რომელ დარღვევებზე არ ჩამოაკლდება ქულები მართვის მოწმობას

0
360

„საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტის თავდაპირველ ვარიანტში ცვლილებების შეტანა იგეგმება, რომელიც დღეს იურიდულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მეორე მოსმენით განხილვის პროცესში დაზუსტდება. ცვლილების შედეგად, გარკვეული ტიპის საგზაო დარღვევაზე მართვის მოწმობის ქულების ჩამოკლება არ გავრცელდება.

როგორც ჟურნალისტებს კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ განუცხადა, მართვის მოწმობებზე ქულების ჩამოკლება ისეთ დარღვევებს შეეხება, რომელიც განსაკუთრებული საფრთხის მატარებელია. დეპუტატმა ამის მაგალითად სიჩქარის გადაჭარბება, არაფხიზელ მდგომარეობაში ავტომობილის მართვა ან მანქანის იმ პირისთვის გადაცემა დაასახელა, ვინც არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფება.

”ჩვენ მზად ვართ, ინიციატორთან ერთად მივაღწიოთ შეთანხმებას, რომ ცალკეული საგზაო დარღვევების მიმართ იყოს პრინციპული და მკაცრი მიდგომა. მაგალითად, როგორიც არის არაფხიზელ მდგომარეობაში ან ნარკოტიკული თრობის ქვეშ მანქანის მართვა. ეს უფრო მკაცრად იქნება დასჯადი, მაგრამ ქულათა სისტემაში არ შევა ისეთი დარღვევა, როგორიც არის სადგომზე მანქანის არასწორად გაჩერება. ეს დაისჯება ჯარიმით, მაგრამ არა ქულების ჩამოკლებით. გარდა ამისა, შეთანხმება იქნება იმაზე, რომ ჩამორთმეული მართვის მოწმობის აღდგენა შესაძლებელი იქნება ახალი პროცედურით, რაც დაკავშირებული იქნება გამარტივებულ პროცესთან – მათ შორის, იქნება გამოცდის ჩაბარება გარკვეული დათქმებით. წუხილები, რაც პირველი მოსმენით განხილვისას გამოითქვა, გათვალისწინებული იქნება”, – აცხადებს ბესელია.

კომენტარები გამორთულია