რამდენი ხე მოიჭრება თბილისი-რუსთავის საავტომობილო გზის მეორე მონაკვეთის მშენებლობისას

0
1099

თბილისი-რუსთავის საავტომობილო გზის მეორე მონაკვეთის მშენებლობის პროექტი საავტომობილო გზის ნაწილის მოდერნიზაციას ითვალისწინებს, რომლის სიგრძეც  6,8 კმ-ს შეადგენს. პროექტის მიზანია  რუსთავსა და თბილისს შორის არსებული დამაკავშირებელი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის  და პარამეტრების გაუმჯობესება, გადატვირთული მოძრაობის განტვირთვა და საგზაო შემთხვევების თავიდან აცილება. პროექტი ითვალისწინებს ისეთი სპეციალური საგზაო კონსტრუქციების მოწყობას, როგორიცაა საგზაო კვანძები, გზაგამტარები, ხიდები, საყრდენი კედლები, ავტობუსის გაჩერებები, საფეხმავლო ხიდები, მიწისქვეშა გადასასვლელები და სხვ. რათა უზრუნველყოფილ იქნას საზოგადოებრივი ტრანსპორტის სწრაფი, უსაფრთხო და საიმედო მომსახურებას.

აღნიშნული სამუშაოების მიმდინარეობისას კი ტერიტორიაზე სადაც ავტობანმა უნდა გაიაროს, საცხოვრებელი სახლები და გამწვანების ზოლები ხვდება. უკვე ნაწილობრივი პროტესტია მოსახლოების მხრიდან რომლებიც საკუთარი ბინების დატოვებაზე უარს ამბობენ, თუმცა მეორე საკითხი რომელიც მწვავედ დგას ხეების მოჭრის პრობლემაა.

გარემოს დაცვის ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ მშენებლობის პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის მიხედვით, ირკვევა რომ საპროექტო უბანზე, ეკოლოგიურად სენსიტიური ჰაბიტატები არ ფიქსირდება. თუმცა, საერთო ჯამში, პროექტი ზემოქმედებას მოახდენს 7,758 ხეზე, მათ შორის კრწანისის პარკში არსებულ 401 ხეზე, მუნიციპალურ მიწაზე არსებულ 851 ხეზე და კერძო მიწაზე არსებულ 6506 ხეხილის ხეზე. დამატებითი ეკოლოგიური კვლევებია საჭირო სამშენებლო ოპერაციების დაწყებამდე, სამშენებლო დერეფნის მონიშვნისთანავე. მოსაჭრელი ხეების საკადასტრო აღწერა უნდა ჩატარდეს მონიშნულ დერეფანში; მიღებული უნდა იყოს ყველა შესაძლო ზომა წითელ წიგნში შეტანილი თითოეული ხის გადასარჩენად. მოსაჭრელი ხეები უნდა მოინიშნოს. გზშ-ს დოკუმენტის მიხედვით  უნდა მომზადდეს და განხორციელდეს ხეების დარგვისა და გამწვანების გეგმა. გამწვანებისა და მწვანე ნარგავების დარგვის პროგრამა უნდა ითვალისწინებდეს მინიმუმ 2500 ხის დარგვას. ხეების დარგვის პროგრამა ითვალისწინებს შემდეგი ჯიშის ხეების დარგვას:

  • 390 თელა;
  • 460 კაკალი;
  • 2050 სხვადასხვა გავრცელებული ჯიშის ხე.

გზშ-ს დოკუმენტი მომზადებულია შპს „დოჰვა ინჯენიერინგი კო“ -ს მიერ, ტექნიკური დავალების და  ტექნიკური პროექტის საფუძველზე, რომელიც მოიცავს მხოლოდ საპროექტო გზის ინფრასტრუქტურის დიზაინის და მშენებლობის პროცესის აღწერას და არ ეხება მშენებლობისათვის აუცილებელი დამხმარე ნაგებობების (მისასვლელი გზების, ბანაკების, ასფალტო-ბეტონის ქარხნის და ა.შ.) მშენებლობის და ფუქნციონირების საკითხებს.

ნინო ბერიძე
რუსთავი
(C) Telegraph.ge

კომენტარები გამორთულია