სპორტის მასწავლებლების საპილოტე პროგრამა დაიწყო

0
138

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით, ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტთან ერთად, უპრეცედენტო საპილოტე პროექტი აქტიური სპორტი ყველა სკოლას” დაიწყო. პროექტის ფარგლებში, ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო-სასწავლო უნივერსიტეტში, თბილისისა და რეგიონების 20 საჯარო სკოლის სპორტის მასწავლებელი, 2 ფსიქოლოგი და სპეც. მასწავლებელი გადამზადდება. სპორტის მასწავლებლებს მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა ქართული სპორტის მუზეუმში უმასპინძლა, მადლობა გადაუხადა გაწეული მუშაობისთვის და ქართული სპორტის განვითარებაში მათ უმნიშვნელოვანეს როლზე ისაუბრა.

სამინისტროების მხრიდან განხორციელდება პროცესის/დანერგვის მონიტორინგი და შეფასება, წინასწარ გაწერილი კრიტერიუმების შესაბამისად. პროექტის წარმატებით განხორციელების შემთხვევაში, მოდული დაინერგება ყველა სკოლაში. პროექტის მიზანია სასკოლო ცხოვრებაში ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების წესის დანერგვა, მომავალ თაობაში სწორი ფიზიკური აღზრდის კულტურის ჩამოყალიბება. მასწავლებელთა გადამზადება უზრუნველყოფს სპორტის სწავლების ყველა საფეხურზე თანაბრად აქტიურ მიმდინარეობას, საგაკვეთილო პროცესში ერთნაირ ჩართულობას როგორც  ვაჟების, ასევე გოგონების. მოტივირებული და გადამზადებული მასწავლებლები ხელს შეუწყობენ  –  მოსწავლეთა უმრავლესობა, მათ შორის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოზარდები ჩართონ საგაკვეთილო პროცესში და დაეხმარონ მოსწავლეებში ჯანსაღი ცხოვრების წესის გამომუშავებას და მათ ფიზიკურ განვითარებას.

ტარიელ ხეჩიკაშვილი:“ სპორტი ყველა სოფელში, ყველა რეგიონში, არის ჩვენი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი. ეს პედაგოგები ზუსტად ამ მიმართულებით იმუშავებენ, მომავალ თაობას სპორტის სიყვარულს თავიდანვე ასწავლიან და მათ სწორად განვითარებაზე იზრუნებენ. შესაბამისად, პედაგოგების გადამზადება აუცილებელია, კვალიფიციური მასწავლებლები მეტწილად განსაზღვრავენ ჩვენი სპორტსმენების სამომავლო წარმატებებს, რადგან სწორად ჩაყრილი საფუძველი, თეორიული თუ პრაქტიკული ცოდნის მაღალ დონეზე გაზიარება წლების შემდეგ, პროფესიულ სპორტში ძალიან დიდ წარმატებას მოგვიტანს“.

ეკატერინე კალანდაძე(სპორტის მასწავლებელი):“ მინისტრთან შეხვედრა, მისი მოსაზრებების გაზიარება ჩვენთვის დიდი მოტივაციაა. ვაცნობიერებთ იმ პასუხისმგებლობას, რაც ჩვენ გვეკისრება და ყველაფერს ვაკეთებთ საიმისოდ, რომ მომავალი წარმატებული სპორტსმენები, მსოფლიოს და ოლიმპიური ჩემპიონები გავზარდოთ“.

ევგენი ხარშილაძე:“ ქართული სპორტის მუზეუმში მოხვედრის შემდეგ უფრო კარგად გავითავისე თუ რამდენი სახელოვანი სპორტსმენი, გამორჩეული ადამიანი გაუზრდია ჩვენს სამშობლოს. ძალიან ბევრ ყვეყანას შეშურდება ჩვენი წარმატების. ახლა ჩვენი მიზანია, რომ იმ დიდი გამარჯვებების ნაკვალევზე კიდევ უფრო მეტი მონდომებით, მეტი შემართებით ვიაროთ და საქართველოს ბევრი ჩემპიონი, ტიტულოვანი სპორტსმენი გავუზარდოთ“.

კომენტარები გამორთულია