საიდან ხვდება პროდუქტში და რა დაავადებებს იწვევს ნაწლავის ჩხირის ჯგუფის ბაქტერიები

0
232

კოლიბაქტერიების ანუ ნაწლავის ჩხირის ჯგუფი (იგივე კოლიფორმები) აერთიანებს მიკროორგანიზმების 100-მდე სახეობას, რომლებიც წარმოადგენენ ადამიანის, ცხოველებისა და ფრინველების ნაწლავის ნორმალური მიკროფლორის შემადგენელ ნაწილს. მათ პირობითად პათოგენური მიკროორგანიზმები ეწოდებათ, ვინაიდან მოწამვლა ვითარდება მხოლოდ გარკვეულ პირობებში, კერძოდ, როდესაც ნაწლავის ჩხირი ადამიანის ორგანიზმში ხვდება საკვებთან ან წყალთან ერთად. ადამიანის ან ცხოველის ორგანიზმის გარეთ კოლიბაქტერიები ძირითადად ფეკალურ მასებში არსებობენ. ისინი ხასიათდებიან მაღალი გამძლეობით არახელსაყრელი პირობების მიმართ (ყინვა, მჟავე არე), შეუძლიათ დიდი ხნის განმავლობაში შეინარჩუნონ სიცოცხლისუნარიანობა წყალში, ნიადაგსა და სხვადასხვა ნივთებზე.  სასურსათო პროდუქტების დაბინძურება კოლიბაქტერიებით შეიძლება მოხდეს შემდეგი დარღვევებისას:

  • პროდუქტი (ხორცი, რძე, კვერცხი) შეხებაში მოვიდა ფეკალურ მასებთან;
  • ფეკალური მასებიდან (მაგალითად, საპირფარეშოდან) დაბინძურდა მიწისქვეშა წყლები (ჭა, წყარო), რომელიც გამოიყენეს სურსათის მოსამზადებლად ან ჭურჭლის ან ტარის გასარეცხად;
  • სურსათის მომზადებაში ან დაფასოებაში მონაწილე პერსონალი არ იცავს პირად ჰიგიენას და სურსათი ბინძურდება მათი ხელებიდან;
  • შენახვისას ან გადაზიდვისას სასურსათო პროდუქტი შეხებაში მოვიდა სხვა, დაბინძურებულ სურსათთან;
  • დაბინძურება მოხდა მწერების ან მღრღნელების საშუალებით.

კოლიბაქტერიებით ან მათ მიერ გამომუშავებული ტოქსინებით დაბინძურებული საკვების ან წყლის მოხმარებამ შეიძლება სხვადასხვა დაავადებები გამოიწვიოს _ ნაწლავური ინფექციები, შარდსადენი გზებისა და სასქესო ორგანოების დაზიანება, ბაქტერიემია, მენინგიტი და სხვა. შესაბამისად ნაწლავის ჩხირით გამოწვეული მოწამვლა შესაძლებელია ხასიათდებოდეს სხვადასხვა სიმპტომებით _ გულისრევით, მუცლის ტკივილით, ტემპერატურის აწევით, სისუსტით ან უმადობით. მძიმე შემთხვევების დროს შესაძლებელია განვითარდეს სეფსისიც. საგულისხმოა, რომ კოლიბაქტერიის არსებობა სასურსათო პროდუქტებში პროდუქტის ფეკალური დაბინძურების  ინდიკატორად არის მიჩნეული – მათი აღმოჩენა იმას ნიშნავს, რომ ამ პროდუქტში სხვა ფეკალური მიკრობები, ვირუსები, პარაზიტებიც შეიძლება იყოს.

სურსათის/სასმელის ფეკალური დაბინძურება კი ადამიანის შემდეგი დაავადებების მიზეზი შეიძლება გახდეს:

  • ა და ე ჰეპატიტები
  • ასკარიდოზი
  • ენტეროვირუსული ინფექციები (მ.შ. პოლიომიელიტი)
  • ლამბლიოზი
  • მუცლის ტიფი
  • ნოროვირუსული ინფექცია
  • როტავირუსული ინფექცია
  • შიგელოზი (ანუ ბაქტერიული დიზინტერია)
  • ქოლერა

შეგახსენებთ, რუსთავის მუნიციპალიტეტში არსებული 4 საბავშვო ბაღის კვების ბლოკიდან ლაბორატორიული კვლევისთვის ხორცის ნიმუშები აიღო. კვლევის შედეგებით, ხორცი დაბინძურებული აღმოჩნდა ნაწლავის ჩხირის ჯგუფის ბაქტერიებით.

როგორც „ტელეგრაფთან” საუბარში, რუსთავის ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელმა განაცხადა, ამოღებული პარტიიდან მენიუში ხორცი არ მოხვედრილა.

ნინო ბერიძე
რუსთავი
(C) Telegraph.ge

კომენტარები გამორთულია