთ რა იქნება. ერთმა მენეჯერმა ისიც კი მითხრა, შენი დაწინაურება რომც მინდოდეს ვერ შევძლებ, ყოველ წელს ფეხმძიმედ ხარო.

მთავარი მაინც ის არის, რომ ოჯახი და სამუშაო გარემო არსოდეს ყოფილა ჩემთვის სხვადასხვა. თითქმის აღარ მახსოვს ის პერიოდი, როდესაც არ ვმუშაობდი: ფეხმძიმე, დეკრეტულ შვებულებაში მყოფი, ავადმყოფი, დასვენების დღეებში და დღესასწაულებზეც. რა დამვიწყებს რვა მარტის “ჩექინს” ოფისიდან და ალექსანდრეს პირველ ზეიმს, რომელსაც ვერ დავესწარი, იმის გამო რომ საზღვარგარეთ ვიყავი მივლინებაში, არადა ბიჭი ორი წლის იყო და რუსთავის დრამატული თეატრის სცენაზე გამოდიოდა.

ახლანდელ სამსახურში მეხუთე წელია ვმუშაობ. ერთიდაიმავე საქმიანობისთვის საკმაოდ ბევრია და შეიძლება მოსაწყენიც გამხდარიყო, მაგრამ დღეს რაც ვარ, ამ გარემოს დამსახურებაა. დილის ყავა ოფისის განახლებულ სამზარეულოში, მეგობრებად გამხდარი თანამშრომლები, და “დედლაინები, დედლაინები”…

ცოტა ხნის წინ ერთი ფილმი ვნახე, მთავარი გმირი, რომელსაც სარა ჯესიკა პარკერი განასახიერებს, სამსახურსა და ოჯახს შორის არჩევანს ვერ აკეთებს, ყველა ბარიერის მიუხედავად, მზრუნველი დედაა და წარმატებული კარიერაც აქვს. ამაზე ძნელად მხოლოდ დუკანის დიეტის დაცვა მესახება, მაგრამ ვფიქრობ მომავალი სამწელული სწორედ ამ ამოცანის განხორციელებას დავუთმო, რა თქმა უნდა ოჯახისა და სამსახურის პარალელურად.

(C) Telegraph.ge

კომენტარები გამორთულია