აპირებს თუ არა ბაგა-ბაღების გაერთიანება ხორცის მიმწოდებელ კომპანიასთან ურთიერთობის შეწყვეტას

0
340

რუსთავის ბაღებში დაბინძურებულ ხორცთან დაკავშირებით, ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელს ვესაუბრეთ. „ტელეგრაფი” დაინტერესდა გაგრძელდება თუ არა იმ კომპანიასა და ბაღების გაერთიანებას შორის თანამშრომლობა, რომელიც ბაღებს ხორცით უზრუნველყოფს. ეკა ხუციშვილი ზუსტ პასუხს ვერ გვცემს და ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ სურსათის უვნებლობამ კომპანია დააჯარიმა და სანქციები გაერთიანების მხრიდანაც განხორციელდება, შესაძლოა მათთან ურთიერთობა გადაიხედოს.

„სანქციები აუცილებლად იქნება, ჩვენი მხრიდანაც და სურსათის უვნებლობის მხრიდანაც. ვადები აქვს ყველანაირ პროცედურას, ამიტომ წინასწარ ვერ ვიტყვი რა და როგორ იქნება. აუცილებელია გამოიკვეთოს რაღაც, რის შემდეგაც ჩვენ გადაწყვეტილებას მივიღებთ, გავაგრძელებთ მათთან ურთიერთობას თუ არა. შესაძლებლობა იმისა რომ გადაიხედოს ურთიერთობა არსებობს. ყოველ შემთხვევაში, აჩქარებულ გადაწყვეტილებას არ მივიღებთ, ყველანაირად ვეცდებით რომ კანონის ფარგლებში ვიმოქმედოთ და მივიღოთ შესაბამისი გადაწყვეტილება, ისე რომ არავინ არ აზარალდეს“ – ამბობს ეკა ხუციშვილი.

„ტელეგრაფი” დაინტერესდა რატომ არ არის საკმარისი, დაბინძურებული ხორცი იმის საფუძველი, რომ კომპანიას ხელშეკრულება  შეუწყდეს.

„შესაძლებლობა არის მაგრამ, საქმე იმაშია, რომ ეს კომპანია თავად იყო დაინტერესებული ხორცის შემოწმებით. ეს დაბინძურება მოხდა სანიტარული ჰიგიენური ნორმების დარღვევით. მე არ გამოვრიცხავ, რომ თვითონ დაჭრის დროს მოხდა დაბინძურება, საქონელი ავად არ იყო.“

ჩვენ ასევე დავინტერესდით, თუ რა უჯდება გაერთიანებას ერთი კილოგრამი ხორცის შეძენა და ხდება თუ არა მათი შემოტანის დროს შემოწმება.

„რადგან საცალო საბაზრო და სატენდერო ფასი განსხვავდება ფასები ჩვენთანაც განსხვავებულია. ჩვენ ტენდერში რა ფასიც გვქონდა ჩადებული საქონლის ხორცზე, დავიდან 8 ლარსა და 47თეთრზე, ფრინველის ხორცზე კი 7 ლარსა და 50 თეთრზე, მაში როცა ამ მომენტისთვის ფრინველის ხორცზე ფასი ბაზარში გაცილებით ნაკლებია, ვიდრე ჩვენ ტენდერში მივიღეთ. ასე რომ, ფასთა შორის სხვაობები და მასთან დაკავშირებული პრობლემები მომწოდებლების მიერ თავად რეგულირდება, ფასების გადათამაშებით. აქედან გამომდინარე, საქონლის ხორცის ფასი ჩვენ პრინციპში არანაირ ამინდს არ გვიქმნის ხარისხთან დაკავშირებით.“

„ტელეგრაფი” შპს “ბადას-“აც დავუკავშირდა, თუმცა კომპანია ჩვენ სატელეფონო ზარებს არ პასუხობს. ამიტომ, უცნობია ხდება თუ არა რეალურად ხორცპროდუქტების შემოწმება ბაღებში შეტანამდე და რა პოზიცია აქვთ იმასთან დაკავშირებით, რომ მათ მიერ მიწოდებული ხორცი საკვებად უვარგისი აღმოჩნდა.

შეგახსენებთ, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ რუსთავის მუნიციპალიტეტში არსებული 4 საბავშვო ბაღის კვების ბლოკიდან ლაბორატორიული კვლევისთვის ხორცის ნიმუშები ერთი კვირის წინ აიღო. კვლევის შედეგებით კი რომელიც დღეს გახდა ცნობილი, ხორცი დაბინძურებული აღმოჩნდა ნაწლავის ჩხირის ჯგუფის ბაქტერიებით.

ნინო ბერიძე
რუსთავი
(C) Telegraph.ge

კომენტარები გამორთულია