ჩვენ გვაქვს საკმარისი რესურსი, რომ ყველა რეგიონი თანაბრად იყოს განვითარებული – გიორგი კვირიკაშვილი

0
259

ჩვენ გვაქვს საკმარისი რესურსი იმისთვის, რომ ყველა რეგიონი თანაბრად იყოს განვითარებული, თუმცა სამწუხაროდ, ასე არ არის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 2017-2020 წლების სამოქმედო გეგმის პრეზენტაციაზე განაცხადა.

მისი თქმით, 21-ე საუკუნეში გეოგრაფიული მდებარეობა აღარ უნდა წარმოადგენდეს დაბრკოლებას განათლების, ჯანდაცვის მიღების თუ სხვა თვალსაზრისით.

”ჩვენ მოვიპოვეთ თავისუფლება, ჩვენი ქვეყანა დავაყენეთ სტაბილური განვითარების გზაზე და ამით ვქმნით ახალ რეალობას. დღეს ჩვენ ნამდვილად გვაქვს შესაძლებლობა შევქმნათ წარმატების სრულიად ახალი ისტორია, რომელშიც თითოეულ მოქალაქეს ექნება ყველა პირობა ღირსეული ცხოვრებისთვის. დარწმუნებული ვარ, ქვეყნის განვითარების გეგმა, ის 4-პუნქტიანი გეგმა, რომელიც ჩვენმა მთავრობამ შეიმუშავა, გარდამტეხ როლს შეასრულებს საქართველოს სწრაფ განვითარებაში და სრულიად ახალ შესაძლებლობებს შექმნის ჩვენი ხალხისა და ქვეყნისთვის. მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმის ყველაზე მასშტაბური კომპონენტი არის სივრცითი მოწყობა. სწორედ სივრცითი დაგეგმვა წარმოადგენს თანმიმდევრული და სწრაფი განვითარების მყარ საფუძველს. ქვეყნის სივრცითი მოწყობის გეგმაში მთლიანად არის გათვალისწინებული საქართველოს, მისი თითოეული რეგიონის და ადგილის უნიკალურობა და პოტენციალი. ჩვენ საკმარისი რესურსი გვაქვს იმისთვის, რომ ყველა რეგიონი თანაბრად იყოს განვითარებული, თუმცა სამწუხაროდ, ასე არ არის. 21-ე საუკუნეში გეოგრაფიული მდებარეობა აღარ უნდა წარმოადგენდეს დაბრკოლებას განათლების, ჯანდაცვის თუ სხვა თვალსაზრისით. ჩვენი მიზანია ხელმისაწვდომი პირობები შევუქმნათ ჩვენს მოქალაქეებს ქვეყნის ყველა წერტილში”, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

კომენტარები გამორთულია