,,ქალთა მდგომარეობა ქვემო ქართლში“ – „სიდამ” კვლევა გამოაქვეყნა

0
328

არასამთავრობო ორგანიზაცია ,,სიდას“ მიერ ჩატარებული კვლევის ,,ქალთა მდგომარეობა ქვემო ქართლში“ პრეზენტაცია გაიმართა.

ანგარიში მიზნად ისახავს ქვემო ქართლის რეგიონში მცხოვრები ქალების უფლებრივი მდგომარეობის გაცნობას და ამ კუთხით არსებული პრობლემების ანალიზს.

ანგარიში პრეზენტაციას მთავრობის ადმინისტრაციის, საქართველოს პარლამენტის, შინაგან საქმეთა და სასჯელაღსრულების სამინისტროს წარმომადგენლები დაესწრნენ. ასევე, პრეზენტაციაზე მოწვეულები იყვნენ იმ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებსაც ანალოგიურ თემებზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ.

შედეგების მიხედვით, რეგიონში მაცხოვრებლების უმრავლესობას არ აქვს ინფორმაცია ოჯახში ძალადობის, ნაადრევი ქორწინებისა და დისკრიმინაციასთან დაკავშირებული პრობლემების საკანონმდებლო რეგულაციაზე. ამ პრობლემის გამომწვევი მიზეზებია რეგიონში არსებული ცნობიერების დაბალი დონე და ასევე ბენეფიციარების მხრიდან არსებული უნდობლობა სერვისების მიმღებლობის თვალსაზრისით.

კვლევამ აჩვენა, რომ ქვემო ქართლის რეგიონში მოქმედ სასამართლოებში 2016 წლის მანძილზე განხილული ოჯახში ძალადობის 25 აღკვეთის ღონისძიების საქმიდან, მხოლოდ 6 შემთხვევაში მოხდა პატიმრობის შეფარდება. 38 დასრულებული სისხლის სამართლის საქმიდან კი მხოლოდ 2 საქმეზე დადგა განაჩენი საპატიმრო სასჯელის გამოყენებით. დანარჩენ შემთხვევებში გაფორმდა საპროცესო შეთანხმება ჯარიმის ან პირობითი სასჯელის გამოყენებით. ნაადრევი ქორწინების 15 საქმეზე კი, ყველა შემთხვევაში დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება საპატიმრო სასჯელის გარეშე.

მიღებული სტატისტიკის ანალიზისას გამოიკვეთა სასამართლოს მხრიდან არსებული  პრობლემური მიდგომა აღკვეთის ღონისძიებებისა და სასჯელების მიმართ, როგორც ოჯახში ძალადობის, ისე ნაადრევი ქორწინების საქმეებზე. სასამართლოს მხრიდან არ ხდება რისკებისა და საფრთხეების სწორად შეფასება, განსაკუთრებით სისხლის სამართლის საქმეებზე აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდების, ან საპროცესო შეთანხმების უპირობოდ დამტკიცების დროს.

კვლევა სრულად იხილეთ შემდეგ ბმულზე

ნინო ბერიძე
რუსთავი
(C) Telegraph.ge

კომენტარები გამორთულია