ახალი სერვისი, რომლის არსებობის შესახებაც მოსახლეობას ინფორმაცია არ აქვს

0
331

“საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ” მიმდინარე წელს მომხმარებელთა მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, მოკლე ტექსტური შეტყობინების სერვისი დანერგა. აღნიშნული ინფორმაცია კომპანიის ოფიცილურ გვერდზე 4 აპრილს გამოქვეყნდა. როგორც განცხადებიდან ირკვევა, მომხმარებელი მოკლე ტექსტური შეტყობინებით შემდეგი სახის ინფორმაციას მიიღებს:

  • აბონენტის განცხადების და საპასუხო დოკუმენტის დარეგისტრირების შესახებ;
  • სასმელი წყლით მომარაგების გეგმიური და არაგეგმიური წყვეტებისა და აღდგენის თაობაზე;
  • წყალმომარაგების და წყალარინების საფასურის გადახდის ბოლო ვადის შესახებ;

ამასთან, კომპანია სასმელი წყლით მომარაგების გეგმიური და არაგეგმიური წყვეტებისა და აღდგენის თაობაზე ინფორმაციას აქვეყნებს საკუთარ ვებ გვრედზე  water.gov.ge  და iregions.ge. თუმცა, 6 აპრილს ქალაქ ბოლნისს, მთელი დღის განმავლობაში სასმელი წყლის მიწოდება შეზღუდული ქონდა, ინფორმაცია კი წყლის მიწოდებასთან დაკავშირებით, მოქალაქეებს არ მისვლიათ. გარდა ამისა, ინფორმაცია არ გავრცელებულა არც ადგილობრივ მედიასაშუალებებში.

აღნიშნულიდან გამომდინარე, „ტელეგრაფი“ დაინტერესდა რატომ არ უზრუნველყო კომპანიამ აბონენტების გაფრთხილება და რა მიზეზით არ მიეწოდებოდა ქალაქს წყალი. ჩვენ “საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს დავუკავშირდით. როგორც კომპანიაში განგვიცხადეს, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ინფორმაციას დღის ბოლომდე მოგვაწვდიდნენ, თუმცა მათგან რეაგირება ამ დრომდე არ მომხდარა.

ერთადერთი, რაც კომპანიაში განგვიცხადეს არის ის, რომ მოსახლეობამ სმს სერვისის გასააქტიურებლად თავად უნდა მიმართოს კომპანიას, თუმცა, როგორ უნდა შეიტყონ მოქალაქეებმა, რომელთა ნაწილსაც ინტერნეტთან წვდომა არ აქვს, ახალი სერვისის შესახებ, უცნობია.

ნინო ბერიძე
ბოლნისი
(C) Telegraph.ge

 

კომენტარები გამორთულია