გულშემატკივრობიდან მწვრთნელობამდე – პირველი ქალი მწვრთნელი რაგბში

0
1006

„ბოლნისსა თუ თბილისში, “ყოჩების” პირველი თუ “ესპუართა” გუნდის თამაშისას, აუცილებლად შენიშნავთ ერთ გოგონას, რომელიც მეგობრებთა ერთად ყველა შეხვედრას ესწრება, ყველაზე აქტიურია და ქომაგობის ერთგვარი ეტალონია. ის არასდროს ნებდება, გუნდთან ერთად მუდამ ბოლომდე იბრძვის და ცდილობს, რომ სპორტის ამ სახეობის თაყვანისმცემელთა რიცხვი არა მხოლოდ საკუთარ რეგიონში გაზარდოს.”- ამ სიტყვებით მოიხსენია ჟურნალისტმა ახალგაზრდა გოგონა ბოლნისიდან, ჯერ კიდვ სამი წლის წინ.

ქომაგობას ფოტოგრაფობა შეუთავსა და როგორც თავად ამბობს, ნამდვილი გუნდური თამაშის ყველა დეტალი ერთ პატარა ობიექტივში მოაქცია.

ერთხელ, ტრიბუნაზე ყოფნისას თავისდაუნებურად ხმამაღლა იფიქრა:  „ნეტა შემეძლოს და სიამოვნებით მეყოლებოდა გუნდიო” და იქვე მდგომმა ერთმა კეთილისმსურველმაც არ დააყოვნა პასუხი: „არანაირი პრობლემა არაა, შენ თუ სურვილი გაქვსო” და გოგონა სემინარებზე ჩაწერა.

გაიცანით ანა რეხვიაშვილი, ბოლნისიდან, ლიცენზირებული რაგბის მწვრთნელი. ანა რაგბის ერთადერთი ქალი მწვრთნელია საქართველოში.

26 წლის ახალგაზრდა ბოლნისის მუნიციპალიტეტის სკოლებში დადის და რაგბის პოპულარიზაციას ეწევა. მონდომებულ ბავშვებს ძმასთან ერთად ავარჯიშებს და უახლოეს პერიოდში გუნდის ჩამოყალიბებას გეგმავს.

„რაგბის გულშემატკივარი ბავშვობიდან ვარ. როგორც ყველა, მეც ჩავაბარე და დავამთავრე უმაღლესი. ფოტოაპარატთანაც ყოველთვის დადებითად ვიყავი განწყობილი და დავიწყე რაგბის ფოტოგადაღება. ნელ-ნელა სერიოზულად დავინტერესდი ფოტოგრაფიით და ცოდნა გავიღრმავე. საბავშვო ფესტივალს ვიღებდი და იქიდან გამიჩნდა სურვილი ჩემი გუნდი მყოლოდა.”
მიუხედავად, იმისა რომ თავად თამაში არასდროს უცდია, ცდილობს ვაჟებთან ერთად გოგოებიც ჩართოს წრთვნაში, თუმცა ჯერ მხოლოდ ერთი გოგონა ყავს შემადგენლობაში.
„აქაურ ბავშვებს არ აქვთ მრავალფეროვნების ფუფუნება, ჩემი მხრიდან ცდას არ ვაკლებ, რომ ბოლნისის მომავალი თაობისთვის ჯანსაღი გარემო შევქმნათ.”- ამ შემართებით მიმდინარე წლის ოქტომბრის თვიდან, სრულიად უანგაროდ ავარჯიშებს გუნდს და საფესტივალოდ ამზადებს.

„14 წლამდე ბავშვები ითვლებიან საფესტივალო ასაკად. მათ შორის თამაშების შედეგებს ნაკლები მნიშვნელობა აქვს. მეტი ყურადღება ეთმობა მათ სწორად განვითარებას. ბავშვების რიცხვი მუდმივად იცვლება, ახლა ვაგროვებ საბუთებს და როცა ფესტივალზე წავიყვან, მაშინ მეცოდინება მათი ზუსტი რაოდენობა.”

მომავალ კვირას, ბოლნისის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობასთან აპირებს შეხვედრას და თავისი გეგმების გაცნობას, იმედი აქვს რომ, მათი კეთილი ნებით, შეძლებს მომავალი რაგბისტები შესაფერის პირობებში აღზარდოს.

 (C) Telegraph.ge

კომენტარები გამორთულია