სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თბილისის აგრარულ ბაზრებში სავაჭრო პავილიონები გადაამოწმა

0
347

სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის სამმართველოს სპეციალისტებმა აგრარულ ბაზრებში სავაჭრო პავილიონები გადაამოწმეს, სადაც ხორცი და რძის ნაწარმი იყიდება. სააგენტოს მიერ გაცემული რეკომენდაციების შესაბამისად, სარეაბილიტაციო სამუშაოები უკვე ჩაატარა შპს “მერკადომ (ე.წ.გლდანის ბაზარში არსებული ხორცის პავილიონი) და შპს „იბერიამ“ (ცენტრალური ბაზარი); გარემონტდა და მოპირკეთდა სავაჭრო სივრცე, მოეწყო ხორცის შესანახი მაცივრები.
„სააგენტოს სურსათის უვნებლობის სპეციალისტების მითითებებით, აგრარულ ბაზრებში, სადაც იყიდება ისეთი მაღალი რისკის სურსათი, როგორიც ხორცი და რძის ნაწარმია, ჩატარდა სარეაბილიტაციო სამუშაოები, გაუმჯობესდა სურსათის სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმები, შენახვის და რეალიზაციის პირობები. ანალოგიური პროცესი მიმდინარეობს სხვა აგრარულ ბაზრებშიც. მომხმარებელთა ინტერესების და ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, სააგენტო ასევე აქტიურად ამოწმებს, რამდენად სრულდება ხორცის და რძის ნაწარმის ეტიკეტირების მოთხოვნები აგრარულ ბაზრებში,“- განაცხადა თბილისის სამმართველოს უფროსის მოადგილემ ვასილ ბასილაძემ.
სააგენტოს უფლებამოსილმა პირებმა ბიზნესოპერატორების დოკუმენტური შემოწმება განახორციელეს და ხორცის და რძის ნაწარმის სავალდებულო ეტიკეტირებაზე გაამახვილეს ყურადღება.
„საქონლის ხორცისა და საქონლის ხორცის პროდუქტების ეტიკეტირების წესი“ 2017 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა. რეგლამენტის მიხედვით, ბიზნესოპერატორი ვალდებულია, ეტიკეტზე დაიტანოს სრული ინფორმაცია ხორცის წარმომავლობის შესახებ, როდის და რომელ სასაკლაოზეა საქონელი დაკლული, ცხოველის ასაკი, ვარგისიანობის ვადა და ა. შ. ამასთან, აგრარულ ბაზრებში აქტიურად მიმდინარეობს რძის ნაწარმის ეტიკეტირების კონტროლი.

სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მომხმარებელს, არ შეიძინოს სურსათი არაორგანიზებული ვაჭრობის ადგილებში, სადაც არ არის დაცული შენახვისა და რეალიზაციის სათანადო პირობები.

კომენტარები გამორთულია