რუსთაველი გოგონები ამერიკული ოცნებების ასასრულებლად ემზადებიან

0
1959

ბავშვობაში ეზოში თამაშის დროს ყოველთვის იყო ვიღაც, ვინც ამბობდა, რომ მამამისი ამერიკაში გადაგვისვრიდა. ყოველთვის მეშინოდა, არ მინდოდა ვიღაცის მამას ცხრა მთას იქითა ქვეყანაში გადავესროლე. იქ, სადაც არავინ მიცნობდა და იქნებ არც იცოდნენ რა იყო საქართველო?! თავს იმით ვიმშვიდებდი, რომ რამდენიმე სიტყვა ვიცოდი ინგლისურად და შევძლებდი ამეხსნა რა გაუგებრობაში ამოვყავი თავი.

7 წლის ვიყავი პირველად რომ ვუყურე High School Musical-ს და უკვე ვოცნებობდი ვიღაცასთან ისე მეკამათა, რომ მამამისს ამერიკაში გადავესროლე, თუმცა საკმარისად კონფლიქტური არ აღმოვჩნდი. დროთა განმავლობაში ვხვდებოდი, რომ არავის მამას არ შეუძლია ასე, უბრალოდ, მოგისროლოს შორეულ, მზიან ან წვიმიან, დიდ ან პატარა ქვეყანაში. ჩემი ოჯახის ფინანსური მდგომარეობიდან და ამერიკაში გასამგზავრებლად საჭირო თანხებიდან გამომდინარე მივხვდი, რომ ოცნება კიდევ დიდ ხანს დარჩებოდა ოცნებად…

High School Musical-ის პირველი ეპიზოდის ნახვიდან 7 წლის შემდეგ, ჩემი ინგლისურის მასწავლებელმა მითხრა, რომ არსებობს პროგრამა სახელად FLEX, რომლის ფინალისტებიც სრულიად უფასოდ მიემგზავრებიან ამერიკის შეერთებულ შტატებში სასწავლებლად ერთი აკადემიური წლით. ამ სიტყვების გაგონებისთანავე ოცნება იქცა მიზნად, რომელსაც ერთ დღეს აუცილებლად მივაღწევდი. 14 წლის ასაკში არ გამიმართლა და ვერ გავხდი ფინალისტი. არასდროს დამიკარგავს შემართება და იმედი, რომ მე მაინც წავიდოდი ამერიკაში სრულიად უფასოდ…

ს.ფ. პრეზენტაცია საქართველოზე. South Salem High School. Salem, Oregon

სამი საკმაოდ შრომატევადი ეტაპის, თეთრად გათენებული ღამეებისა და ხუთთვიანი ლოდინის შემდეგ ჩემს ტელეფონზე გაისმა ზარი, რომელმაც მთელი ჩემი ცხოვრება შეცვალა. ამ ნომრიდან ყოველ წელს 80 ქართველ ბავშვს ურეკავენ და ეუბნებიან, რომ გახდნენ ფინალისტები და სულ მალე ამერიკაში წავლენ. არ ეუბნებიან, მაგრამ გულისხმობენ, რომ მათი ცხოვრებაც შეიცვალა…

ს.ფ – ჩემი მასპინძელი ოჯახი ბრენდა და კელი

ჩემი „ამერიკული ზღაპრის“ მთავარი გმირები მასპინძელი ოჯახის წევრები, ბრენდა და კელი, არიან. მათთან ერთად ათი თვე გავატარე და მივხვდი, ახლა უკვე მსოფლიოს ორივე ნახევარსფეროში მყავს ოჯახი, სადაც მუდამ მელიან. ახლა აღარც იმის მეშინია, რომ ამ ქვეყანაში არავინ მიცნობს ან არ იცის რა არის საქართველო.

წელს, რუსთაველ ფლექსელთა რიცხვს კიდევ სამი გოგონა შეემატება. სამი მიზანდასახული, შრომისმოყვარე, დამოუკიდებელი, ინდივიდუალურად საინტერესო და მუდამ მომღიმარი გოგონა. ლიზი ნოზაძე, დიანა ნარიმანიძე და ისევ ლიზი, ოღონდ ლომია. თქვენ, ალბათ, გაქვთ წარმოდგენა სად მიდიხართ, მაგრამ მერწმუნეთ გოგონებო, სანამ ამერიკულ მზეს არ დაინახავთ ვერ მიხვდებით თქვენს თავს რა ხდება.

-მოკლედ მომიყევით საკუთარ თავზე…

 

ლიზი ნოზაძე: რამდენიმე სიტყვით შემიძლია ჩემ თავზე ვთქვა რომ ვცხოვრობ ქალაქ რუსთავში და ვსწავლობ გიმნაზიაში, თავისუფალ დროს ვატარებ მეგობრებთან ერთად, მიყვარს კითხვა, ხატვა და მინდა რომ უფრო განვავითარო ამ კუთხით საკუთარი თავი, დიდი ხნის განმავლობაში ვცეკვავდი და მინდა რომ ჩემს მომავალ პროფესიას შევუთავსო ის. ვცდილობ ყველა წვრილმანში დავინახო ბედნიერება და არ მივცე საკუთარ თავს დანებების და ცუდად ყოფნის უფლება.

დიანა ნარიმანიძე: მე ვარ დიანა ნარიმანიძე, 15 წლის და ვსწავლობ 25-ე საჯარო სკოლაში. ამ წელს მე გავხვდი FLEX 2017-2018 წლების ფინალისტი. მიყვარს უცხო ენები (განსაკუთრებით ინგლისური და აღმოსავლეთ აზიური) და მომავალში მაქვს სურვილი ვისწავლო ჩინური ენა. ჩემი ერთ-ერთი ჰობია აზიური კულტურის შესწავლა, ასევე ხატვა და კულინარია.

ლიზი ლომია: დავიბადე რუსთავში. ვარ ივანე ჯავახიშვილის სახელობის N24-ე ქართული გიმნაზიის მე-11 კლასის მოსწავლე. ძალიან მიყვარს ცხოველები და დიდი ხნის ხვეწნის შემდეგ მომიყვანეს ლეკვი, რომელიც სულ მალე ერთი წლის ხდება. სამწუხაროდ, ხშირად ვერ ვახერხებ მის გასეირნებას, მაგრამ როცა ვიცლი მე და ჩემს მეგობრებს ერთად გაგვყავს გარეთ ემი( ჩემი ძაღლი). ჩვენც ვერთობით და ისიც ბედნიერია. საბედნიეროდ დათბა და ახლა გარეთ სიარული კიდევ უფრო სასიამოვნოა. მსგავსად სხვა ჩვენი ასაკის ბავშვებისა მეც მიყვარს მუსიკა, კითხვა, ფილმების ყურება, მეგობრებთან ერთად გართობა, ახალი ადგილების დათვალიერება და ახალი საინტერესო ადამიანების გაცნობა.

-როდის და რატომ გადაწყვიტეთ პროგრამაში მონაწილეობის მიღება?

ლიზი ნ.:  მერვე კლასში ვიყავი, როდესაც პროგრამის შესახებ გავიგე. ჩემი ინსპირაცია- ჩემი უახლოესი მეგობრები გახნდნენ, მათ მაშინ შეძლეს და მიაღწიეს იმას, რაც შემდგომ ჩემი მიზანი გახდა, რომელიც საოცრად რთული, თუმცა ამდენადვე საინტერესოდ მეჩვენებოდა. მზად ვიყავი, გამეკეთებინა ყველაფერი და ამეხდინა ოცნება-მესწავლა ამერიკაში. დრო გავიდა, მე შევძელი პროგრამაში მონაწილეობის მიღება, მე გამოვიყენე ჩემი შანსი და გავხდი Flex-ის ფინალისტი.

დიანა: პროგრამაში მონაწილეობა გადავწყვიტე 2015 წელს, როდესაც ერთ-ერთი ჩემი კლასელი მონაწილეობას იღებდა, მაგრამ სამწუხაროდ ასაკი ხელს არ მიწყობდა და ბედი გამოვცადე 2016 წელს. FLEX-ით ამერიკაში წასვლა ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიღწევა იქნებოდა ვინაიდან ინგლისური ენა დამოუკიდებლად ვისწავლე წლების განმავლობაში. ეს იქნებოდა ჩემი შესაძლებლობების გამოცდა, რომელიც დადებითად დამიფასდა.

ლიზი ლ.: ამ პროგრამის შესახებ პირველად ორი წლის წინ შევიტყვე და თავიდანვე ძალიან მომეწონა. ვთვლი რომ იგი ძალიან დიდ შანსს აძლევს ახალგაზრდებს. ეხმარება მათ სწორად წარმართონ საკუთარი მომავალი და აძლევს უზარმაზარ გამოცდილებას. მიუხედავად ამისა შარშან, როდესაც უკვე შემეძლო ჩავრთულიყავი მასში გადავწყვიტე ერთი წელი მომეცადა, რადგანაც ვთვლიდი რომ თავად არ ვიყავი მზად. წელს კი საბოლოოდ მივიღე მონაწილეობა და ბედნიერი ვარ რომ იგი წარმატებით დასრულდა.

-რას მოელით ამერიკისგან?

ლიზი ნ.: მჯერა, რომ ჩემი ,,ამერიკული წელი“ იქნება ყველაზე საინტერესო, განსხვავებული თავგადასავლებით სავსე და მჯერა, რომ სწორედ ამერიკაა ის ქვეყანა , სადაც ჩემი თავის რეალიზებას შევძლებ. პირველად აღმოვჩნდები სრულიად მარტო ამხელა ქვეყანაში და მგონია, რომ სწორედ მაშინ შევიცნობ საკუთარ თავს უკეთ, შევეჩვევი დამოუკიდებელ ცხოვრებას, გამოვცდი ბევრ ახალ რამეს, განვავითარებ საკუთარ შესაძლებლობებს გამოცდილებას შევიძენ და დავეხმარები საკუთარ თავს შემდგომი წარმატებებისთვის.

დიანა: ამერიკა როგორც ვიცით არის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სახელმწიფო დედამიწაზე, ამიტომაც ჩემი მოლოდინი მაღალია. ამ სახელმწიფოსგან მე ველი სრულიად უცხო გარემოს და ხალხს. ამერიკაში ასევე ველი უფრო მეტ მრავალფეროვნებას როგორც ხალხში ისევე კერძებში ან თუნდაც ცხოვრების სტილში. ჩემი აზრით მრავალფეროვნება ადამიანს უფრო გახსნილსა და ლიბერალურს ხდის. ძალიან საინტერესო და დაუვიწყარი გამოცდილება იქნება ეს წელი ჩემთვის და იმედი მაქვს ჩემი ოჯახისთვისაც.

ლიზი ლ.: რას ველი ამერიკისგან? უამრავ ლამაზ მოგონებას, დიდ გამოცდილებას, საკუთარ თავში სიახლეების აღმოჩენას, ბევრ ახალ მეგობარს და ჩემთვის ძვირფას ადამიანს. დიდი იმედი მაქვს, რომ ჩემი მოლოდინი გამართლდება.

იოსებ ბროდსკიმ თქვა „ამერიკაში რომ იცხოვრო, რაღაც მაინც უნდა გიყვარდეს ამერიკული“-ო. ბურგერები, კოკა-კოლა, ჰოლივუდური მელოდრამები და მომღერლები, ალბათ, უკვე გიყვართ, მაგრამ არ დაჯერდეთ ამას. შეიყვარეთ ყველაფერი, რისი შეყვარებაც შეიძლება. ისწავლეთ ყველაფერი, რისი სწავლაც გინდოდათ და საქართველოში ვერ შეძელით. იყავით რაც შეიძლება გონებაგახსნილები. არ შეუშინდეთ სირთულეებს, არ დანებდეთ ოჯახისა და ქვეყნის მონატრებას (ასეთი შემთხვევა გექნებათ ხშირად). იცოდეთ, რომ აქ შეკითხვების დასმა სირცხვილი არაა. იკითხეთ ყველაფერი, რაშიც ეჭვი გეპარებათ. არც თქვენ მოგაკლებენ ცოტა უცნაურ და ჩვენთვის ცოტა სასაცილო კითხვებს. მაგ.: „რა ფერია ცა თქვენს ქვეყანაში?“ ან „თქვენ ცხენებით დადიხართ თუ მანქანებიც გყავთ?“. თქვენი მოვალეობაც ეს არის, რომ ამერიკელებს გააგებინოთ სად და როგორია საქართველო. ამ პროცესით თქვენც იხალისებთ და საბოლოოდ კმაყოფილები დარჩებით. მიეჩვიეთ, რომ რესტორანში აუცილებლად გკითხავენ რას დალევთ, თქვენ ეტყვით, რომ კოკა-კოლა გინდათ და პასუხად გკითხავენ „პეპსი რომ იყოს?“. მერე იმასაც მიეჩვევით, რომ პირდაპირ პეპსი შეუკვეთოთ. ზედმეტი კილოგრამების შიშით არ თქვათ უარი სხვადასხვა ქვეყნის სამზარეულოს დაგემოვნებაზე (აქ ეს ბევრად მარტივია, ვიდრე საქართველოში). არ დაკარგოთ ახალი ადამიანების გაცნობის არც-ერთი შესაძლებლობა, ისინი დაგეხმარებიან უკეთ გაიგოთ ვინ ხართ და რა გინდათ. გაიცინეთ ყოველთვის, როცა შეგეძლებათ და იყავით მადლიერები ყველასა და ყველაფრის მიმართ.

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება FLEX-ის დიდ და მოსიყვარულე ოჯახში!

სალომე ფოცხვერაშვილი
რუსთავი
(C) Telegraph.ge

კომენტარები გამორთულია