7, 8 და 9 აპრილს მარხულთათვის თევზით ხსნილია

0
171

ხვალ, 7 აპრილს, მარხულთათვის თევზით ხსნილია. დიდმარხვის მეექვსე შვიდეულის პარასკევს, 7 აპრილს, მართლმადიდებელი ეკლესია ხარების დღესასწაულს აღნიშნავს. ამ დღეს მთავარანგელოზმა გაბრიელმა ღვთისმშობელს ახარა, რომ სულიწმინდით მისგან იშვებოდა ძე ღვთისა და კაცთა მაცხოვარი.

8 აპრილს, შაბათს კი ლაზარეს შაბათი აღინიშნება. სახარების მიხედვით, უფალმა მისი მეგობარი ოთხი დღის მკვდარი ლაზარე მკვდრეთით აღადგინა. ამ დღესაც მორწმუნეებს ასევე შეუძლიათ თევზის მიღება.

დიდმარხვის მე-6 კვირას, ბაიაობის, ანუ ბზობის დღესასწაული აღინიშნება. ამ დღეს მორწმუნეები ტაძრებში ბზის ტოტებით მიდიან და ბზის კურთხევა აღესრულება. ამ დღეს ეკლესია უფლის იერუსალიმში დიდებით შესვლას აღნიშნავს.

სახარების მიხედვით, იერუსალიმში დიდებით შემავალ უფალს ზეთისხილის რტოებსა და ტანსაცმელს უფენდნენ, შეძახილით: “ოსანა! კურთხეულ არს მომავალი, მეუფე ისრაელისაი!”. ბზობის დღესასწაულზეც მარხვა თევზით ხსნილია.

დიდმარხვა წელს 27 თებერვალს დაიწყო და 16 აპრილს, უფლის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე დასრულდება.

კომენტარები გამორთულია