Google ვებგვერდების ინფორმაციის სანდოობას გადაამოწმებს

0
151

ყოველწამიერად ინტერნეტში ათასობით ახალი სტატია ჩნდება, რომელთა ნაწილიც ცრუ ინფორმაციას შეიცავს. კომპანია Google-მა საძიებო სისტემაში ახალი ფუნქცია დაამატა, რომლითაც ყალბი და ნამდვილი ინფორმაციის გარჩევა იქნება შესაძლებელი. ამის შესახებ ინფორმაციას Google ავრცელებს.

კომპანიის განცხადებით, ინფორმაციის საიმედოობას PolitiFact-ი და Snope გვერდები შეამოწმებენ. ინფორმაციის გადამოწმების პროცესში Google ნებისმიერ საინფორმაციო მედიასაშუალებას სთავაზობს თანამშრომლობას, რომლებიც კომპანიის მიერ შექმნილი სპეციალური ალგორითმის მეშვეობით “ინფორმაციის ავტორიტეტული წყაროს” სტატუსს მიიღებენ.

Google-ს განმარტებით, მექანიზმი საჯაროობის პრინციპით იმუშავებს. კერძოდ კი, კომპანია აპირებს გამოაქვეყნოს ცრუ ინფორმაციის შესახებ მომხმარებლებისგან შესული ყველა საჩივარი, რომელთაც შემდეგ ექსპერტიზა ჩაუტარდებათ. იმისთვის, რომ პროგრამამ იმუშაოს, შესაბამის გვერდებზე გაჩნდება სპეციალური ნიშანი – ClaimReview, რაც ინფორმაციის სანდოობის მაჩვენებელი იქნება. ამასთან, თუ კი გვერდი არ დააკმაყოფილებს კომპანიის მიერ დაწესებულ მოთხოვნებს, Google იტოვებს ამ ნიშნის უგულებელყოფის უფლებას.

მსოფლიოში უკვე არსებობს რამდენიმე ორგანიზაცია, რომელიც ცრუ და მართალი ნიუსების ერთმანეთისგან გამიჯვნაზე მუშაობს. ამ მხრივ ერთ-ერთი მსხვილი გაერთიანება Duke’s Reporters’ Lab-ი, რომელშიც შედიან CNN, The New York Times, BBC და The Guardian-ი. ამ სიას ცოტა ხნის წინ დაემატა უკრაინული გამოცემა Stopfake, რომელიც დიდი ბრიტანეთისა და ჩეხეთის მიერ ფინანსდება. საქართველოში ამ საქმიანობით “საქართველოს რეფორმების ასოციაციაა” (GRASS) დაკავებული.  ამ ორგანიზაციებსა და გაერთიანებებს Google-ისგან აქვს ნდობა გამოცხადებული.

წყარო: imedinews.ge

კომენტარები გამორთულია