საზოგადოება და ბანკებმა საკრედიტო ბიუროების საქმიანობა შეისწავლა

0
95

არასამთავრობო ორგანიზაცია საზოგადოება და ბანკებმა საკრედიტო ბიუროების საქმიანობა შეისწავლა. კვლევის შედეგად გამოიკვეთა მათი როლი კერძო სექტორის განვითარებაში.

საქართველოში სს „კრედიტინფო საქართველო“ ერთადერთი საკრედიტო ბიუროა, რომელიც 2005 წელს დაფუძნდა. მონაცემთა ბაზა ამ ეტაპზე 18 მლნ. ჩანაწერზე მეტს მოიცავს. ინფორმაცია საფინანსო სექტორის მონაწილეების მიხედვით შემდეგნაირად გამოიყურება: კომერციული ბანკები – 13%, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები – 30%, ონლაინ გამსესხებლები – 35% და სხვა – 16%. ონლაინ გამსესხებლების და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ასეთი მაღალი მაჩვენებელი შეიძლება მეტყველებდეს იმაზე, რომ ისინი შედარებით მცირე რესურსით მოქმედებენ  და მოკლევადიან სესხებზე არიან ორიენტირებულები, მაშინ როდესაც კომერციულ ბანკს შეუძლია მომხმარებელი უზრუნველყოს გრძელვადიანი ფინანსური რესურსით. ასევე მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს და ონლაინ გამსესხებლებს მიმართავენ ის ფიზიკური პირები და ბიზნეს სუბიექტები, რომლებსაც შემოსავლის სტრუქტურა არ აძლევთ საშუალებას მიმართონ კომერციულ ბანკებს.

ბოლო პერიოდში დაიწყო „კრედიტინფო საქართველოს“ და სადისტრიბუციო კომპანიების ურთიერთთანამშრომლობა. სადისტრიბუციო კომპანიებს ვადაგადაცილებული ვალდებულებების შესახებ ინფორმაციაზე ექნებათ წვდომა და შეეძლებათ დავალიანების  მქონე ბიზნეს სუბიექტების შესახებ ინფორმაცია თავად განათავსონ საერთო ბაზაში.

სასურველია, მომავალში სადისტრიბუციო კომპანიების მაგალითი სხვა იურიდიულმა პირებმაც გაიზიარონ, რომლებსაც პარტნიორი ორგანიზაციების შესახებ გარკვეული ტიპის ინფორმაციის ფლობა სჭირდებათ. შედეგად, თავიდან აიცილებენ თაღლითურ ქცევას. ასევე ე.წ. ნეგატიურ მონაცემთა ბაზასთან ერთად სავსებით შესაძლებელია შეიქმნას იმ ტიპის მონაცემთა ბაზა, სადაც კეთილსინდისიერ გადამხდელ ბიზნეს სუბიექტებს მიენიჭებათ დადებითი რეიტინგი და გაუადვილდებათ დაბალპროცენტიანი სასესხო პროდუქტებით სარგებლობა.

შესაძლებელია, განთავსდეს ჩანაწერი, როგორც იურიდიული პირების, ისე ფიზიკური პირების შემოსავლების შესახებ. ეს დაეხმარება არა მხოლოდ საფინანსო სექტორს, არამედ მსესხებლებსაც გამარტივებული პროცედურით აიღონ სესხი.

სასურველია, კერძო მევახშეებიც იყვნენ ჩართულები  და პერიოდულად აახლებდნენ ინფორმაციას კრედიტინფოს მონაცემთა ბაზაში. მნიშვნელოვანია, მონაცემთა ბაზას მიებას სოციალურად დაუცველ პირთა მონაცემებიც. ეს დაგვეხმარება თავიდან ავიცილოთ წარსული გამოცდილება, როდესაც გარკვეული ტიპის სესხები გაიცემოდა სოციალურად დაუცველ მოსახლეობაზე.

კვლევის შედეგად გამოიკვეთა საკრედიტო ბიუროების, საქართველოს შემთხვევაში სააქციო საზოგადოება „კრედიტინფოს“ როლი საფინანსო სექტორის განვითარების პროცესში

  • ფინანსური სისტემის სტაბილურობა
  • გამჭვირვალე საკრედიტო რისკი
  • შემცირებული საპროცენტო განაკვეთები
  • ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობა
  • ჭარბვალიანობის დონის და თაღლითური ქცევის ზედამხედველობა
  • ქვეყნის საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესება

ამ ეტაპზე საქართველოში საკრედიტო ბიუროების საქმიანობას მონიტორინგს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი უწევს. რაც გულისხმობს, რომ ფიზიკური და იურიდიული პირების შესახებ არსებული ინფორმაცია დაცულია არასანქცირებული წვდომისაგან. თუმცა მომავალში, საკრედიტო ბიუროების მნიშვნელობის ზრდასთან ერთად შესაძლოა დღის წესრიგში რეგულირების საკითხიც დადგეს.

შეგვიძლია ვთქვათ, რომ საკრედიტო ბიუროებს აქვთ მნიშვნელოვანი როლი საკრედიტო რისკის შემცირების პროცესში. არსებული მდგომარეობის კვლევის შედეგად საზოგადოება და ბანკებმა შეიმუშავა ის რეკომენდაციები, რომელიც საფინანსო სისტემის განვითარებასთან ერთად, ხელს შეუწყობს მომხმარებლის უფლებების დაცვას და მიღებული მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას.

  • სასურველია საკრედიტო ჩანაწერების შესახებ ინფორმაციის უფრო სწრაფი  განახლება (ამ ეტაპზე ის 15 დღეა)
  • მომხმარებლის სურვილის შემთხვევაში, საკრედიტო ბიუროში შემოსავლების შესახებ ინფორმაციის თავმოყრა გაამარტივებს სესხის გაცემის პროცედურას
  • მისასალმებელია საკრედიტო ბიუროს თანამშრომლობა იურიდიულ პირებთან. მათი მხრიდან საკრედიტო ბიუროების ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა თავიდან აგვარიდებს თაღლითური ქცევისგან გამოწვეულ პრობლემებს და  ხელს შეუწყობს სტაბილურობას.

კომენტარები გამორთულია