რუსთაველი ახალგაზრდები 9 აპრილის მემორიალთან შეიკრიბნენ

0
285

რუსთავში 9 აპრილის მემორიალთან გვიან ღამით „ქართული ოცნების” ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. პარტიის წარმომადგენლებმა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.

შეკრებილები დღესვე თბილისში, რუსთაველის გამზირზე გაემგზავრებიან.

1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას თბილისში, რუსთაველის გამზირზე, მთავრობის სასახლის წინამდებარე ტერიტორიაზე, საბჭოთა კავშირის სადამსჯელო სამხედრო ნაწილებმა მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რის შედეგადაც 21 უდანაშაულო ადამიანი დაიღუპა, უმეტესობა ქალები, მათ შორის სკოლის მოსწავლეებიც. დაღუპულთა გარდა იყვნენ დაჭრილები, მომიტინგეები მოიწამლნენ დაუდგენელი ქიმიური ნივთიერებით.

1989 წლის 9 აპრილიდან ზუსტად ორი წლისთავზე, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ ზვიად გამსახურდიას მეთაურობით საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი მიიღო. ამდენად, 9 აპრილი საქართველოსა და ქართველი ხალხისთვის ერთდროულად არის ჩვენი ისტორიის უმნიშვნელოვანესი ფურცელი, ცრემლიანი და სიხარულიანი დღე, რომელმაც საქართველოს თავისუფლება მოუტანა.

აღსანიშნავია რომ 9 აპრილის მემორიალი რუსთავში, 2010 წლამდე ,,ახალგაზრდობის ხეივანში“ იყო განთავსებული, აღნიშნულ ტერიტორიაზე იუსტიციის სახლისა და სამხარეო ადმინისტრაციის მშენებლობის პერიოდში მემორიალი აიღეს. რუსთავის მერიამ მოქანდაკე ვალერი ჯიქიას სკულპტურული ნამუშევარი მოიძია, მემორიალის აღდგენა და განთავსება გასულ წელს ,,დიდების ხეივანში“ მოხდა.

კომენტარები გამორთულია