ჯანდარას ტერიტორიაზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებისას, წითელი ნუსხის, ბექობის არწივის საბუდარი ტერიტორია განადგურდა

0
1525

საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის მიერ, ჯანდარას ტერიტორიაზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებისას, წითელი ნუსხის, ბექობის არწივის საბუდარი ტერიტორია განადგურდა. ამის შესახებ ინფორმაცია ორგანიზაცია „საბუკოს“ წარმომადგენლებმა გაავრცელეს. ორგანიზაციის დირექტორი ალექსანდრე რუხაია  „ტელეგრაფთან“ საუბრისას აღნიშნავს, რომ ბექობის არწივის საბუდარის განადგურება ტერიტორიაზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების გამო მოხდა.

„ჯანდარას ტერიტორიაზე მდებარეობდა ორი ანძა. ორივე ანძაზე იყო ბექობის არწივის საბუდარი. ბექობის არწივი მოგეხსენებათ არის საქართველოს და საერთაშორისო სტატუსის მქონე წითელ ნუსხაში შესული. კომპანია „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ ამ წუთას სწორედ აღნიშნულ ტერიტორიაზე აწარმოებს სამშენებლო სამუშაოებს. კომპანიამ მუშაობა წინა წელს დაიწყო, კომპანიამ იქ დატოვა მხოლოდ ერთი ბუდე, რომელიც არ იყო აქტიური. ამ ბუდეს მოიხსენიებს როგორც ალტერნატიულ შემამსუბუქებელ ღონისძიებას, რაც არ არის სიმართლე, იმიტომ, რომ თუ კი ვინმე ამ საკითხებში ჩახედულია, იმ ადამიანმა, იცის რომ ამ სახეობის ფრინველი, იქ სადაც ამგვარი მშენებლობა მიმდინარეობს, ან ხმაურია, არასდროს არ დაიბუდებს. შესაბამისად, ის მოსაბუდარი ტერიტორია განადგურებულია. ალტერნატივა არ შეუქმნია და გამუდმებით გაიძახიან იმას, რომ ბუდე ნომერი 40 ადგილზეა, თუმცა იმის იქ ყოფნას აზრი არ აქვს.“

„საბუკოს“ ხელმძღვანელი ჩვენთან არასამართლებრივ მშენებლობაზე საუბრობს და „საქართველოს სახელმწიფო ელექტრო სისტემას“ სისხლის სამართლის დანაშაულში სდებს ბრალს.

„ამ ყველაფრის ფონზე, აღმოჩნდა რომ „საქართველოს სახელმწიფო ელექტრო სისტემას“ არ გააჩნია გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ გაცემული, ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა. დასკვნა გაიცემა ყველა სამშენებლო კომპანიაზე, რომელიც ვალდებულია რაღაც კუთხით ბიო მრავალფეროვნება დაიცვას და მის შენარჩუნებას შეუწყოს ხელი, თუკი მისი ობიექტის გარშემო მდებარეობს, ასეთი მდიდარი ბიო მრავალფეროვნება. შესაბამისად, წინასწარ წარადგენს გარემოს ზემოქმედების რისკფაქტორებს, ამის საფუძველზე სამინისტრო იკვლევს არსებულ სიტუაციას და ტერიტორიას, რის საფუძველზეც ხდება ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა და ამის შემდეგ ღებულობს მშენებლობის ნებართვას კომპანია. რადგან ეს დასკვნა არ არსებობს, ეს კომპანია უკანონო მშენებლობას ახორციელებს. გამოდის რომ, კომპანია მხილებულია სისხლის სამართლის დანაშაულში. აღსანიშნავი,ა რომ  სამუშაოები წარმოებს BP-ის დაკვეთით. მივმართეთ ჩვენ კომპანიას, რომ მოხდარიყო ამ საქმის გადახედვა, ასევე მოხდა გარემოს დაცვის სამინისტროსთან დაკავშირება, რომლეთაც ვთხოვეთ ადგილზე შეესწავლათ არსებული ვითარება.“

ალექსანდრე რუხაია ასევე იმ წერილს გამოეხმაურა, რომელიც გარემოს დაცვის სამინისტრომ სოციალური ქსელის მეშვეობით გამოაქვეყნა.

„ადგილზე მოხდა ტერიტორიის დათვალიერება, შედგა აქტი. დათვალიერების შედეგად დადგინდა, რომ ტერიტორიაზე დაწყებულია სამუშაოები. არწივების საბუდარი – N40 ბოძი, რომელიც მითითებულია სს საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის მიერ წარმოდგენილ გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშში, ადგილზეა. თუმცა, მიმდებარე ტერიტორიაზე, მიმდინარე სამუშაოების პროცესში, აღებულია სხვა ბოძი. ბექობის არწივის წყვილი დაფიქსირდა ტერიტორიდან მოშორებით. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ, მიმდინარეობს საკითხის შესწავლა. პირველადი მონაცემებით, სამუშაოები მიმდინარეობს ეკოლოგიური ექპერტიზის დასკვნის გარეშე. საკითხის საბოლოო შესწავლის შემდგომ, გატარდება შესაბამისი ღონისძიებები“- ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

ალექსანდრე რუხაია: „აღნიშნული განცხადება ტყუილია, რადგან რეალურად ბუდე რასაც გამუდმებით გაიძახის კომპანია რომ არის ალტერნატივა, ეს ასე არაა. სამინისტროც უჭერს მათ მხარს, როგორც ჩანს. ჩვენთვის ცოტა საეჭვოა, რადგან სწორედ მათ მიერ მოხდა ბექობის არწივის კრიტიკულ დონემდე მისულად გამოცხადება და შეყვანა საქართველოს წითელ ნუსხაში. ჩვენთვის, როგორც კომპანიისთვის საკმაოდ რთულია  ბრძოლა მსხვილ კომპანიებთან, მითუმეტეს სამინისტროსთნ, რომელიც შენ მხარს არ გიჭერს.“

„საბუკოს“ დირექტორი ამბობს, რომ მოხდება სარჩელის შეტანა რაც იქნება მათი მხრიდან  უკიდურესი ფორმა.

„ ჩვენ ქმედებებს, რომელიც ამ ეტაპზე ხორციელდება თუ შედეგი არ მოჰყვება, იძულებულები ვიქნებით სარჩელი შევიტანოთ, არამარტო ქართულ სასამართლოში,  ალბათ ევრო საბჭოსაც მივწერთ აღნიშნულ სიტუაციაზე, იმიტომ რომ როდესაც საერთაშორისო ორგანიზაციებმა და მხარდამჭერებმა უნდა იცოდნენ რა ხდება ქვეყანაში. ჩენ ასოცირების ხელშეკრულებაზე გვაქვს ხელი მოწერილი და რიგი პასუხისმგებლობები გვაქვს საკუთრ თავზე აღებული. თუკი ვიტყვით იმას რომ გვინდა ევროპელობა, მაშინ ევროპელებივით უნდა მოვიქცეთ“ – ამბობს რუხაია.

როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, აღნიშნულ ტერიტორიაზე ,,ბრიტიშ პეტროლიუმი” (BP) ავითარებს ნავთობის საქაჩ  მაღალი წნევის სადგურებს საქართველოს მასშტაბით. შესაბამისად, სსე, როგორც კონტრაქტორი, გაზრდილი მოთხოვნის შესაბამისად, აწარმოებს აღნიშნული პროექტის განხორციელებას. ამჟამად მიმდინარეობს 110/10 კვ ქ/ს ,,ჯანდარა”-ს მშენებლობა რომელიც შემდგომში მიერთებული იქნება ქ/ს “გარდაბანი 500”-თან 110 კვ ეგხ BP-ის საშუალებით, აღნიშნულ სამშენებლო სამუშაოებს აგრეთვე განახორციელებს “საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა.”

კომენტარები გამორთულია