არასამთავრობოები ერთი და იმავე სქესის მქონე წყვილებისთვის სამოქალაქო პარტნიორობის შესაძლებლობას მოითხოვენ

0
227

არასამთავრობო ორგანიზაციები ინიციატივას კონსტიტუციაში ქორწინების განსაზღვრის შესახებ უარყოფითად აფასებენ და მიიჩნევენ, რომ ქორწინების შესახებ საკონსტიტუციო ცვლილების ძალაში შესვლის შემთხვევაში, აუცილებელია ასევე კონსტიტუციით გარანტირებული იყოს ერთი და იმავე სქესის მქონე წყვილებისთვის სამოქალაქო პარტნიორობის შესაძლებლობა.

როგორც არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებაშია ნათქვამი, საკონსტიტუციო კომისიისთის შემოთავაზებული ფორმულირებით საკონსტიტუციო ჩანაწერი ჰომოფობიურ კონოტაციას ატარებს და ხელს შეუწყობს ლგბტ პირების მიმართ ნეგატიური განწყობების გაძლიერებას.

„კონსტიტუციაში ამ ცვლილების შეტანას ექნება მსუსხავი ეფექტი ადამიანის უფლებების მდგომარეობაზე ქვეყანაში. აღნიშნული ცვლილების მიღების შემთხვევაში კი, მისი ნეგატიური ეფექტის დაბალანსების მიზნით, აუცილებელია პარალელურად დაიწყოს საკანონმდებლო ცვლილებების პროცესი სამოქალაქო პარტნიორობის, როგორც ერთი და იმავე სქესის წყვილების სამართლებრივი აღიარების ფორმის დასაკანონებლად. გასული წლების განმავლობაში, ერთი და იმავე სქესის პირთა ქორწინების კონსტიტუციური აკრძალვის თემა საქართველოში სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფის მიერ არაერთხელ გააქტიურდა. ყოველი ასეთი შემთხვევა თავისი არსით პოპულისტური იყო და საზოგადოებაში ტრადიციების დაცვის თუ ჰომოფობიურ განწყობებზე აპელირებით და არარსებული პრობლემის ხელოვნურად წამოჭრით პოლიტიკური ქულების ჩაწერას ემსახურებოდა. საგულისხმოა, რომ არაერთი წელია ტრადიციული ოჯახის დაცვის და ერთსქესიანი ქორწინების აკრძალვის თემებით მანიპულირება წარმოადგენს რუსული და ანტი-დასავლური ნარატივის ნაწილს. განსაკუთრებით აბსურდულია აღნიშნული ინიციატივა იმ ფონზე, როდესაც ერთი და იმავე სქესის მქონე პირთა ქორწინება კანონმდებლობით ისედაც აკრძალულია, ხოლო ლგბტ ჯგუფების მხრიდან ქორწინების თანასწორობის მოთხოვნა არასდროს დამდგარა. მაშინ, როდესაც საქართველოში გახშირებულია ჰომოფობიური და ტრანსფობიური დანაშაულები და სიძულვილით მოტივირებული შემთხვევები ეფექტურად გამოძიებული არ არის, ლგბტ პირთა უფლებების შეზღუდვის კიდევ უფრო ხისტი დემონსტრირება პირდაპირ წაახალისებს ჰომოფობიურ განწყობებს და დაამძიმებს ლგბტ ჯგუფების უფლებრივ მდგომარეობას“, – ნათქვამია განცხადებაში.

არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, აღნიშნული საკონსტიტუციო ჩანაწერი ასევე აისახება საქართველოს საერთაშორისო იმიჯზე და არ იქნება პოზიტიურად აღქმული ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ, გამომდინარე იქიდან, რომ უკანასკნელი წლების განმავლობაში ევროპის ქვეყნების უმეტესობაში სახეზეა ერთი და იმავე სქესის წყვილთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესება.

„ქორწინების შესახებ საკონსტიტუციო ცვლილების ძალაში შესვლის შემთხვევაში, აუცილებელია ასევე კონსტიტუციით გარანტირებული იყოს ერთი და იმავე სქესის მქონე წყვილებისთვის სამოქალაქო პარტნიორობის შესაძლებლობა. მივიჩნევთ, რომ ქორწინების შესახებ კონსტიტუციის მუხლს უნდა დაემატოს შემდეგი ფორმულირება „თანაცხოვრების სხვა ფორმები რეგულირდება კანონით.“ ასეთ შემთხვევაში, ქორწინების კონსტიტუციური აკრძალვის მიუხედავად, ეს ცვლილებები არ იქნება აღქმული, როგორც უფლებრივი მდგომარეობის შეზღუდვა და უმცირესობებისთვის ხელმისაწვდომი იქნება მნიშვნელოვანი უფლებრივი გარანტირები (მემკვიდრეობისა თუ ქონებრივი უფლებები, ურთიერთრჩენის ვალდებულებები, პატიმრისა თუ ჰოსპიტალიზებული პარტნიორის მონახულების უფლება და სხვა)“, – ნათქვამია განცხადებაში.

აღნიშნულ საკითხთან ერთად, არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, თანასწორობის რეალური უზრუნველოფისთვის მნიშვნელოვანია კონსტიტუციაში დისკრიმინაციის ამკრძალავი ნიშნების ჩამონათვალი ნათლად მოიცავდეს სექსუალურ ორიენტაციას და გენდერულ იდენტობას.

განცხადებას ხელს აწერენ შემდეგი არასამთავრობო ორგანიზაციები: სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED), თანასწორობის მოძრაობა, ფონდი ღია საზოგადოება – საქართველო (OSGF), ადამიანის უფლებათა ცენტრი, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, მედიის განვითარების ფონდი (MDF), საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო, საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI), პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR), კავშირი „საფარი“ და ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG).

კომენტარები გამორთულია