2017-2020 წლებში 2500 ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება

0
261

1000 კილომეტრი საავტომობილო გზის მშენებლობა-რეკონსტრუქცია, დამატებით 500 000 ადამიანისთვის 24-საათიანი წყალმომარაგების უზრუნველყოფა, მთელი ქვეყნის მასშტაბით ნაგავსაყრელების პრობლემის გადაწყვეტა და ჯამში 10 მილიარდ ლარამდე ღირებულების 2 500 ძალიან მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი 2017-2020 წლებში განხორციელდება.

საქართველოს მთავრობის ოთხპუნქტიანი რეფორმების გეგმის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური მიმართულების – სივრცითი მოწყობის ფარგლებში დაგეგმილი პროექტების განხორციელების სტრატეგიული გეგმის პრეზენტაციას დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრო.

2500 პროექტისთვის განკუთვნილი უპრეცედენტო მოცულობის ინვესტიციიდან  – 10 მილიარდი ლარიდან, მხოლოდ 2017 წელს 1 მილიარდ 260 მილიონი ლარი დაიხარჯება.

დარწმუნებული ვარ, საქართველოს ძალიან საინტერესო ხვალინდელი დღე ელოდება, – ეს განცხადება პრემიერ-მინისტრმა პრეზენტაციაზე გააკეთა. გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომდაგეგმილი სტრატეგიული და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების შედეგად, ქვეყანაში 40 000 სამუშაო ადგილი შეიქმნება, ხოლო ქვეყანა უფრო ძლიერი და ეკონომიკურად განვითარებული გახდება.

„ჩვენმა ქვეყანამ უკვე შექმნა წარმატების ძალიან მნიშვნელოვანი ისტორია: ჩვენ მოვიპოვეთ თავისუფლება, ჩვენი ქვეყანა დავაყენეთ დემოკრატიული განვითარების გზაზე და სტაბილური განვითარებით ვქმნით ახალ რეალობას. დღეს ჩვენ ნამდვილად გვაქვს შესაძლებლობა, შევქმნათ წარმატების სრულიად ახალი ისტორია, რომელშიც თითოეულ მოქალაქეს ექნება ყველა პირობა ღირსეული ცხოვრებისთვის. დარწმუნებული ვარ, ქვეყნის განვითარების ხედვა, ის ოთხპუნქტიანი გეგმა, რომელიც ჩვენმა მთავრობამ შეიმუშავა, გარდამტეხ როლს შეასრულებს საქართველოს სწრაფ განვითარებაში, სწრაფ წინსვლაში და სრულიად ახალ შესაძლებლობებს შექმნის ჩვენი ხალხისთვის, ჩვენი მოსახლეობისთვის”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, ქვეყნის თანმიმდევრული და სწრაფი განვითარების მყარ საფუძველს შექმნის სივრცითი მოწყობის გეგმა, რომელშიც მთლიანად არის გათვალისწინებული საქართველოს, მისი თითოეული რეგიონისა და ადგილის უნიკალურობა და პოტენციალი.

გიორგი კვირიკაშვილი მიიჩნევს, რომ საკმარისი რესურსი არსებობს, რათა რეგიონები თანაბრად იყოს განვითარებული, რაც სამწუხაროდ დღეს ასე არ არის.

„21-ე საუკუნეში გეოგრაფიული მდებარეობა აღარ უნდა წარმოადგენდეს დაბრკოლებას ჯანდაცვის, განათლების მიღების, სოციალური ინფრასტრუქტურის ხელმისაწვდომობის, ბიზნესის კეთებისა თუ სხვა თვალსაზრისით. ჩვენი მიზანია, ხელმისაწვდომი პირობები შევუქმნათ ჩვენს მოქალაქეებს ქვეყნის ნებისმიერ წერტილში”, – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერ-მინისტრმა დიდი მადლობა გადაუხადა ყველა საერთაშორისო და დონორ ორგანიზაციას, ვინც საქართველოს მთავრობას ამ უმნიშვნელოვანეს საქმეში გვერდით უდგას; ასევე -რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს და პირადად მინისტრ ზურაბ ალავიძეს, რომელიც „ძალიან დიდი პასუხისმგებლობით შეუდგა საქმეს და ყველაფერს აკეთებს, რომ ეს ძალიან შრომატევადი სამუშაო შეუფერხებლად და ხარისხიანად შესრულდეს”.

„რას მოუტანს ახალი სივრცითი მოწყობა ჩვენს ქვეყანას, ჩვენს მოსახლეობას? – ახალ გზებს, მაგისტრალებს, ახალ აეროპორტებს, პორტს, ხიდებს, გვირაბებს, ჩვენი ქვეყნის სრულიად ახალ შესაძლებლობებს. ეს მოგვიტანს ახალ 40 000 სამუშაო ადგილს! მეტ დასაქმებულს, მეტ შემოსავალს, უფრო ძლიერ და ეკონომიკურად განვითარებულ ქვეყანას! ვფიქრობ, წარმოდგენილი დეტალური გეგმა ძალიან საინტერესო და იმედისმომცემი იქნება ჩვენი ხალხისთვის, ჩვენი თითოეული მოქალაქისთვის, რადგან პროექტები აბსოლუტური სიზუსტით არის გათვლილი და დროშია გაწერილი”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დაგეგმილი პროექტების შესახებ დეტალურ პრეზენტაციაზე ისაუბრა. ღონისძიებას საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ.

პრეზენტაციის შემდეგ, პრემიერ-მინისტრმა სტრატეგიული გეგმა კიდევ ერთხელ, ჟურნალისტებთან საუბრისას შეაფასა და აღნიშნა, რომ პროექტების განხორციელების შედეგად, ფიზიკურად, თვისობრივად, ხარისხობრივად შეიცვლება საქართველოს ყველა წერტილში სერვისების ხელმისაწვდომობა და ყველა რეგიონი ერთმანეთს დაუკავშირდება.

„შედეგად, უპირველეს ყოვლისა, ჩვენი მოქალაქეების ცხოვრების ხარისხი მნიშვნელოვნად გაიზრდება, შეიქმნება 40 ათასზე მეტი სამუშაო ადგილი ადგილობრივად და საქართველო სრულად განახორციელებს იმ გეოსტრატეგიულ სატრანზიტო ფუნქციას, რომელიც ჩვენ გვაქვს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გარღვევა ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში, თვისობრივი, ხარისხობრივი ცვლილება ჩვენი მოქალაქეების ცხოვრების დონის გაუმჯობესების კუთხით. ვფიქრობ, ასეთი მასშტაბური, დეტალებში გაწერილი და ერთიან კონტექსტში ჩასმული გეგმა საქართველოს ისტორიაში არ ჰქონია. ამ გეგმის განხორციელება ჩვენი ვალია, რათა ჩვენი მომავალი თაობებისთვის შევქმნათ სრულიად ახალი ტიპის ცხოვრების პირობები და პერსპექტივა, ჩვენს ქვეყანაში განვითარებისთვის”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

 

კომენტარები გამორთულია