აგრარულ საკითხთა კომიტეტმა სარატიფიკაციო დოკუმენტებს მხარი დაუჭირა

0
159

აგრარულ საკითხთა კომიტეტის წევრებმა კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე სარატიფიკაციო დოკუმენტები განიხილეს, რომლებიც საქართველოს საშუალებას მისცემს საქონლის წარმოშობის ქვეყნის განსაზღვრის წესების დიაგონალური კუმულაციის პრინციპით ისარგებლოს.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გენადი არველაძემ, აღნიშნულიდან გამომდინარე, კომიტეტის წევრებს განსახილველად წარუდგინა „პან-ევრო-ხმელთაშუაზღვის პრეფერენციული წარმოშობის წესების შესახებ“ რეგიონული კონვენცია და „თურქეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების II ოქმში „საქონლის წარმოშობის“ ცნების განსაზღვრისა და ადმინისტრაციული თანამშრომლობის მეთოდების შესახებ ცვლილებების შეტანის თაობაზე“ თურქეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით შექმნილი ერთობლივი კომიტეტის N1/2016 გადაწყვეტილება“.

გენადი არველაძის განცხადებით, დიაგონალური კუმულაციის პრინციპით სარგებლობის საშუალება საქართველოსა და ევროკავშირს შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების ამოქმედების შემდეგ გაჩნდა და ეს ევროკავშირსა და იმ სახელმწიფოებს შორის ამოქმედდება, ვისაც ერთმანეთთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებები აქვს დადებული.

როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, დიაგონალური კუმულაციის პრინციპი გულისხმობს იმას, რომ რომელიმე ქვეყნიდან (ვისთანაც გაფორმებულია თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება) იმპორტირებული სამრეწველო ნედლეულის გამოყენებით შექმნილი პროდუქტი თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით ევროკავშირის ბაზარზე დაიშვება როგორც საქართველოში წარმოშობილი. ეს თავის მხრივ, ჩვენს ქვეყანას წარმოების გაფართოების და ხალხის დასაქმების საშუალებას მისცემს.

„თურქეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების II ოქმში „საქონლის წარმოშობის“ ცნების განსაზღვრისა და ადმინისტრაციული თანამშრომლობის მეთოდების შესახებ ცვლილებების შეტანის თაობაზე“ თურქეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით შექმნილი ერთობლივი კომიტეტის N1/2016 გადაწყვეტილების“ რატიფიკაცია  საქართველოს, თურქეთის რესპუბლიკასა და ევროკავშირს შორის დიაგონალური კუმულაციის  ამოქმედების შესაძლებლობას იძლევა.  მას შემდეგ, რაც გარკვეული პროცედურები დასრულდება, აღნიშნული პრინციპი ასევე ამოქმედდება საქართველოს, ევროკავშირსა და  ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის (EFTA) წევრ ქვეყნებს შორის.

კომიტეტის წევრებმა ორივე დოკუმენტს მხარი დაუჭირეს.

კომიტეტის სხდომის წამყვანის, კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი შიოლაშვილის წინადადებით, კომიტეტის წევრებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი  სხდომის დღის წესრიგით განსაზღვრული საკითხის – საპარლამენტო უმცირესობაში შემავალი ფრაქციების: „ევროპული საქართველოს“, „მოძრაობა თავისუფლებისთვის – ევროპული საქართველოს“ და „მოძრაობა თავისუფლებისთვის – რეგიონების“ მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები – „საქართველოს საგადასახდო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ – განხილვის გადადებას. ირაკლი შიოლაშვილის განცხადებით, იმის გამო, რომ პროექტები ბიუჯეტის გარკვეული პარამეტრების ცვლილებას იწვევს, ისინი საქართველოს მთავრობას  გადაეგზავნა და მათი განხილვა მთავრობის მხრიდან წარმოდგენილი დასკვნის შემდეგ მოხდება.

კომენტარები გამორთულია