მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულათა სისტემა 1-ელი ივლისიდან ამოქმედდება

0
382

მართვის მოწმობისთვის მინიჭებულმა ქულათა სისტემამ ცვლილება განიცადა. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე შს სამინისტროს მიერ მომზადებული პაკეტის მეორე მოსმენით, მუხლობრივად განხილვის პროცესში რიგი საგზაო დარღვევების შემთხვევაში ჩამოსაკლები ქულის ოდენობა გაიზარდა, ზოგ დარღვევაზე კი შემცირდა. მაგალითად, ღვედის გამოუყენობლობაზე თავდაპირველად შეთავაზებული იყო მართვის მოწმობისთვის 10 ქულის ჩამოკლება, რაც 5 ქულამდე შემცირდა. ავტომობილისის მართვისას მობილურის გამოყენებაზე 15 ქულა 10 ქულამდე შემცირდა. პროექტის განხილვისას გამოითქვა მოსაზრება წითელზე გავლის შემთხვევებზე განსაზღვრული ქულის შემცირების თაობაზე, რაც შს სამინისტროს წარმომადგენელმა არ გაითვალისწინა. ასეთ შემთხვევაზე განსაზღვრული იყო 10 ქულის ჩამოკლება, რაც 15 ქულა გახდება.

კანონპროექტის თავდაპირველ ვარიანტში ჩასწორდა ის, რომ პარკირების წესების დარღვევაზე, როდესაც არ იქმნება საავარიო მდგომარეობა ან საცობი, მძღოლს მართვის მოწმობაზე ქულა არ ჩამოაკლდება.

ქულების განულების შემთხვევაში მართვის მოწმობის მფლობელს მართვის უფლება 1 წლით შეუჩერდება და მის დასაბრუნებლად გამოცდის გავლა მოუწევს. ამასთან, პროექტით მძღოლს ეს უფლება წელიწადში ერთხელ ექნება.

ქულათა სისტემა მიენიჭება როგორც საქართველოში გაცემულ მართვის მოწმობას, ისე უცხო ქვეყანაში გაცემულ მართვის მოწმობასაც, რათა აღნიშნულ სფეროში არ დადგინდეს არათანაბარი და დისკრიმინაციული რეგულაციები.

მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულათა სისტემა და ე.წ. უკონტაქტო პატრულირებასთან დაკავშირებული ინიციატივა 1-ელი ივლისიდან ამოქმედდება.

კომენტარები გამორთულია